Accessibility links

ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხების თემა კვლავ პრობლემატურია


თბილისი

თბილისი

იპოთეკური სესხებისა და გადაუხდელი სესხების გამო დაზარალებულთა თემა ბოლო წლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სოციალურ თემად რჩება. 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა ერთ თვეში 2 382–ით, ერთ წელიწადში კი 30 ათასზე მეტით გაიზარდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს 2 დეკემბრის მონაცემებით, რეესტრში 133, 5 ათასზე მეტი პირია რეგისტრირებული, ნოემბრის დასაწყისისთვის კი ეს მაჩვენებელი 131 ათასის ფარგლებში იყო, 2012 წლის დასაწყისისთვის კი 70 000-ს აღწევდა. რეესტრის მონაცემები, მასში ახალი პირების რეგისტრაციისა და მოვალეების რეესტრიდან ამორიცხვის შედეგად, სწრაფად იცვლება. აღსრულების კანონში შესული ცვლილებების თანახმად, მოვალეთა რეესტრი 2010 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეესტრში რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და იურიდიული პირი (სახელმწიფო ხელისუფლების/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალის გარდა), რომლის მიმართაც 2010 წლის 1 იანვრიდან იძულებითი სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს.

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მაისამდე პერიოდის მონაცემებით, სულ, 952 ერთეული უძრავი ქონების რეალიზება მოხდა. აქედან კომერციული ბანკების სასარგებლოდ 172 გაიყიდა, რაც მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 18 პროცენტია; მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ გაყიდულია ქონების დაახლოებით 16 პროცენტი და დაახლოებით 65 პროცენტი კერძო პირთა განაცხადების საფუძველზეა გაყიდული.

ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ მოსახლეობა ისევ აქტიურად უკავშირებს თავის ბედს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კერძო მევახშეეებს და ყველაზე ხშირად სწორედ ამ შემთხვევაში ზარალდება.

ამ პროცესს თუ რეგიონალურ ჭრილში განვიხილავთ და მხოლოდ ერთი თვის მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, აღსრულების ეროვნული ბიუროს 2014 წლის 9 თვის სტატისტიკური ანგარიშის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2014 წლის მხოლოდ სექტემბრის თვეში შემოსულ სააღსრულებო საქმეთა რაოდენობამ 7, 2 ათასი შეადგინა. შემოსული საქმეების 46 პროცენტი თბილისიდან იყო, 13 პროცენტი - იმერეთიდან, 13 პროცენტი - აჭარიდან, შემდეგ ადგილზე, 7 პროცენტით, სამეგრელო და ქვემო ქართლია, რომელთაც, 6 პროცენტით, კახეთი მოსდევს.

ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ პრობლემა კვლავ ღრმავდება და ვერც სახელისუფლებო დაპირებები თუ მცდელობები, ვერც ეკონომიკური თუ სოციალური გარემოს გარკვეული ცვლილება ამ პრობლემაზე დადებითად ვერ აისახა.

ვადაგადაცილებული სესხების მიზეზებს შორის მკვლევარები იმთავითვე ასახელებდნენ რამდენიმე მიზეზს: ერთ-ერთი გახლდათ ფინანსური განათლების დაბალი დონე, ასევე - მძიმე სოციალური მდგომარეობა, ჯანმრთელობის დაცვის სიძვირე, საპროცესო გარიგებების დროს გამოყენებული მაღალი საჯარიმო თანხები და ა.შ.

ამ მიმართულებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ნათლად იკვეთება გარკვეული ცვლილებები: მაგალითად, ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა; შემცირდა საპროცესო გარიგებების რაოდენობა და პატიმართა რაოდენობა. შესაბამისად, ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ სოციალური მდგომარეობისა და საფინანსო და საკონტრაქტო განათლების დაბალი დონე გაცილებით უფრო მწვავე და მნიშვნელოვანი მიზეზია ვადაგადაცილებული იპოთეკური სესხების დაგროვებისთვის, ვიდრე ყველა სხვა მიზეზი. ამიტომ ამ პრობლემასთან ბრძოლა ნაყოოფიერი იქნება სწორედ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდითა და საფინანსო განათლების ხარისხის ამაღლებით.

XS
SM
MD
LG