Accessibility links

logo-print
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებისთვის უკვე მეორე საინიციატივო ჯგუფი ემზადება. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე, ამჟამად მოქმედ პარლამენტს, ”ნაციონალური მოძრაობასთან” გაუმართლებელი თანაცხოვრებით, ხალხის დაკვეთის იგნორირებაში ადანაშაულებს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რას მიიღებენ ახალი საინიციატივო ჯგუფის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან - ხელმოწერების შესაგროვებლად საჭირო ოფიციალურ ბლანკებს თუ უარს, როგორც ეს პირველი ჯგუფის შემთხვევაში მოხდა. რა პასუხი აქვს ცესკოს და ვის აძლევს ხელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება?

თუკი კანონი, სულ ცოტა, 200 ათას ხელმოწერას ითხოვს, ჩვენ შევძლებთ რომ, სულ ცოტა, მილიონი ხელმოწერა შევაგროვოთ მათი, ვისაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სურს, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, რომელიც, საინიციატივო ჯგუფის ჯერჯერობით გაუხმაურებელ სხვა წევრებთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული მოთხოვნით მომავალი კვირის დასაწყისში მიმართავს. პარალელურად, ეს ჯგუფი მოუწოდებს საპრეზიდენტო კანდიდატებს, ღიად დააფიქსირონ თავიანთი მიდგომა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხისადმი. თავად ნანა კაკაბაძეს თუ ვკითხავთ, დღევანდელ პარლამენტს მუშაობის გაგრძელების მორალური უფლება არა აქვს, რადგანაც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების შედეგი სათავისოდ გააყალბა, გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ კი გაუმართლებლად ისარგებლა ხალხის ნდობით:

”ხალხმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და არა პოლიტიკურ პარტიებს ან ცალკეულ პოლიტიკოსებს. და არჩევის შემდეგ რა აღმოჩნდა? ბიძინა ივანიშვილი საერთოდ არ არის პარლამენტში და ხალხს შერჩა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც შესაძლოა საერთოდ არ აერჩია, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი. ანუ მანიპულირება მოხდა ხალხის არჩევანის”.

ვის შეიძლება აწყობდეს? ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც, გარკვეულწილად, თავის ძალებს გამოცდიდა ამ არჩევნებზე და მოხვდებოდა პარლამენტში...
ბიძინა ივანიშვილის სახელს ამოფარებული დეპუტატები, ნანა კაკაბაძის აზრით, პასუხისმგებლობას ვეღარ გრძნობენ ამომრჩევლის წინაშე და ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გადამეტებული კოჰაბიტაციით, უფლებების აღდგენასთან დაკავშირებით რიგითი ადამიანების სამართლიან მოთხოვნებს უგულებელყოფენ. ნანა კაკაბაძის გათვლით, ახალ პარლამენტში უფრო ანგარიშვალდებული და უფრო ღირსეული დეპუტატები მოხვდებიან, ”ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო ბარიერის გადალახვა გაუჭირდება და არჩევნების შედეგი ”ქართული ოცნების” ღირსეული წარმომადგენლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები, წესით, ეკა ბესელიას მსგავს დეპუტატებს უნდა აძლევდეთ ხელს, რადგანაც ისინი უფრო ძლიერად იქნებიან წარმოდგენილი პარლამენტში. თუმცა, როგორც თავად ეკა ბესელიამ განუცხადა რადიო თავისუფლებას, ”მნიშვნელობა არა აქვს რა და როგორ აწყობს ცალკეულ დეპუტატებს, მთავარია, რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება”. აქვე გავიხსენოთ, რომ NDI-ის მიერ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, ”ნაციონალურ მოძრაობას” გამოკითხულთა 10%-მა, ხოლო „ქართულ ოცნებას“ 52%-მა დაუჭირა მხარი.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ ხელს არ აძლევს ”ნაციონალურ მოძრაობას”, ამაში ეჭვი არ ეპარება პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროს კონსულტანტ სოსო გალუმაშვილს, თუმცა, მისი აზრით, რიგგარეშე არჩევნები ასევე არახელსაყრელია ”ქართული ოცნებისთვის”, რადგანაც ეს ფაქტორი ხელახალი გადანაწილების საფუძველი გახდება როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ასევე თვითონ კოალიციის შიგნით; ”ქართული ოცნება” კი ამისთვის მზად არ არის და, თანაც, კოალიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების თანაარსებობაში ბალანსი ჯერ არ დარღვეულა. სოსო გალუმაშვილი დარწმუნებულია, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ინტერესი პარლამენტის ზღურბლს მიღმა დარჩენილ ძალებს ამოძრავებთ:

თუ ეს პირადი მიზეზით და პირადი განცხადებით არ არის გამყარებული, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ასე არ ხდება... იქიდან გამომდინარე, რომ ის არჩევნები ჩატარდა, მისი შედეგები შეჯამდა, გამოქვეყნდა და ამასთან დაკავშირებით მაშინ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა და შედეგები არავის გაუსაჩივრებია. შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით ჩათვალა, რომ ახლა ამ საკითხის დაყენება ნამდვილად არ იყო კანონთან შესაბამისობაში...
”ვის შეიძლება აწყობდეს? ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც, გარკვეულწილად, თავის ძალებს გამოცდიდა ამ არჩევნებზე და მოხვდებოდა პარლამენტში. თუმცა, თუკი საზოგადოების დღევანდელი განწყობით, დღევანდელი კვლევებით ვიმსჯელებთ, მომავალ პარლამენტში შეიძლება 2 პოლიტიკური ძალა დაემატოს და ისიც მცირე რაოდენობის დეპუტატებით”.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წინაპირობად საინიციატივო ჯგუფი რეფერენდუმის ჩატარებას განიხილავს, ხოლო იმისათვის, რომ რეფერენდუმის ჩატარების უფლება იქნეს მოპოვებული, საინიციატივო ჯგუფმა ჯერ ხელმოწერების შესაგროვებლად საჭირო ოფიციალური ბლანკები უნდა მიიღოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან. ამას წინ უსწრებს კიდევ ერთი პროცედურა. როგორც ცესკოში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, კანონმდებლობის შესაბამისად, ბლანკების გაცემამდე ჯერ უნდა შეთანხმდეს და დარეგისტრირდეს სარეფერენდუმო შეკითხვა. რამდენიმე თვის წინ უშედეგოდ დასრულდა პირველი საინიციატივო ჯგუფის მსგავსი მცდელობა, რასაც აბსოლუტურად უკანონოდ მიიჩნევს ნანა კაკაბაძის საინიციატივო ჯგუფი. პირველი ჯგუფისთვის ნათქვამი უარის საფუძველს ჩვენთან საუბარში ცესკოს სპიკერი ეკა აზარაშვილი განმარტავს:

”თუ ეს პირადი მიზეზით და პირადი განცხადებით არ არის გამყარებული, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ასე არ ხდება... იქიდან გამომდინარე, რომ ის არჩევნები ჩატარდა, მისი შედეგები შეჯამდა, გამოქვეყნდა და ამასთან დაკავშირებით მაშინ არანაირი პრეტენზია არ ყოფილა და შედეგები არავის გაუსაჩივრებია. შესაბამისად, კომისიამ ხმათა უმრავლესობით ჩათვალა, რომ ახლა ამ საკითხის დაყენება ნამდვილად არ იყო კანონთან შესაბამისობაში და ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ დაეფიქსირებინათ ეს კონკრეტული სარეფერენდუმო შეკითხვა”.

ეკა აზარაშვილის მიერ დასახელებული ამ არგუმენტის გათვალისწინებით, შეიძლება ბევრმა დაასკვნას, რომ ასევე უშედეგო იქნება ნანა კაკაბაძის საინიციატივო ჯგუფის მცდელობაც. თუმცა, როგორც ცესკოს სპიკერი აღნიშნავს, წინასწარ დასკვნების გამოტანა არ ღირს, რადგანაც არავინ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა კონკრეტულ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხმათა უმრავლესობით. გავიხსენოთ, რომ 13-წევრიან კომისიაში 7 პარტიული წევრიდან 1 „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლოდ 6 „ქართული ოცნების“ სათვალავზე მოდის, დანარჩენი ექვსი კი წინა ხელისუფლების დროს პარლამენტის მიერ კვალიფიციური ნიშნით არჩეული წევრები არიან.
XS
SM
MD
LG