Accessibility links

logo-print

დაიკავებს თუ არა ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს


ვახტანგ ყოლბაია

ვახტანგ ყოლბაია

საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელი და, ამავე დროს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია არ დაამტკიცა. ამის მიზეზად მიხეილ სააკაშვილი კანდიდატის იმ პოლიტიკური გაერთიანების წევრობას ასახელებს, რომელიც, მისი სიტყვებით, ოკუპანტ ძალასთან კავშირშია და საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. პრეზიდენტის ამ განცხადებას არ იზიარებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელმაც პრეზიდენტის თანხმობით უნდა აირჩიოს მთავრობის თავმჯდომარე. ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ გააპროტესტა დევნილთა ნაწილმაც. როგორ ეხმაურება პრეზიდენტის განცხადებას ვახტანგ ყოლბაია და როგორ აფასებენ ექსპერტები მის კანდიდატურას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე?

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 5 აპრილს, უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ გია ბარამიამ, ”სხვა სამსახურში გადასვლის” მიზეზით, პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ვახტანგ ყოლბაიას, საბჭოს წევრსა და, ამავე დროს, ”დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს” წარმომადგენელს, ჩააბარა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურის დასამტკიცებლად წერილით მიმართა, 26 აპრილს ასეთი პასუხი მიიღო:

”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასანიშნად თანხმობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატი ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იქცა აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად. ეს ჯგუფი, როგორც ცნობილია, ადანაშაულებს საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში და არაერთხელ დააყენა საქართველოს სუვერენიტეტი დარტყმის ქვეშ. ახლა საქართველოს - განსაკუთრებით, დევნილებს - აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში სჭირდებათ არა კოლაბორაციონისტები, არამედ საქართველოს დეოკუპაციისა და დამოუკიდებლობის მყარი დამცველები”.

ჩვენ ვუჩივით სააკაშვილს და ვადანაშაულებთ მას, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა და გაუსაძლისი პირობები შექმნა კონფლიქტის მოგვარების გზაზე და ამაზე პასუხი უნდა აგოს...
ელგუჯა გვაზავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ახლა ჯერი პოლემიკაზე მიდგება. საბჭო პრეზიდენტს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაუგზავნის წერილს და მისგან უფრო მეტად დასაბუთებულ პასუხს მოითხოვს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის მიუღებელია პრეზიდენტის ბრალდება ვახტანგ ყოლბაიას მისამართით და ამბობს, რომ ის აბსოლუტურად მისაღები კანდიდატია აფხაზეთის საზოგადოებისა და დეპუტაციისთვის:

”როცა ომი იყო, ის აფხაზეთს არ მოსცილებია. 28 სექტემბერს ვახტანგი და მე ერთად გამოვედით საღამოს სოხუმიდან და გადავედით ოჩამჩირეში და იქ ვიყავით ბოლომდე. ვიცი ამ ადამიანის გზა. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რაც ამ ადამიანთან გვაკავშირებს - ის გზა. მას 20 წელზე მეტია ვიცნობთ და როგორც იტყვიან, თანამებრძოლები ვართ”, - ამბობს ელგუჯა გვაზავა.

საქართველოს პრეზიდენტის უარს 26 აპრილს, პრესკონფერენციაზე, თავად ვახტანგ ყოლბაია გამოეხმაურა. ის აქეთ უყენებს პრეზიდენტს ბრალდებას როგორც მისი, ისე ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” კოლაბორაციონიზმში დადანაშაულების გამო და აცხადებს, რომ აღნიშნულის გამო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა სარჩელი. მისივე სიტყვებით, სწორედ პრეზიდენტის დამსახურებაა ის, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიის თითქმის მეხუთედი დაკარგულია.

”ჩვენ ვუჩივით სააკაშვილს და ვადანაშაულებთ მას, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ქვეყანა და გაუსაძლისი პირობები შექმნა კონფლიქტის მოგვარების გზაზე და ამაზე პასუხი უნდა აგოს. ჩვენ გვჭირდება აფხაზეთთან დიალოგის გაგრძელება, პირდაპირ დიალოგზე მათთან გასვლა და ეს იქნება კონფლიქტის მოგვარების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი”, - ამბობს ვახტანგ ყოლბაია.

მისივე თქმით, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში აფხაზებთან დამყარებული მჭიდრო კონტაქტი, მის მიმართ გამოხატული ნდობა და გამოცდილება აძლევს მას იმის იმედს, რომ მოახერხებს აფხაზებთან საერთო ენის გამონახვას და დარწმუნებას, რომ საქართველოდან მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ:

ეს მარტო ყოლბაიას კანდიდატურას არ ეხება. მანამდე იყო სიგნალი, როდესაც იგივე კობა დავითაშვილი გაწევრიანდა კოალიციაში ან იგივე ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი, რომლებიც ასევე ბურჯანაძის პარტიის წევრები იყვნენ. ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგა ასევე აქციებზე ეკა ბესელიაც...
”მე ვერ გეტყვით და არ გეტყვით, რომ ეს ძალიან იოლი საქმე იქნება. მით უმეტეს, ისინი თვლიან, რომ აფხაზეთის მთავრობა არის არალეგიტიმური მთავრობა და ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ძალისხმევის დახარჯვა მომიწევს, მაგრამ მე ვიცი უცხოელების მხარდაჭერა ჩემთან მიმართებაში და მათი ძალისხმევაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, - აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.

”არ შეიძლება დევნილი ხელისუფლების წარმომადგენელი იყოს იმ კატეგორიის ადამიანი, რომელიც საქართველოს სდებს ბრალს ომის დაწყებაში”, - ასეთი პოზიცია აქვს საპარლამენტო უმცირესობას ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურის მიმართ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე. ამ აზრს იზიარებს „საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძეც. მისი თქმით, პიროვნება, რომელიც ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” წევრი და ნინო ბურჯანაძის თანაგუნდელია, ვერ გაატარებს იმ ეროვნულ პოლიტიკას აფხაზეთის მთავრობაში, რომელიც შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მეტიც, ის ვახტანგ ყოლბაიას ”ქართული ოცნების” კანდიდატურას უწოდებს და ამბობს, რომ მისი დასახელება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ, გარკვეულწილად, ნიშნავს კომპრომისს რუსეთთან:

”ეს მარტო ყოლბაიას კანდიდატურას არ ეხება. მანამდე იყო სიგნალი, როდესაც იგივე კობა დავითაშვილი გაწევრიანდა კოალიციაში ან იგივე ლუკა კურტანიძე და სოსო ჯაჭვლიანი, რომლებიც ასევე ბურჯანაძის პარტიის წევრები იყვნენ. ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგა ასევე აქციებზე ეკა ბესელიაც. ეს არის გარკვეული გზავნილი, რომ ივანიშვილი თავის კოალიციაში დააბალანსებს ერთმანეთთან პროდასავლურ და პრორუსულ ძალებს”, - მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.

ვახტანგ ყოლბაიას კანდიდატურას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გამართლებულ ნაბიჯად მიიჩნევს გოგი ხუციშვილი, ”კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი. მას არ ჰგონია, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრობა ვახტანგ ყოლბაიას ხელს შეუშლის გაატაროს ის სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მნიშვნელოვანია:

”თუ გულისხმობთ იმას, რომ ნინო ბურჯანაძე ჩავიდა მოსკოვში და შეხვდა პუტინს, აი, ამის გარდა, ამის შემდეგ, რაიმე, რაც დისონანსში იყო სახელმწიფო პოლიტიკასთან, რაიმე შეგვიძლია გავიხსენოთ? ამიტომ ეს არ შეიძლება იყოს იმის საფუძველი, რომ შენ ვახტანგ ყოლბაიას აუკრძალო ამ პოსტის დაკავება”, - ამბობს გოგი ხუციშვილი.

ამ დროისათვის უცნობია, თუ როდის გაიმართება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარის არჩევნები. როგორც ელგუჯა გვაზავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, არ არის გაწერილი, თუ რა ვადებში უნდა დაინიშნოს თავმჯდომარის არჩევნები და რა დროის განმავლობაში შეიძლება ჰყავდეს აფხაზეთის მთავრობას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG