Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასული კვირის უცხოური პრესა წერდა აშშ-ის წინასაარჩევნო ვითარებაზე, თურქეთში გაზეთის თანამშრომლების დაპატიმრებასა და ასევე ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ.

ჰილარი კლინტონის ელფოსტის გარშემო „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ მიერ ახალი დეტალების გამომზეურების თაობაზე წერდა ბელგიის გაზეთი „ტიდი“, რომ ამით საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო საინტერესო გახდაო. „კანდიდატები მოგზაურობენ ქვეყნის განაპირა შტატებში, სადაც უმრავლესობის მოპოვებას იმედოვნებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფლორიდა. თუ ტრამპი ამ შტატს ვერ მიიმხრობს, მან თეთრი სახლი უნდა დაივიწყოს“. თუმცა, ბელგიური გაზეთის თანახმად, „ბოლო გამოკითხვებით, სულ უფრო რთულდება პროგნოზების გაკეთება“.

მექსიკაში გამომავალი „კრონიკა დე ოის“ აზრით, „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ ქმედება კლინტონის წინააღმდეგ უშუალოდ კენჭისყრის წინ, მის გამარჯვებას იოლად ხელს ვერ შეუშლის. „კრონიკა დე ოის“ თანახმად, დემოკრატების ბანაკში საზრუნავს ის აჩენს, რომ კიდევ უფრო ძნელი ხდება მიიმხროს ჰილარი კლინტონმა ის ამომრჩეველი, რომელსაც პოზიცია არ აქვს ან დამოუკიდებელია. კლინტონმა რომც გაიმარჯვოს, შიშობს მექსიკის გაზეთი, ტრამპმა შეიძლება არ აღიაროს მარცხი და მისი მომხრეები ქუჩაში გავიდნენ, სულაც ძალადობაზე გადავიდნენ.

გაზეთი „ლიბერასიონი“ თვლის, რომ იმ კვირაში არა მხოლოდ კენჭისყრის შედეგები გვეცოდინება, არამედ ისიც, თუ როგორი კვალი დააჩნია ამერიკის საზოგადოებას ძალმომრეობითმა საარჩევნო კამპანიამ და იმის შეფასების შესაძლებლობა მოგვეცემა, რა მდგომარეობაშია აშშ-ის დემოკრატია.

თურქეთში გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ თანამშრომლების დაპატიმრებას გამოეხმაურა უცხოეთის პრესა. თვითონ გაზეთს ასეთი რეაქცია ჰქონდა: მან გამოაქვეყნა მოწინავე სტატია, რომლის ავტორი ემიგრაციაში მყოფი ყოფილი მთავარი რედაქტორი, დიუნდარია: „თურქეთში მბრძანებლებს არ სურთ კრიტიკის მოსმენა, არ სურთ მათი ხილვა, ვინც მათ პოლიტიკას უარყოფს და არ სურთ არსებობდნენ ის ადამიანები, ვინც მათ ერთ მშვენიერ დღეს პასუხს მოსთხოვს. მათ სურთ ყოველგვარი კრიტიკის ჩახშობა, რომელიც გზას გადაუღობავს საპრეზიდენტო სისტემას", – წერს გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორი თურქეთის ხელისუფლებაზე და განაგრძობს იქვე – "მათ არ სურთ იმის აღიარება, რომ „ჯუმჰურიეთი“ არ დანებდება, მაგრამ ჩვენ არ გავჩუმდებითო".

„ვაშინგტონ პოსტის“ აზრით, პრეზიდენტი ერდოანი თურქეთში ქმნის ისეთ ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც მის პირად ძალაუფლებას მოერგება. კრიტიკულ მედიას ჩაანაცვლებენ მორჩილი ორგანოებით, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ახშობენ, ათასობით მეცნიერი სამსახურებიდან დაითხოვეს პროცესის გარეშე. აშშ და ევროპა ამ ყველაფრის მიმართ ზედმეტად მშვიდად არიან. ლტოლვილთა ტალღამ და „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებთან ბრძოლაში თანამშრომლობამაც არ უნდა შეუშალოს ხელი აშშ-ს, ალაპარაკდეს აზრის გამოხატვის თავისუფლების ჩახშობაზე, წერს „ვაშინგტონ პოსტი“. „ხშირად, როცა საქმე ჩინეთს ან რუსეთს ეხება, საუბრობენ „უნივერსალურ ფასეულობებზე“, განაგრძობს გაზეთი, მაგრამ „ისინი არანაკლებ უნივერსალურია, როცა თურქეთში ითელებიან ფეხით“.

ამ კვირის ბოლოს ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბრიტანეთის პარლამენტის თანხმობაა საჭირო ევროკავშირის დატოვების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის. გერმანიაში, მიუნხენში გამომავალი გაზეთი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს: „პრემიერ-მინისტრი მეი ევროპის კავშირისგან მძაფრ ჩამოშორებას ესწრაფვის. ის მიგრაციას გააკონტროლებს და, სამაგიეროდ, ეგუება იმას, რომ ბრიტანეთის ფირმებს საკუთრივ კონტინეტზე საქმიანობა გაურთულდებათ. ევროპის მიმართ კეთილად განწყობილი კანონმდებლები, პირიქით, მეტ დათმობას ითხოვენ. მათ ახლა მოსამართლეთა გადაწყვეტილება გულს უმაგრებს. ამიტომ არის, გაზეთის აზრით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დემოკრატიისთვის კარგი და სასიკეთო ევროკავშირთან ბრიტანელების ურთიერთობისთვის“.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში გამომავალი გაზეთი, „ბერლინერ ცაიტუნგი“, დარწმუნებით წერს: „დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს. ამაში ეჭვის შეტანა, თვით სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ნიშნავს სასურველი სინამდვილედ მოგვეჩვენოს. ეს მკაცრი განაჩენი მეისა და მისი გუნდისთვის უფრო გულმოდგინე შრომას და მეტ რეალიზმს უნდა ნიშნავდეს. ეს თუ ასეა, უზენაესმა მოსამართლეებმა ქვეყანას დიდი სამსახური გაუწიეს“.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG