Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვას დავიწყებთ სტატიებით, რომლებიც აშუქებს აშშ-ში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიას.

ნიდერლანდის გამოცემა „დე ტელეგრააფი“ ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, ქებას ვლადიმირ პუტინის მისამართით. 7 სექტემბერს ტრამპმა პუტინი „ძლიერ ლიდერად“ მოიხსენია და გაიმეორა ადრე გაკეთებული განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „ძალიან კარგი ურთიერთობა ექნებოდა“ პუტინთან. „დე ტელეგრააფი“ წერს: „საიდუმლო არ არის ის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს ანიჭებს უპირატესობას (აშშ-ის) პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. რუსეთში პატივს სცემენ და უყვართ მაჩოები. და ტრამპი, თავისი პოლიტიკურად არაკორექტული გამონათქვამებით, ნამდვილი მაჩოა, ხოლო რუსეთში საპარლამენტო არჩევნებამდე 10 დღით ადრე ტრამპის მიერ პუტინის შექება კრემლისთვის ძალიან ხელსაყრელია. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაში ტრამპზე საუბრისას კეთილგანწყობა იგრძნობა ხოლმე, მაშინ როცა ობამას მუდამ კარიკატურასავით წარმოსახავენ. არასოდეს ისმის მისი ხმა, ყოველთვის რუსულად მთარგმნელის ხმა ახლავს, როგორც რუსეთის მარადიულ ფარისეველ მტერს. დონალდ ტრამპი - ყოველ შემთხვევაში, დროებით - პოტენციური მეგობარია“.

შვეიცარიის გერმანულენოვანი გამოცემა „ნოიე ციურხერ ცაიტუნგში“ კი ვკითხულობთ: „ტრამპი აღიარებს, რომ ფულს იხდის პოლიტიკოსებზე გავლენის მოსაპოვებლად. „როცა, როგორც ბიზნესმენი და ხელგაშლილი დონორი, ფულს აძლევ, დიახაც, ყველაფერს აკეთებენ, რასაც მოსთხოვო“, ტრაბახობდა ტრამპი ერთ-ერთ ინტერვიუში და რესპუბლიკელების ერთ-ერთ ტელედუელში (...) არადა, ზოგადი სურათი ისე ჩანს, თითქოს ჰილარი კლინტონს ჰქონდეს კორუფციასთან კავშირი, ხოლო დონალდ ტრამპი ერთი მოფანატიკოსო, უცნაური აუტსაიდერი იყოს“.

ახლა სხვა თემა. ოთხშაბათს, 7 სექტემბერს, რიო-დე-ჟანეიროში სტარტი აიღო ზაფხულის პარალიმპიურმა თამაშებმა, 160 ქვეყნის წარმომადგენელი 4 000-ზე მეტი ათლეტის მონაწილეობით. მათ შორის არ არიან რუსი პარალიმპიელი სპორტსმენები, რადგან საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის მთელი გუნდის დისკვალიფიკაცია მოახდინა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ გამოააშკარავა რუსეთში სახელმწიფოს ხელშეწყობით მოქმედი დოპინგის სისტემა. 7 სექტემბერს ბევრის ყურადღება მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ რიოში პარალიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას არ დასწრებია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი. აი, როგორ აფასებს ამ ფაქტს გერმანიის გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ გამოქვეყნებული წერილის ავტორი: „28 წელი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ყოველთვის ესწრებოდა პარალიმპიური თამაშების გახსნას. ხუან ანტონიო სამარანჩისა და ჟაკ როგესათვის თავისთავად ცხადი იყო დასწრების აუცილებლობა. თომას ბახის წინამორბედები ბევრ რამეში შეიძლება დაადანაშაულო, (...) მაგრამ პარალიმპიელებს ისინი სათანადო პატივისცემით ექცეოდნენ. თომას ბახი ამას არ აკეთებს. ის პარალიმპიური თამაშების გახსნას არ დაესწრო იმ მიზეზით, რომ (გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის) ვალტერ შელის დაკრძალვაზე უნდა ჩასულიყო. (...) სხვათა შორის, ორ-ნახევარი წლის წინ თომას ბახი დაესწრო სოჭში პარალიმპიური თამაშების გახსნას, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინს მანამდე სულ ორი კვირით ადრე, სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, უკრაინისათვის ყირიმი ჰქონდა გამოგლეჯილი“.

ბოლოს გაგაცნობთ გამოხმაურებას, რომელიც უცხოეთის პრესაში მოჰყვა კათოლიკე მონაზვნის, მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ქველმოქმედის, დედა ტერეზას წმინდანად შერაცხვას. ვატიკანში 4 სექტემბერს გაიმართა წმინდანად შერაცხვის ცერემონია, რის შემდეგაც ბრაზილიის გაზეთ „ო პოვო“ წერდა: „კალკუტელი დედა ტერეზა უდავოდ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კათოლიკე მოღვაწე. წმინდანად შერაცხვა 19 წლის შემდეგ მოჰყვა მონაზვნის გარდაცვალებას - მონაზვნისა, რომელსაც ჯერ კიდევ 1979 წელს მიენიჭა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კალკუტის ღატაკთა უბნებში გაწეული საქმიანობისათვის. მაგრამ დედა ტერეზა სიცოცხლეშივე გახდა კრიტიკის ობიექტიც. მას საყვედურობდნენ, რომ დიქტატორებთან მეგობრობდა, ზოგი მას „ჯოჯოხეთის ანგელოზსაც“ კი უწოდებდა, მაგრამ კათოლიკური ეკლესია ყოველთვის უარყოფდა ამ ბრალდებებს და წმინდანად შერაცხვით მათ გასცა ისეთი მკაფიო პასუხი, როგორიც კი შესაძლებელი იყო,“ - ვკითხულობთ ბრაზილიის გაზეთში, რომელიც დედა ტერეზას მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებაზეც ამახვილებს ყურადღებას - ეს მაშინ, როცა კათოლიკეები ბრაზილიაში მოსახლეობის უმრავლესობას, 65-მდე პროცენტს, შეადგენენ.

უფრო ლმობიერია გერმანიაში გამომავალი გაზეთი „პასაუერ ნოიე პრესე“: „დედა ტერეზა ჩვენი ეპოქისთვის იდეალურ წმინდანად გამოდგება, რადგან მის მიმართ პატივისცემით არიან განმსჭვალული ღვთისმოსავი კათოლიკეებიც და ეკლესიის კრიტიკულად განწყობილი წევრებიც და თან, შესაძლებელია, სხვა კონფესიების, რელიგიებისა და სააზროვნო ტრადიციების მიმდევრებისთვისაც გასაგები გახადო, რატომ სცემ მას პატივს. ის ნამდვილი კათოლიკეა და, ამავე დროს, აქტიური ჰუმანისტი, რომელიც კეთილი ნების ყველა ადამიანს მოუწოდებს საქმე ერთად აკეთონ. წმინდა დედა ტერეზას სახით კათოლიკე ეკლესია ხელს უწვდის ყველას, ვისაც სხვების დახმარება სურს და ვისაც დახმარება სჭირდება“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG