Accessibility links

ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებაში წყლის მიწოდების აღდგენა კვლავ პრობლემად რჩება


დევნილთა დასახლება ზუგდიდში

დევნილთა დასახლება ზუგდიდში

ზუგდიდის ახალი უბნის მცხოვრებლები წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვენ. დევნილთა დასახლებაში, სადაც წყლის დაბინძურების შედეგად 7 აპრილიდან რამდენიმე დღის განმავლობაში 111 პირი მოიწამლა, პრობლემა ამ დრომდე არ არის მოგვარებული.

ახალ უბანში მცხოვრები ინეზა ფარულავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სუფთა წყალი ავზებით მიაქვთ, არსებობისთვის საკმარისი არ არის:

„წყალი უვარგისია. ბოლოს და ბოლოს, მოძებნონ რამე ალტერნატივა. კი შემოაქვთ წყალი, მაგრამ რამდენი ხანი უნდა ვათრიოთ მეოთხე სართულზე, როგორ უნდა აიტანო მთელი ოჯახის სამყოფი წყალი“.

„აგერ კანალიზაციაა, აგერ - წყალი. რა უნდა კანალიზაციასთან წყალს?! ეს გააკეთონ, როგორც საჭიროა, ისე. ჩვენ ვითხოვთ მარტო წყალს. მეტი სხვა არაფერი არ გვინდა“, - ამბობს, მარინა შამუგია.

თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე:

„ახლა დასკვნის საფუძველზე ამ ხალხს ეუბნებიან, რომ თურმე უნდა გადაადუღონ წყალი და შემდეგ უნდა დალიონ. რა თქმა უნდა, ასე ხალხი ვერ გარისკავს და ეს პანიკას იწვევს ამ ხალხში. ჩვენ მივეცით 15 დღის ვადა დევნილთა სამმართველოს და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ 15 დღის ვადაში ეს პრობლემა ამ დასახლებაში მოგვარდეს, სხვა შემთხვევაში ეს ხალხი აპირებს პერმანენტულ აქციებს და მე აუცილებლად ვიქნები მათთან ერთად“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელმა მანუჩარ ჩილაჩავამ, რომელიც ახალ უბანში მივიდა, მოსახლეობას უთხრა, რომ სამუშაოები უმოკლეს ვადებში დასრულდება და წყლის მიწოდება აღდგება:

„მუნიციპალური განვითარების ფონდთან შეთანხმება მიღწეულია. ფაქტიურად, უმოკლეს ვადებში დაიწყება სამუშაოები. სამუშაოები ითვალისწინებს, რომ დაზიანებული მილები რა არის, ის გამოიცვალოს. პარალელურად ასევე მიმდინარეობს ჭაბურღილზე წვეთოვანის დაყენება, რომელიც გვაჩვენებს, ვარგისია თუ არა და უსაფრთხოა თუ არა მოსახლეობისთვის ეს წყალი“.

ზუგდიდის ახალ უბანში წყლის მიწოდების პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც სუფთა წყლით მოსახლეობა მოიწამლა. პირველი შემთხვევა 7 აპრილს დაფიქსირდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, სულ 111 მცხოვრები დაავადდა.

ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ახალი უბნიდან მისული პაციენტები მიღებიდან სამ დღეში გაწერეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG