Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა უზენაესი სასამართლოს წევრობის სამ კანდიდატს, რომლებიც პრეზიდენტის მიერ არიან წარდგენილი, თუმცა გახდებიან თუ არა ისინი მოსამართლეები, გაირკვევა 7 სექტემბერს - მერვე მოწვევის პარლამენტის ბოლო პლენარულ სხდომაზე.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს: ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს, მოგვიანებით პარლამენტის ბიურომ კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საკითხის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს და კითხვები დაუსვეს მოსამართლეობის ორ კანდიდატს. მესამე, თამარ ლალიაშვილი, როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განმარტა, სხდომას იმის გამო არ დაესწრო, რომ საქართველოში არ იმყოფება.

ანა დოლიძე

ანა დოლიძე

„უზენაეს სასამართლოში, უკვე ექვსი თვეა, რაც შექმნილია სამი მოსამართლის ვაკანსია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი სახელმწიფოებრივად მოეკიდება სასამართლოს მნიშვნელობას და დაამტკიცებს ამ სამ კანდიდატურას“, განაცხადა ანა დოლიძემ.

მოსამართლეობის კანდიდატ ნონა თოდუას მხარი დაუჭირა კომიტეტის ხუთმა წევრმა. კენჭისყრამდე თოდუამ უპასუხა დეპუტატების რამდენიმე შეკითხვას, მათ შორის, ქალთა უფლებების მასობრივად ხელყოფასა და მკვლელობებზე:

„იყო მცდელობა შემოღებული ყოფილიყო ასეთი მუხლი - „ფემიციდი“... მე პირადად ვერ დავუჭერ მხარს ასეთი მუხლის შემოღებას კოდექსში, იმიტომ რომ ფემიციდი ნიშნავს სქესით გამორჩეულ პირთა ჯგუფის ამოწყვეტის მიზნით ჩადენილ მკვლელობებს და სხვა ქმედებებს. ამ პირს უნდა დავუსაბუთოთ, რომ მოკლა ქალი მხოლოდ იმიტომ, რომ სძულს ამ სქესის ყველა წარმომადგენელი და ეს არის სრულიად აბსურდი და ამას ვერ დავუმტკიცებთ. რა გამოდის? არა მარტო თავისი ცოლი მოკლა, არამედ კლავს, საერთოდ, ქალებს“.

ნონა თოდუას თქმით, სასამართლოს ავტორიტეტის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა განაჩენები დაასაბუთონ ვრცლად და ამომწურავად, რათა არ დარჩეს უპასუხო კითხვები. სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის ამაღლების აუცილებლობაზე ილაპარაკა ლევან ბოძაშვილმაც, რომელსაც კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა მხარი:

კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა, დღეს კი ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა კონსენსუსს მიაღწიოს მნიშვნელოვან საკითხებზე...

„საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას აქვს ბევრი პრობლემა და ეს პრობლემები არის გამოსასწორებელი როგორც ინდივიდუალური, ასევე სისტემური თვალსაზრისით. კონკრეტულად ეს ეხება მისი ავტორიტეტის ამაღლებას, რისი განმსაზღვრელი არის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფაქტორი“.

საბოლოო გადაწყვეტილება, გახდებიან თუ არა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები უზენაესი სასამართლოს წევრები, უნდა მიიღოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე, რომელიც 7 სექტემბერს პირველ საათზეა დანიშნული, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ვარაუდობენ, წინასაარჩევნო პერიოდის გამო, გაჭირდება კვორუმის მოგროვება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის, აზრით, სხდომის გამართვის შემთხვევაშიც ძნელი იქნება მოსამართლეების დასამტკიცებლად საჭირო 76 ხმის მოგროვება:

„კვორუმიც რომ შედგეს, ძნელი იქნება, რომ გუშინდელმა მოკავშირეებმა, დღეს კი ოპონირების რეჟიმში მყოფმა ხალხმა კონსენსუსს მიაღწიოს მნიშვნელოვან საკითხებზე“.

საპარლამენტო უმრავლესობის ამგვარი ქცევა არ უკვირს ოპოზიციას, რომლის წარმომადგენელთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ უმრავლესობა დაიშალა და პარლამენტს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, მეორე ნაწილის აზრით კი, უმრავლესობის ლიდერები გაურბიან ღია პოლემიკას, რაც საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ასე ფიქრობს დავით ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და მმართველი კოალიციის ყოფილი წევრი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG