Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


გასულ კვირაში უცხოეთის გაზეთების მთავარ თემად რჩებოდა აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა სხვადასხვა კონტექსტში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სასამართლოს კრიტიკას ეხება „ნიუ იორკ ტაიმსი“ და წერს აშშ-ის პრეზიდენტზე, კანდიდატობისას სასამართლო სისტემის მიმართ მისი შეტევა აღმაშფოთებელი იყო, ახლა კი პრეზიდენტის მხრიდან ისეთივე შეტევა უკვე მუქარაა სამართლებრივი სახელმწიფოსთვისო. გაზეთი განაგრძობს: „თუ მოსამართლეები ტრამპის აზრისა არ იქნებიან, მისი და, ალბათ, „ტვიტერში“ მისივე მილიონობით მიმდევრის მრისხანება დაატყდებათ თავს. მისი იერიში სასამართლო სისტემის წინააღმდეგ კიდევ უფრო სახიფათო ხდება მედიის დაშინებით. ასეთ ფონზე ჩანს, კონგრესი არ მოქმედებს, რათა ტრამპს ანგარიში მოსთხოვოს, წერს „ნიუ იორკ ტაიმსი“. „ვაშინგტონ პოსტი“ ირონიულ შეკითხვას სვამს: „ნუთუ ეს საუკეთესო ორი კვირა იყო რესპუბლიკელებისთვის გასულ ათ წელიწადში? სად არის რესპუბლიკელების ის წითელი ზოლი, როცა საქმე ტრამპს ეხება? მართვის მისეული სტილი ნამდვილი გამოწვევა შეიძლება აღმოჩნდეს აშშ-ის ინსტიტუტებისთვის“. მაგალითად, ნათქვამია გაზეთში, წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, პოლ რაიანს, ტრამპმა კორუმპირებული და უუნარო უწოდა. სასამართლოებს, რომლებიც მის წინააღმდეგ მოქმედებენ, „ბოროტად“ მოიხსენიებს. ტრამპი ფიქრობს, რომ მედია სჭირდება, პოლიტიკური ისტებლიშმენტი კი - არა. ერთადერთი, რასაც პოლიტიკაში, მისი აზრით, ფასი აქვს, ესაა ხალხი და მისი ლიდერი და ლიდერის პასუხიმგებლობაა ხალხის ინტერესების ინტერპრეტირება, წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

10 თებერვალს აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში შვიდი - უპირატესად მაჰმადიანური - ქვეყნის მოქალაქეთა 90 დღის განმავლობაში შესვლის აკრძალვის კვლავ აღდგენას უარი ეთქვას. „სან ფრანცისკო ქრონიკლი“ წერდა“: განაჩენი იყო ერთხმად მიღებული და დასაბუთება - არაორაზროვანი. მთავრობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ამ შვიდი მაჰმადიანური ქვეყნიდან ვინმე აშშ-ში ტერორისტიულ თავდასხმა აპირებდა. გაზეთის თანახმად, ტრამპის განკარგულება მართლაც ეწინააღმდეგება აშშ-ის ფასეულობებს, რომ რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაცია დაუშვებელია და ლტოლვილები, რომლებიც ძალადობას და რეპრესიას გამოექცნენ, ხელგაშლით უნდა იქნენ მიღებული. აშშ-ის პრეზიდენტი მეფე არ არის და მისი განკარგულებები სამართლებრივ სახელმწიფოებრიობას ექვემდებარება, როგორც ეს ამერიკის კონსტიტუციის ყველა მცოდნეს მოეხსენებაო, წერს „სან ფრანცისკო ქრონიკლი“.

გასულ კვირაში პოლონეთს სტუმრობდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომლის ვიზიტთან დაკავშირებით „გაზეტა ვიბორჩა“ წერდა: ყველა პოლონელისთვის მნიშვნელოვანია ამ მღელვარე დროში არ დაკარგოს ისეთი ფასეული მეგობრები და პარტნიორები, როგორიც არის ანგელა მერკელი. გულახდილები უნდა ვიყოთ - პოლონეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა არ არის საუკეთესო. უკრაინაში ომი გრძელდება და არ ვიცით, წამოიწყებს თუ არა რუსული აგრესია შემდგომ იერიშს. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ჯერჯერობით შემაშფოთებელ სიგნალს გზავნის. ამიტომ არის ევროპაში სტაბილურობის ერთადერთ გარანტ გერმანიასთან პარტნიორობა პოლონეთის ინტერესებში. თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ლტოლვილთა და ევროკავშირის მომავლის საკითხში დიდია, წერს პოლონური გაზეთი. მისი მეზობელი ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში გამომავალი „ლიდოვე ნოვინი“ ამტკიცებს, რომ პოლონეთი გერმანიის საწინააღმდეგო პოლუსია იდეოლოგიური თვალსაზრისით. პოლონეთი ლიბერალური დემოკრატიისთვის ზურგის შექცევისა და ისეთი ნაციონალური ფასეულობებისკენ სვლის განსახიერებაა, რომელთაც რეაქციულიც კი შეიძლება ვუწოდოთ. გაზეთი წერს, ამ ფასეულობების წარმომადგენელი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიაო. ამ დროს კი გერმანია ლამის მიამიტურად ღიაა მაჰმადიანებისთვის. როგორ გახდა შესაძლებელი, რომ მერკელი ხვდება პოლონეთის მთავრობის მეთაურს, შიბლოს, და ნაციონალ-კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეს, კაჩინსკის? სავარაუდოდ, ეს ტრამპის პოლიტიკურ კურსს უკავშირდებაო, ფიქრობს გაზეთი და აცხადებს, აშშ აღარ გრძნობს თავს ვალდებულად ევროპის უსაფრთხოებისთვის იზრუნოსო.

  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG