Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირის დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო ჰაკერული თავდასხმა მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს კომპიუტერულ ბაზაზე, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები, სტალინიზმის აღორძინება რუსეთში და ქსენოფობიური განწყობების ზრდა ევროკავშირში.

„ცივი ომი დასრულდა. კიბერომი დაიწყო“, - კვირის ბოლოს ასეთი სათაურით გამოქვეყნდა ანალიტიკური მასალა „ვაშინგტონ პოსტში“, რომლის ავტორი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონმა სასწრაფოდ უნდა უპასუხოს რუსი ჰაკერების ასეთ იერიშებს, რაც საფრთხეს უქმნის ამერიკის დემოკრატიას და მის იმიჯს. სტატიაშ ჩამოთვლილია რუსეთის ჰაკერული თავდასხმების რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა, მათ შორის დასახელებულია ამერიკის დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის ელექტრონული ფოსტის გატეხა, რამაც დიდი დარტყმა მიაყენა ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო კამპანიას. მედიაში გაჟონილი იმეილებით ირკვეოდა, რომ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობა ცდილობდა ძირი გამოეთხარა სანდერსის წინასაარჩევნო კამპანიისათვის მის ათეისტობაზე ყურადღების გადატანით და პოლიტიკოსის ებრაული წარმომავლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით.

გასულ კვირაში კი, 15 სექტემბერს, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) განაცხადა, რომ რუსულმა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც „ელეგანტური დათვების“ (Fancy Bears) სახელით არის ცნობილი, ახალი კონფიდენციალური მონაცემები გამოაქვეყნა ათობით სპორტსმენზე, რომელთა დოპინგზე შემოწმებამ პოზიტიური შედეგი აჩვენა. ჰაკერებმა შეძლეს შეეღწიათ ანტისადოპინგო სააგენტოს კონფიდენციალურ მონაცემთა ბაზაში, სადაც თავმოყრილია იმ სპორტსმენთა მონაცემები, რომლებიც „თერაპიული მიზნით იყენებენ“ სხვა შემთხვევაში აკრძალულ საშუალებებს. ათლეტთა ოცდახუთკაციან სიაში ყველაზე მეტი - ათი სპორტსმენი - აღმოჩნდა აშშ-იდან, ხუთ-ხუთი - გერმანიიდან და ბრიტანეთიდან, თითო-თითო ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, პოლონეთისა და რუსეთის წარმომადგენელია. რუსული ჰაკერული ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, შემოწმების შედეგად სპორტსმენების სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოჩნდა. ჰაკერებს ამ მონაცემების გამოქვეყნებით სურთ აჩვენონ, რომ სააგენტოს მიერ ნებადართული თერაპიული პრეპარატები, რითაც ყველაზე ხშირად სწორედ ამერიკელი ათლეტები სარგებლობენ, რუსი სპორტსმენების მიერ გამოყენებული დოპინგის მსგავსია, წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

„რუსეთი გაჯავრებულია. იგი საკუთარ თავს დაზარალებულ მხარედ მიიჩნევს. აშშ, რუსეთის ხელისუფლების აზრით, რუსეთის პოლიტიკის დესტაბილიზაციას ახდენს იმით, რომ მხარს უჭერს იმ პროდემოკრატიულ ჯგუფებს ქვეყანაში, რომლებიც პრობლემებს უქმნიან ვლადიმირ პუტინის ავტორიტარულ მმართველობას. ამერიკელთა აზრით, ასეთი აქციები სიტყვის თავისუფლებისა და სხვა უნივერსალური ადამიანის უფლებების დაცვის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ პარანოიდული და ძალაუფლებას დახარბებული კრემლისათვის ეს აშშ-ის მიერ წარმოებული საინფორმაციო ოპერაციებია. რუსეთის ხელისუფლება უარყოფს აშშ-ის შიდა პოლიტიკაში ჩარევას, მაგრამ კრემლის წარმომადგენელთა ზოგიერთი კომენტარი ცხადყოფს, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციის ასეთ დუელში პირველი გასროლა სწორედ აშშ-ის იყო“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“, რომელიც მიიჩნევს, რომ ობამას ადმინისტრაციამ, რუსეთის პასუხად, „კიდევ უფრო მეტად უნდა გააძლიეროს ღია საზოგადოება, დაასახელოს დამნაშავეები და უთხრას ამერიკელ ხალხს, თუ რა ხდება სინამდვილეში. ბატონმა ობამამ უნდა მოამზადოს, ასევე, ახალი ეკონომიკური სანქციები რუსეთის იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც ბოროტმოქმედი კიბერთავდამსხმელების უკან დგანან. თუ ბატონი პუტინი ფიქრობს, რომ ეჭვებისა და წყვდიადის შექმნით დააღწევს თავს პასუხისმგებლობას, ყველაზე უკეთესი პასუხი ასეთ შემთხვევაში მისი ბინძური ხრიკების გამოაშკარავება იქნებოდა“, წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

„ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია კი რუსეთში კომუნიზმისა და სტალინიზმის აღორძინებას შეეხება. სტატიის დასაწყისში ირონიით არის საუბარი იმაზე, თუ როგორ ცდილობენ რუსი კომუნისტები წინასაარჩევნო პერიოდში, ამომრჩევლებზე ზემოქმედების მიზნით, კვლავ გამოიყენონ სოციალიზმის ლიდერების გათანამედროვებული სურათები. სარეკლამო მასალებში შეხვდებით ჯინსში გამოწყობილ ლენინს, ძველბიჭური ქუდით, ახალგაზრდა ლეპტოპიანი გოგოთი გვერდდამშვენებულს. სხვაგან დაინახავთ, ტყავის ქურთუკში და „კაპიტალის“ გამოცემით ხელში, კარლ მარქსს, რომელიც წარმოთქვამს შვარცენეგერის სიტყვებს: „მე დავბრუნდები“.

„რუსეთის მოქალაქეთა ნახევარზე მეტს დღეს სჯერა, რომ სტალინმა „ძირითადად პოზიტიური“ როლი შეასრულა ამ სახელმწიფოს ცხოვრებაში. სტალინის განდიდება მყარად იზრდება უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში, ხოლო მის მიერ შექმნილ იმ სისასტიკესა და პარანოიას, რასაც მისი მმართველობის დროს მილიონობით ადამიანი შეეწირა, იშვიათად ახსენებენ. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტალინს ადარებს „ცბიერ“ ოლივერ კრომველს და ხმამაღლა ლაპარაკობს მის როლზე მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის მიერ მოპოვებულ გამარჯვებაში, ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლას „გეოპოლიტიკურ კატასტროფას“ უწოდებს“, წერს „ტაიმსი“.

ევროპის მორალურ ავტორიტეტზე წერდა მიმდინარე კვირაში „ნიუ-იორკ ტაიმსი“, რომელსაც მხედველობაში აქვს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ფეხმოკიდებული ნაციონალიზმი, ქსენოფობია და შეუწყნარებლობა, რამაც იმიგრანტთა პრობლემის მიმართ იჩინა თავი. „ივლისის თვეში აშშ-ში მდებარე „პიუს კვლევითმა ცენტრმა“ ჩაატარა გამოკითხვა ევროპის 10 ქვეყანაში იმის დასადგენად, თუ როგორ აერთიანებთ მათ ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული შეშფოთება. მთლიანობაში, გამოკითხულთა 59 % მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან დევნილები, დიდი ალბათობით, გააძლიერებენ ტერორისტულ საფრთხეს მათ ქვეყნებში. გამოკითხულთა 50 % მიიჩნევს, რომ მათ ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვებიან დევნილები, რომლებიც ეუფლებიან სამუშაო ადგილებსა და სოციალურ შეღავათებს. საბერძნეთში, სადაც ტერორისტული თავდასხმა ჯერ არ მომხდარა, გამოკითხულთა 55 %- ისათვის მთავარი საფიქრალია ტერორიზმის საფრთხე, 72 % კი შიშობს, რომ დევნილები მძიმე ეკონომიკურ ტვირთად დააწვებიან მათ ქვეყანას. გერმანიაში გამოკითხვამ აჩვენა, რომ დევნილებში ტერორიზმის საფრთხეს ხედავს 61 %, 31 % კი - ეკონომიკურ ტვირთს“. ასეთი სტატისტიკა წერილის ავტორს იმის საილუსტრაციოდ მოჰყავს, თუ როგორ იქცა ერთიანი სავალუტო გაერთიანება და საზღვრების ლიკვიდაცია, ევროკავშირის ეს ორი უმთავრესი მიღწევა, თავად ამ გაერთიანების საფრთხედ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გაიმარჯვეს ბრექსიტის მომხრეებმა, ხოლო მტრული გამოხდომები ჩვეულებრივ ამბად იქცა არა მხოლოდ მედიაში, არამედ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის ურთიერთობაში, დასძენს „ნიუ-იორკ ტაიმსი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG