Accessibility links

logo-print

ვაცლავ ჰაველის „გული“ ბრიუსელში


ბრიუსელი: ნეონის წითელი გული ევროპის პარლამენტის შენობაზე, ვაცლავ ჰაველის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად

ბრიუსელი: ნეონის წითელი გული ევროპის პარლამენტის შენობაზე, ვაცლავ ჰაველის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად

ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის ფასადს 17 დეკემბრიდან ნეონის წითელი გულის გიგანტური გამოსახულება ამშვენებს. ასე მიაგებენ პატივს ვაცლავ ჰაველის ხსოვნას, ყოფილი დისიდენტისა და პრეზიდენტის გარდაცვალების პირველ წლისთავთან დაკავშირებით.

ნეონის გიგანტური წითელი გული, რომელიც 17 დეკემბერს ბრიუსელში აანთეს, პირველად პრაღელებმა და პრაღის სტუმრებმა იხილეს ათი წლის წინ, 2002 წლის დეკემბერში. ჩეხეთის რესპუბლიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა პრეზიდენტობის ბოლო ვადის დასასრულს ამ ჟესტით მოისურვა თანამოქალაქეებთან გამოთხოვება. მაშინ აღმართეს ნეონის კონსტრუქცია პრაღის სახელგანთქმულ ციხე-სიმაგრეზე - იქ, სადაც პრეზიდენტის სასახლეც მდებარეობს. მაშინ, 10 წლის წინ, პრაღის ცენტრში ღამით აუცილებლად თვალში მოგხვდებოდა წითლად განათებული გული.

ვაცლავ ჰაველი შარშან, 18 დეკემბერს გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. კაცს, რომელმაც სახელი გაითქვა პრეზიდენტობამდე გაცილებით ადრე, ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ რესპუბლიკაში დისიდენტობით, წელს მთელს მსოფლიოში მიაგებენ პატივს უფლებადამცველები და დემოკრატიზაციის მომხრეები.

გული, რასაკვირველია, შემთხვევით არ შეირჩა... თავის დროზე, დემოკრატიზაციის მოთხოვნით დაწყებულ სამოქალაქო ინიციატივა „ქარტია 77“-ზე ხელმოწერისას, ვაცლავ ჰაველმა ცნობილია, რომ გული მიახატა თავის ხელმოწერას. მაშინაც და 1977 წლის შემდეგაც ჰაველი ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისას. რეჟიმის დამხობის შემდეგ ჰაველი ჯერ ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო ჩეხოსლოვაკიის დაშლის შემდეგ - ჩეხეთის პრეზიდენტად.

და აი, პრეზიდენტის პოსტთან ვაცლავ ჰაველის საბოლოოდ გამოთხოვების შემდეგ პრაღაში ნეონის გულიც მოიხსნა. მომდევნო წლებში მას პრაღის ერთ გარაჟში ინახავდნენ, ვიდრე ისევ განათდებოდა - ოღონდ უკვე ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის ფასადზე, სადაც ის იანვრის ბოლომდე დარჩება.
ევროკავშირში პრაღის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ლუციე ჩადილოვა ამბობს, რომ თავდაპირველად აპირებდნენ გულის ანთებას ბრიუსელში პრაღის წარმომადგენლობის შენობაზე. მაგრამ როცა გაირკვა, რომ ამ ნაგებობისათვის კონსტრუქცია მეტისმეტად დიდი იქნებოდა, არჩევანი სხვა შენობაზე შეაჩერეს: ვაცლავ ჰაველის სიმბოლური გული (15 მეტრი 17 მეტრზე), როგორც გითხარით, ევროპის პარლამენტზე აენთო.

„ვიფიქრეთ, რახან ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების პირველი წლისთავია, ჩამოგვეტანა რაღაც დიდი ამ წლისთავის აღსანიშნავად, ვაცლავ ჰაველის გასახსენებლად“, ამბობს ჩადილოვა.

კონსტრუქცია, რომლის ავტორიც არის ირჟი დავიდი, 275 კილოგრამს იწონის. ოთხი დღე დასჭირდა პრაღიდან ბრიუსელში მის ჩატანას და აწყობას.

თუმცა, ბრიუსელის შემდეგ მას გაცილებით უფრო ხანგრძლივი და რთული მოგზაურობა მოელის: მომავალი წლის სექტემბერში აპირებენ მის ჩატანას ავღანეთში, პოლიტიკური და სამხედრო ლიდერის, 2001 წელს ალ-ყაიდის წევრების მიერ მოკლული აჰმედ შაჰ მასუდის ხსოვნის პატივსაცემად. ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, აჰმედ შაჰ მასუდს პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ მიანიჭა „ეროვნული გმირის“ წოდება.

ვაცლავ ჰაველმა იცოდა ნეონის გულის ავღანეთში ჩატანის გეგმის შესახებ, თანახმაც იყო. თუმცა, გეგმის განხორციელება მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი. მას „მასუდის ფონდი“ აფინანსებს.

გულის პროექტის ტექნიკური მხარის ხელმძღვანელი, რობერტ კლემი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადგილს, რომელიც ავღანეთში შეირჩა ჰაველის სიმბოლური გულისათვის: „ამ ინსტალაციის ადგილს რაც შეეხება, შევარჩიეთ სტადიონი, სადაც ხალხს საჯაროდ სიკვდილით სჯიდნენ 1990-ან წლებში. მას შემდეგ ეს სტადიონი არის თავისუფლებისაკენ სვლის სიმბოლო. ეს არის ადგილი, სადაც თალიბანი ხალხს სიკვდილით სჯიდა 2001 წლამდე. ამიტომ ეს ადგილი ემსახურება აგრეთვე მიზანს, რომ პატივი მივაგოთ თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს“.

ამ მიზანს მოემსახურება ნეონის წითელი გული - თვით ვაცლავ ჰაველის სიტყვებით, სიყვარულის, ურთიერთგაგებისა და წესიერების სიმბოლო.
XS
SM
MD
LG