Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება თებერვლის ბოლოდან


ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომავალ კვირაში უყრიან კენჭს ე. წ. „შეჩერების მექანიზმს“, რაც საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების აუცილებელ წინაპირობად განიხილება. ტრიალოგის ფორმატში შეთანხმების შემდეგ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხიც ასევე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს. ოპტიმალური გათვლით, ეს პროცესი იანვარში დაგვირგვინდება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება თებერვლის ბოლოდან.

„შედეგი თითქმის მიღწეულია. შეჩერების მექანიზმის განხილვა დასრულდა. ახლა უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლისთვის ბოლო ნაბიჯების ჯერია“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, რომელმაც თავისი მოსაზრება 8 დეკემბერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ქართულ ენაზე ჩამოაყალიბა. მართალია, ქართულად არა, მაგრამ მანამდეც არაერთხელ თქმულა ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რომ „შეჩერების მექანიზმის“ გარშემო მიღწეული შეთანხმება პრაქტიკულად აღარ ტოვებს დაბრკოლებებს სავიზო ლიბერალიზაციის გზაზე და რომ პროცესი მაქსიმალურად სწრაფად უნდა დასრულდეს.

გადმოწერა

37 ხმით 9-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით დამტკიცდა „შეჩერების მექანიზმი“ ხუთშაბათს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) სხდომაზე. ეს იყო პროცედურული გაგრძელება იმ ყველაზე მთავარი მოვლენისა, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს მოხდა - როდესაც, რამდენიმეთვიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკომისიამ, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა ტრიალოგის ფორმატში მიაღწიეს ძირითად შეთანხმებას „შეჩერების მექანიზმის“ კომპრომისულ ვარიანტთან დაკავშირებით. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, „შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება რომელიმე მიმღებ ქვეყანას ევროკავშირში, ასევე დიდი რაოდენობის ადამიანი მოითხოვს თავშესაფარს ანდა უკანონო ქმედებებით შეაწუხებს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას. ტრიალოგის კომპრომისული ვარიანტის თანახმად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავდაპირველი ხანგრძლივობა 9 თვე იქნება.

ალბათ, მომავალ კვირაში სტრასბურგში ჩატარდება კენჭისყრა „შეჩერების მექანიზმზე“ და ასევე - გაიმართება ჩვენი ტრიალოგი - ეს რეალურია. მაგრამ ჩვენი საკითხის კენჭისყრაზე გატანა მომავალ კვირაში ძალიან რთულია, რადგანაც ტრიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს...
ნატალი საბანაძე

ევროკავშირის ინსტიტუტების შეთანხმებას დიდი კმაყოფილებით შეხვდა საქართველო და, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 8 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, „შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესი ქმნის საფუძველს იმისათვის, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომი საკანონმდებლო პროცედურები შეუფერხებლად გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში დასრულდება“. საგარეო უწყება თვლის, რომ ბოლო დღეებში ევროკავშირმა თავისი მტკიცე ნება გამოავლინა:

„მივესალმებით შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მიღწეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ინსტიტუტების ნებას საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველო უკვე ძალიან ახლოსაა საბოლოო მიზანთან და მოკლე დროში საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით, რაც პირველი ყველაზე ხელშესახები შედეგი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.

კითხვაზე, თუ კონკრეტულად როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობას, ზუსტი პასუხი არ არსებობს, რადგანაც ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი თარიღის დასახელება. თუმცა დარჩენილი პროცედურების მიხედვით შეგვიძლია ლოგიკურად ვივარაუდოთ, რომ, ეს შესაძლებელი იქნება მომავალი წლის თებერვლის ბოლოდან. მანამდე გადასადგმელია რამდენიმე ნაბიჯი და, როგორც ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა ნატალი საბანაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, პირველ რიგში უნდა გაიმართოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხის შეთანხმება ტრიალოგის ფარგლებში, რაც, დიდი ალბათობით, მხოლოდ ერთ შეხვედრას მოითხოვს:

„სავარაუდოდ, ჩვენი ტრიალოგიც მომავალ კვირაში (12-15 დეკემბერს) გაიმართება სტრასბურგში... ესე იგი, ალბათ, მომავალ კვირაში სტრასბურგში ჩატარდება კენჭისყრა „შეჩერების მექანიზმზე“ და ასევე - გაიმართება ჩვენი ტრიალოგი - ეს რეალურია. მაგრამ ჩვენი საკითხის კენჭისყრაზე გატანა მომავალ კვირაში ძალიან რთულია, რადგანაც ტრიალოგი აუცილებლად უნდა შედგეს (როგორც ეს „შეჩერების მექანიზმის“ შემთხვევაში იყო)... უფრო რეალისტურია, ვიფიქროთ, რომ კენჭისყრა ჩატარდება იანვარში“.

იმავე ხასიათის ინფორმაციას გვაწვდის რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. ის ვარაუდობს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტი საშობაო-საახალწლო არდადეგების შემდეგ, იანვარის შუა რიცხვებში, უყრის კენჭს. როგორც ნატალი საბანაძე განგვიმარტავს, პარლამენტში კენჭისყრის შემდეგ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხი კიდევ ერთ ფორმალურ დადასტურებას მოითხოვს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, რაც, ელჩის აზრით, უპრობლემო პროცედურას წარმოადგენს. ამის შემდეგ სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის ჟურნალში და, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, დოკუმენტი 21-ე დღეს ამოქმედდება. მარტივი დათვლით, დასახელებული პროცედურები დასრულებული უნდა იყოს თებერვლის ბოლოსკენ და, შესაბამისად, ამ დროიდან უნდა გახდეს შესაძლებელი უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

შორენა ლორთქიფანიძე
შორენა ლორთქიფანიძე

„ჩვენ უკვე შეგვიძლია ვუთხრათ ევროსკეპტიკოსებს, რომ უკვე გვაქვს ევროკავშირთან მრავალწლიანი თანამშრომლობის პირველი ხელშესახები შედეგი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი შორენა ლორთქიფანიძე. მას სჯერა, რომ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის - დემოკრატიული ფასეულობების უფრო მტკიცედ გათავისებისა და რუსეთის პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული ანტიევროპული მითების მსხვრევის თვალსაზრისითაც:

„ვფიქრობ, ეს მითები ნელ-ნელა შესუსტდება და დაიმსხვრევა... ნელ-ნელა ანტიდასავლური იდეოლოგია დაკარგავს თავის ძალას... ნებისმიერი გათავისუფლება, თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა წვლილს შეიტანს ქვეყანაში დასავლური დემოკრატიული ღირებულებების მომძლავრების საქმეში და იმაში, რომ, ზოგადად, ჩვენს საზოგადოებას მეტი ნდობა გაუჩნდეს ამ პროცესების მიმართ“.

შორენა ლორთქიფანიძის აზრით, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებსაც. მართალია, მოკლევადიან პერსპექტივაში ანალიტიკოსი ამ მიმართულებით საგრძნობ ძვრებს არ მოელის, მაგრამ მას იმედი აქვს, რომ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, როგორც ძლიერი მოტივატორი, გარკვეულ დადებით შედეგს მოიტანს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG