Accessibility links

ვაცლავ ჰაველის პრემია ბელორუს უფლებადამცველს ერგო


პრემიის გადაცემა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

პრემიის გადაცემა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა.

ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ამჟამად პატიმრობაში მყოფ ბელორუს უფლებადამცველს ალეს ბელიაცკის მიენიჭა. ეს გადაწყვეტილება 30 სექტემბერს სტრასბურგში გამოაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ჟან კლოდ მინიონმა, რომელიც, ამავე დროს, ჟიურის ხელმძღვანელობდა. ამ პრესტიჟულ პრემიაზე ბელორუს უფლებადამცველთან ერთად წარდგენილნი იყვნენ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და ჩინეთის უფლებათა დაცვის ქსელი. ფინალში გასული სამეული ჟიურიმ 27 კანდიდატიდან შეარჩია. ვაცლავ ჰაველის ხსოვნის პატივსაცემად უფლებადამცველთათვის 60 ათას ევროიანი პრემია წელს მარტში დააწესეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, პრაღის ჰაველის სახელობის ბიბლიოთეკამ და ფონდმა “ქარტია 77”-მა.

ბელორუსი უფლებადამცველის ალეს ბელიაცკისათვის მინიჭებული ვაცლავ ჰაველის პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 30 სექტემბერს, სიმბოლურად, მის ცოლს გადასცეს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად ბელიაცკი, მისი საქმიანობის გამო, ბელორუსიის ციხეში 2011 წლის ნოემბრიდან ოთხწლინახევარიან სასჯელს იხდის.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ჟან კლოდ მინიონმა შესავალ სიტყვაში პრემიაზე წარდგენილი და ჟიურის მიერ შერჩეული სამი საბოლოო კანდიდატის საქმიანობა მიმოიხილა, რის შემდეგაც გამარჯვებული გამოაცხადა:

„ადამიანის უფლებების დარღვევის, უსამართლობის, განუკითხაობისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ თავის ყოველდღიურ ბრძოლაში, ქალბატონო, თქვენი მეუღლე, ბატონი ბელიაცკი, დაუღალავად იბრძოდა, რათა ბელორუსიის მოქალაქეებმაც იხეირონ ერთ მშვენიერ დღეს ევროპული სტანდარტებით“.

ალეს ბელიაცკი

ალეს ბელიაცკი

ალეს ბელიაცკი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 80-იანი წლების დასაწყისიდან მოღვაწეობს. 2011 წლიდან ციხეში მყოფ უფლებადამცველს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ ერთი პრემია 2012 წელს მიენიჭა - ეს იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრემია. მისი საქმიანობის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსიის ბიურომ წიგნიც მოამზადა და გამოსცა. ის წლების განმავლობაში მთელ მსოფლიოს ამცნობდა თავის ქვეყანაში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებს, რაც გახდა კიდეც მისი დაპატიმრების მიზეზი. ის 2007 წლიდან იყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 1996 წლიდან ადამიანის უფლებათა ცენტრს ედგა სათავეში.

ნამდილად ძალიან სასიხარულოა, რომ სამ დასახელებულ კანდიდატს შორის მოხვდა საია...
ვაცლავ ჰაველის პრესტიჟული პრემიისათვის, ბელორუსი უფლებდამცველის გარდა, ფინალურ სამეულში მოხვდა ასევე ჩინეთის უფლებათა დაცვის ქსელი, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში 2005 წლიდან მოღვაწეობს, და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელსაც ამავე სფეროში ასევე მრავალწლიანი (1994 წლიდან) გამოცდილება აქვს.

„სამართლიანი არჩევნების“ ამჟამინდელი ხელმძღვანელი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი წევრი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ პრემიაზე წარდგენა და, მეტიც, ფინალურ სამეულში მოხვედრა საიასათვის ძალიან დიდი პრესტიჟია:

„ნამდილად ძალიან სასიხარულოა,რომ სამ დასახელებულ კანდიდატს შორის მოხვდა საია. მე პირადად ამ ორგანიზაციაში 5 წელი ვიმუშავე და წვლილი მეც მიმიძღვის ამ ორგანიზაციის მუშაობაში, რითაც, ცხადია, ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, ეს არის იმის აღიარება, რომ ამ ორგანიზაციის როლს აფასებენ არა მარტო საქართველოში, არამედ ხედავენ მის მნიშვნელობას საზღვარგარეთაც“.

კიდევ ერთი ყოფილი საიელი კი, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი ოთარ კახიძე, მიიჩნევს, რომ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ღირსეული ადგილი უჭირავს ქვეყნის არასამთავრობო სექტორშიც და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობით სარგებლობს.
ოთარ კახიძე საიას მთავარ ღირსებებზე ლაპარაკობს და უსურვებს არ უღალატოს უოჩდოგის როლს, ხელისუფლებათა ცვლის მიუხედავად:
„’ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის’ სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებთან ერთად მნიშვნელოვანია მთავრობის კონტროლი. საიას გარკვეული დრო სჭირდება ხოლმე, რომ გადაეწყოს ყველა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და შეასრულოს უოჩდოგის ფუნქცია ეფექტურად. ასე იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ და ასე უნდა იყოს ახლაც. მოქმედ ხელისუფლებას არანაკლები სიმწვავით უნდა მოსთხოვოს ანგარიში, გააკონტროლოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები და არ მოადუნოს ყურადღება“.
XS
SM
MD
LG