Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესა განვლილი კვირის განმავლობაშიც არაერთ საყურადღებო თემას აშუქებდა. დღეისთვის სამი ასეთი თემა და მათზე გამოხმაურება შევარჩიეთ. უცხოეთის პრესის მიმოხილვა იწყება სტატიით, რომელიც ეხება რუსეთის ციხიდან 25 მაისს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს, გამოშვებას.

„ნადია სავჩენკო - დონბასის ომის, ალბათ, ყველაზე ცნობილი პატიმარი - სამშობლოში დაბრუნდა“, წერს პოლონეთის გაზეთი „ჟეჩპოსპოლიტა“ და განაგრძობს: „ამით კრემლი პირველად წავიდა დათმობაზე უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ. მაგრამ რისთვის გაათავისუფლა პრეზიდენტმა პუტინმა სავჩენკო? შესაძლოა, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა უკომპრომისობა, რომელიც უკრაინელმა მფრინავმა გამოიჩინა, როცა არ შეეპუა რუსეთის ხელისუფლებას. თავისი პოზიციის დასაცავად ის ყველაფრისთვის მზად იყო, შიმშილით სიკვდილისთვისაც კი! და დასავლელი პოლიტიკოსებიც ერთხმად მოითხოვდნენ მფრინავის გათავისუფლებას. ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ღირს ერთად ზეწოლა მოსკოვზე“, - ვკითხულობთ პოლონეთის გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“.

ხოლო გერმანიის ყოველდღიური „ველტი“ წერს: „სავჩენკოს პატიმრობა და გაცვლა სიმბოლურია ამ ომისათვის, რომელთანაც რუსეთს, მისი მტკიცებით, საერთო არაფერი აქვს. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში დააკავეს, უკანონოდ გადაიყვანეს საზღვარზე და საჩვენებელ სასამართლო პროცესში 22 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. რუსეთის მედია მას ლამის მკვლელ რობოტად წარმოსახავდა. მტრის ციხეში ორი წლის ყოფნის შემდეგ, ახლა სავჩენკოს სამშობლოში ზეიმით ხვდებიან, როგორც ეროვნულ გმირსა და წამებულს“, - წერს ნადია სავჩენკოს სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით „ველტი“.

უკრაინელი მფრინავის რუსეთის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მკითხველს ატყობინებს ლონდონის გაზეთი „ტაიმსიც“. „სავჩენკო გულანთებული ნაციონალისტია და ხმამაღლა გამოთქვამს უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთთან დათმობაზე წასვლის მიმართ. მისი პოპულარობა კი, შესაძლოა, დაბრკოლება გახდეს პრეზიდენტ პოროშენკოს მთავრობისათვის, რომელიც ცდილობს შეასრულოს დასავლელი მხარდამჭერების მოთხოვნა და ითანამშრომლოს მეამბოხეების ძალებთან დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩასატარებლად“, წერს „ტაიმსი“, გაზეთი, რომელსაც 230-წლიანი ისტორია აქვს...

ახლა სხვა თემა და სხვა გაზეთი. 23 მაისს ავსტრიაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომლის შედეგსაც შიშით და ინტერესით მოელოდნენ როგორც საკუთრივ ავსტრიაში, ისე მის საზღვრებს მიღმაც, რადგან გამარჯვების ძალიან რეალური შანსი ჰქონდა ულტრამემარჯვენე კანდიდატს, ნორბერტ ჰოფერს. გამარჯვების შემთხვევაში, ის გახდებოდა პირველი ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. მაგრამ ნორბერტ ჰოფერი მცირე უპირატესობით დაამარცხა კონკურენტმა - მწვანეთა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ და ეკონომიკის პროფესორმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა. ავსტრიაში არჩევნების ამ შედეგთან დაკავშირებით ვენის გაზეთი „შტანდარდი“ წერს: „მწვავე დაპირისპირების მიუხედავად, ვერ იტყვი, რომ ქვეყანა განხეთქილებით არის მოცული - ის პოლიტიზებულია. მწვანეთა წარმომადგენელი პოლიტიკოსის ვან დერ ბელენის ამომრჩეველთა უმრავლესობისათვის მთავარი მოტივი იყო უარყოფითი სიგნალის გაგზავნა ულტრამემარჯვენეებისათვის. ბევრმა ვან დერ ბელენის მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, არამედ ხმა მისცა ნორბერტ ჰოფერის წინააღმდეგ. გასულ კვირებში ავსტრიაში გაიზარდა პოლიტიკის მიმართ ინტერესი. ეს არის პოზიტიური ფაქტი, რომლის გავლენაც არჩევნების შემდეგაც იმოქმედებს“, წერს ვენის „შტანდარდი“ ავსტრიაში ახალი პრეზიდენტის არჩევაზე გამოხმაურებისას.

ავსტრიიდან, ევროპიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, იაპონიაში, 26 მაისს „დიდი შვიდეულის“ ორდღიანი სამიტი დაიწყო, რომელთან დაკავშირებითაც გაზეთი „ჩუნიჩი შიმბუნი“ აღნიშნავს, რომ „წინათ „დიდი შვიდეულის“ სამიტები სამი დღე გრძელდებოდა ხოლმე, ახლა - სულ ორი დღე. თემები და ამოცანები მაინც მრავალფეროვანია“. ამის გამო მონაწილეებმა საკითხები უფრო ინტენსიურად და პრაგმატულად უნდა განიხილონო, აღნიშნავს იაპონიის ამ გაზეთში გამოქვეყნებული კომენტარის ავტორი. ხოლო შვედეთში გამომავალ „დაგენს ნიჰეტერში“ ვკითხულობთ: „’დიდი შვიდეულის’ შეხვედრებზე, უმეტეს შემთხვევაში, ისმის ხოლმე მოვალეობის მოსახდელი სტერეოტიპული განცხადებები გლობალურ ეკონომიკაზე და ეს შეხვედრები იშვიათად შედის ისტორიაში თავისი შედეგებით. მაგრამ იაპონიაში შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სხვა წამყვანი პოლიტიკოსების ამჟამინდელი ვიზიტი განსხვავებული განწყობით გამოირჩევა. ეს ჩანს თუნდაც იმით, რომ სამიტის დაწყებამდე მისმა მონაწილეებმა სალოცავი მოინახულეს (... ) და ისტორიულია ჰიროსიმაში ბარაკ ობამას ვიზიტიც: აქამდე არასდროს ყოფილა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ქალაქში, რომელზეც 1945 წელს პირველი ატომური ბომბი ჩამოაგდეს“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG