Accessibility links

logo-print

უზენაეს სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს


ნინო გვენეტაძე

ნინო გვენეტაძე

ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარეა. საქართველოს პარლამენტმა იგი 20 მარტს ერთხმად, 88 ხმით, დაამტკიცა. უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მზადაა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სასამართლო რეფორმის განხორციელებაში და იბრძოლოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის.

მოსამართლის მანტიის ღირსების დაცვა და სასამართლოს წინაშე საზოგადოების დაკარგული ნდობის აღდგენა - ესაა იმ დეკლარირებული მიზნების ნაწილი, რომელზეც ნინო გვენეტაძე პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენიდან დამტკიცებამდე გასული ერთი თვის განმავლობაში გამართულ საჯარო შეხვედრებზე საუბრობდა - მათ შორის, საკომიტეტო განხილვებსა და სამოქალაქო სექტორთან დისკუსიაზე. პარლამენტის მიერ მისი კანდიდატურის მხარდაჭერის ისტორიულ დღეს კი, როგორც თავადვე შეაფასა, ნინო გვენეტაძემ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე, ფიცი დადო:

“ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით, ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად აღვასრულო მოსამართლის მაღალი დანიშნულება“.

დიდი მადლობა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, რომელმაც მოახერხა კონსენსუსის მიღწევა პარლამენტში. ეს მისი დამსახურებაა და არა ჩვენი. და არა მარტო პარლამენტში, არამედ სახელისუფლებო შტოებს შორის...

მოსამართლის მაღალი დანიშნულების აღსრულების დაწყებამდე კი საქართველოს პრეზიდენტმა 28 კანდიდატს შორის ნინო გვენეტაძის კანდიდატურა მენეჯერული თვისებების, პროფესიონალიზმისა და პარტიული გავლენისაგან თავისუფლების ნიშნით გამოარჩია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი 20 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს კიდევ ერთი თვისებისთვის გადაუხადა მადლობა:

“დიდი მადლობა ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, რომელმაც მოახერხა კონსენსუსის მიღწევა პარლამენტში. ეს მისი დამსახურებაა და არა ჩვენი. და არა მარტო პარლამენტში, არამედ სახელისუფლებო შტოებს შორის. შეგახსენებთ, კანდიდატურა დასახელებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ და ჩვენ საშუალება გვქონდა მიგვეღო, შესაძლოა, ჩვენი მოწვევის პარლამენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“.

ნინო გვენეტაძეს საქართველოს პარლამენტში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა მხარი, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, რომლის წევრები სხდომას არც ესწრებოდნენ. გამონაკლისი იყო დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელსაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ლევან ბეჟაშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის დანიშვნით ქვეყანა შევარდნაძის დროინდელ სასამართლო სისტემას დაუბრუნდა.

ქალბატონი გვენეტაძე არის პრინციპული, კვალიფიციური, გამოცდილი, პატიოსანი ადამიანი და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იყო ინსინუაციები, განხილვებმა ყველაფერი ეს აჩვენა...

„საპარლამენტო უმრავლესობას, პრეზიდენტს ჰქონდათ საშუალება, რომ სასამართლო სისტემის განვითარების ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაეწერათ და ახალი კანდიდატურა შემოეთავაზებინათ საზოგადოებისათვის. სამწუხაროა, რომ შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული სასამართლო სისტემის სიმბოლოები დღეს კვლავ ბრუნდებიან ხელისუფლებაში, სხვადასხვა ორგანოებში“, ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი კი ფიქრობს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების დადებით შედეგებს საქართველოს მოსახლეობა იგრძნობს:

“ქალბატონი გვენეტაძე არის პრინციპული, კვალიფიციური, გამოცდილი, პატიოსანი ადამიანი და, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იყო ინსინუაციები, განხილვებმა ყველაფერი ეს აჩვენა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ განსხვავებას იგრძნობს“.

გარდა ამისა, სასამართლო, ბუნებრივია, კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, რომელიც უკავშირდება რეფორმებს - დაწყებული, თუნდაც, მოსამართლეთა სისტემაში მიღებიდან, როგორიც არის მოსამართლეთა დანიშვნა...

ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 1999 წლიდან იყო. 2005 წელს, დისციპლინური გადაცდომის მოტივით, მას პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრობა შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც მან მაშინდელი ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა. რა გამოწვევების წინაშე დგას ახალი თავმჯდომარე? ამ შეკითხვით „მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელ დირექტორს ნაზი ჯანეზაშვილს მივმართეთ. ნაზი ჯანეზაშვილს, პირველ რიგში, აინტერესებს, როგორ განაგრძობს ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა ვაკანსიის შევსების, ანუ მოსამართლეთა დანიშვნის, დაწყებულ პროცესს და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ის ამ მიმართულებით. ამას გარდა, ნაზი ჯანეზაშვილისთვის საინტერესოა, როგორ იმუშავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შეძლებს თუ არა ვითარების დაბალანსებას ნინო გვენეტაძე:

“გარდა ამისა, სასამართლო, ბუნებრივია, კვლავ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, რომელიც უკავშირდება რეფორმებს - დაწყებული, თუნდაც, მოსამართლეთა სისტემაში მიღებიდან, როგორიც არის მოსამართლეთა დანიშვნა, მოსამართლეთა დაწინაურება, მოსამართლეთა მივლინებები, მოსამართლეთა რეზერვი და სხვა და სხვა. ეს არის ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხი - თუნდაც, მოსამართლეთა სოციალური გარანტიები იქნება ეს თუ ანაზღაურება. ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხია, რომელიც საჭიროებს დახვეწას“.

ნინო გვენეტაძე საქართველოს სასამართლო სისტემას 10 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მან უზეანესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა.

XS
SM
MD
LG