Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ კოტეტიშვილი - უფლის საჩუქარი, რომელიც დახვრიტეს


ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების კრებული
ვახტანგ კოტეტიშვილის წერილების კრებული

გამომცემლობა „არტანუჯმა“ დასტამბა სტალინის რეჟიმის მიერ დახვრეტილი დიდი მამულიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის, წერილების კრებული, რომელშიც ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნონა კუპრეიშვილმა თავი მოუყარა ვრცელ მასალას, გაფანტულს გასული საუკუნის 10-20-იანი წლების ქართულ პერიოდიკასა და არქივებში. მკითხველს საშუალება ეძლევა გაიცნოს ვახტანგ კოტეტიშვილი როგორც ლიტერატურის ისტორიკოსი, ფოლკლორისტი, სოციოლგი, ხელოვნების თეორეტიკოსი, ესეისტი, ისტორიკოსი, მოქანდაკე, მხატვარი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. წიგნი გამოიცა ვახტანგ კოტეტიშვილის გარდაცვალებიდან 80 წლის თავზე.

გადმოწერა

ვახტანგ კოტეტიშვილი დახვრიტეს 1938 წლის 17 იანვარს, სამეულის - ე. წ. „ტროიკის“ - სხდომის გადაწყვეტილებით. დახვრეტის ოქმს, ნომრით 83, ხელს აწერს შინსახკომის (НКВД) თანამშრომელი ვინმე მოროზოვი. ისტორიას შემორჩა, ასევე, დაპატიმრების ოქმი, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ კოტეტიშვილის შესახებ აგენტურულ შეტყობინებებს სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს სამძებროს მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილეს, მღებრიშვილს, აწვდიდნენ აგენტები „ნერონი“, „მოსკოვი“ და „მიხაილოვსკი“. დაპატიმრების ოქმში ასევე ვკითხულობთ:

„აგენტებმა შინსახკომს აცნობეს, რომ ის განწყობილი იყო ანტისაბჭოურად, პესიმისტურად, თითქმის ვერ ხედავდა საბჭოთა სინამდვილის პერსპექტივას. ექსპედიციებში ცოტას მუშაობს. სამაგიეროდ, საჯარო გამოსვლებს აწყობს. უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ რუსთაველის ინსტიტუტის ფოლკლორის ხელმძღვანელად ახალგაზრდა სპეციალისტი ჩიქოვანი დანიშნეს, რომლის ხელმძღვანელობით მუშაობა კოტეტიშვილს არ სურს. თავის ნაწარმოებებში სოციალიზმის გამარჯვება არ სჯერა“.

ვახტანგ კოტეტიშვილს, როგორც პატრიოტსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მხურვალე დამცველს, ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის წლებში, როცა საბჭოთა რუსეთი საქართველოს ოკუპაციისთვის ამზადებდა ნიადაგს, გამოქვეყნებული აქვს წერილი, სათაურით „რუსეთის კომუნიზმი დამარცხების გზაზე“, რომელშიც დაგმობილია კომუნისტური რუსეთის სურვილი საქართველოში საბჭოთა მთავრობის შემოღებისა.

„ისინი გარედან ლანძღავენ საქართველოს მენშევიკებს, მაგრამ საქართველოში კი ყველა კმაყოფილია მათი პოლიტიკით? დაგვანებონ თავი. უვარგის პოლიტიკას თვით ქართველი მშობელი ხალხი უარჰყოფს. ამისთვის სულაც არ არის საჭირო რუსული კომუნიზმი“, - წერდა ვახტანგ კოტეტიშვილი, რომლისთვისაც „რუსული კომუნიზმი“ საქართველოს გასაბჭოების შემდეგაც მიუღებელი დარჩა. საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინახება ცნობილი ფოტო - „ჩოხოსნები“, რომელზეც ვახტანგ კოტეტიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, პავლე ინგოროყვა და ალექსანდრე აბაშელი შავ ჩოხებში არიან გამოწყობილი. ფოტო 1924 წელს არის გადაღებული. აჯანყება სისხლშია ჩახშობილი. ქუჩები სავსეა ტყავისქურთუკიანი კომისრებით, ქვეყანა წითელ ფერს მიაქვს, ამათ კი შავი ჩოხები აცვიათ. ამ შავს, გლოვის ფერს, ვახტანგი არც შემდგომ წლებში მოიშორებს, რასაც ვახტანგ კოტეტიშვილის შვილიშვილის, გუგა კოტეტიშვილის, თქმით, ანგარიშსწორების საბაბად გამოიყენებენ კიდეც ბოლშევიკები:

გუგა კოტეტიშვილი
გუგა კოტეტიშვილი

„ამბობენ, რომ საბაბი, რის გამოც დაიბარეს, იყო შავი ბაფთა. რატომ გიკეთია შავი ბაფთაო, ჰკითხეს. მუდმივად ეკეთა შავი დიდი ბაფთა... რას ნიშნავს ეს, შავი ბაფთა, საქართველოს გლოვობო? რაზეც უპასუხა... ნუ, ეტყობა იცოდა, რომ აღარ გამოუშვებდნენ... აბა, წითელი ბაფთა გავიკეთო? რა, კლოუნი ხომ არ ვარო. წითელი ბაფთა, მოგეხსენებათ, ლენინს ეკეთა ხოლმე“.

არქივში შემორჩენილია, ასევე, 1937 წელს, ვახტანგ კოტეტიშვილის დაპატიმრების დღეს, ჩატარებული ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვითაც, ვახტანგ კოტეტიშვილს პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა: პასპორტი, ბინოკლი, ხანჯალი, სათუთუნე, ბეჭდები და გაცვეთილი პორტფელი. ჩხრეკას ესწრებოდნენ ვახტანგ კოტეტიშვილის ქალიშვილები, რომელთაგანაც ერთი სასიკვდილოდ იყო დაავადებული. ვახტანგ კოტეტიშვილის ძმისშვილი, ნანა კოტეტიშვილი, იხსენებს:

„ითხოვა, შვილი მიკვდება, 13 წლის გოგონა, და დამასაფლავებინეთ ბავშვიო... მოგეხსენებათ, ვახტანს მეუღლე გარდაეცვალა, ვახუშტის მშობიარობას გადაჰყვა. ვახუშტიც ასე ობლად უფროსმა დამ, 15 წლის ლეილამ, გაზარდა... არაო, უარი უთხრეს, რასაკვირველია, დააპატიმრეს და მას შემდეგ არავინ უნახავს, ასეთი მძიმე გულით წავიდა... ბავშვი რომ გარდაიცვალა, მის ცხედარს ოთხი-ხუთი კაცი მიჰყვებოდა. ესეც აკრძალული იყო. ჩვენ მტრის შვილები გვერქვა ვახტანგის გამო“.

ნანა კოტეტიშვილი
ნანა კოტეტიშვილი

ნანა კოტეტიშვილი ერთ-ერთი რედაქტორია „არტანუჯის“ მიერ გამოცემული წერილების კრებულისა, საიდანაც კარგად ჩანს ვახტანგ კოტეტიშვილის როგორც სამაგალითო განსწავლულობა და ნიჭიერება, ასევე ინტერესთა ფართო დიაპაზონი:

„და ყველა სფეროში, რომელშიაც უხდებოდა მუშაობა, იყო ფუძემდებელი, პირველი... მან პირველმა შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსი. ქართული ფოლკლორისტიკის მამამთავარია. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში მეცნიერულ-ფოლკლორულ ექსპედიციას. 1934 წელს გამოსცა "ხალხური პოეზიის" პირველი ტომი. უნივერსიტეტში შექმნა ფოლკლორის კათედრა, პირველი ლექციები წაიკითხა, პირველი ექსპედიცია მოაწყო და ა.შ. ყველაფერში პირველი იყო... პარალელურად დაამთავრა სამხატვრო აკადემია. ხატავდა, ძერწავდა, ხელოვნების ისტორიას კითხულობდა. იყო უამრავი საზოგადოების წევრი. არ დაიჯერებთ, რომ ერთმა ადამიანმა 44 წელში მოასწრო ამდენი. სხვათა შორის, შემხვედრიან ლექტორები, რომლებიც ვახტანგის წაკითხულ მხოლოდ ერთ ლექციას დასწრებიან და რომლებსაც სიცოცხლის ბოლომდე არ განელებიათ წლების წინ მიღებული შთაბეჭდილება“.

ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციებიდან მიღებული შთაბეჭდილება წერილობით აქვს გადმოცემული ცნობილ ფოლკლორისტს, ელენე ვირსალაძეს, რომლის მოგონების ფრაგმენტი ჩართული აქვს ვახუშტი კოტეტიშვილს თავის ავტობიოგრაფიულ რომანში ,,ჩემი წუთისოფელი'':

“ვინც დასწრებია 1927 წლის ოქტომბერში ვახტანგ კოტეტიშვილის შესავალ ლექციას, რომლითაც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფოლკლორის კურსი დაიწყო, მას მუდამ ემახსოვრება მგზნებარე ტემპერამენტით, ფართე ერუდიციით და მაღალი პოეტური გემოვნებით აღბეჭდილი მისი სიტყვა, რომელმაც სწრაფად დაიპყრო და დაიმორჩილა მრავალრიცხოვანი და მაღალკვალიფიციური აუდიტორია. უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია გაჭედილი იყო ხალხით. ლექციას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, გიორგი ახვლედიანი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი – ქართველ მეცნიერთა ბრწყინვალე პლეადა, რომელიც უნივერსიტეტისათვის ახალი, ნიჭიერი ძალის შემატებით ხარობდა. ყველასათვის ცხადი გახდა, რომ იმ დღიდან ქართული კულტურის დიდმა და მნიშვნელოვანმა უბანმა, ქართულმა ხალხურმა სიტყვიერებამ, კვლავ პოვა თავისი სანდო პატრონი და ჭირისუფალი”.

ვახტანგ კოტეტიშვილი
ვახტანგ კოტეტიშვილი

ელენე ვირსალაძის ამ სიტყვებს იზიარებს ცნობილი ფოლკლორისტი და მწერალი ეთერ თათარაიძე, რომელმაც მეუღლესთან, ასევე ცნობილ ფოლკლორისტ ამირან არაბულთან ერთად, 2012 წელს - ვახტანგ კოტეტიშვილის 120 წლისთავზე -განახორციელა პროექტი „ვახტანგ კოტეტიშვილის ნაკვალევზე“, რომლის ფარგლებშიც გაიმეორეს დიდი მეცნიერის მიერ 1934 წელს ატენის ხეობაში სტუდენტებთან ერთად მოწყობილი ფოლკლორული ექსპედიის გზა:

„ის, მართლაც, იყო უზარმაზარი დიაპაზონის მეცნიერი და, ამავე დროს, იმ დროისთვის ერთ-ერთი ფუძის ჩამყრელი ფოლკლორული კვლევებისა - პირველი ადამიანი, რომელმაც ექსპედიციაში გაიყვანა თავისი სტუდენტები და ეს იყო მისი უნიკალური სვლა, უნიკალური მასალების უნივერსიტეტში შემოკრება და სწავლება იმის, როგორ უნდა მოუფრთხილდეს ადამიანი და სტუდენტი, რომელიც მომავალში მისი კოლეგა გახდება, როგორ უნდა იცოდეს ყველა იმ ნიმუშის მოფრთხილება, რომელიც მისი სამშობლოსათვის არის ძალიან დიდი კულტურა და ღირებულება“.

ეთერ თათარაიძის თქმით, ფოლკლორისტების მსგავსად, ვახტანგ კოტეტიშვილს თავიანთი პროფესიის საამაყო წარმომადგენლად მიიჩნევენ ქართველი მწერლები და ლიტერატურის ისტორიკოსები, სოციოლგები, ხელოვნების თეორეტიკოსები, მოქანდაკეები და ჟურნალისტები. „არტანუჯის“ მიერ გამოცემული წერილების კრებულის შემდგენლის, ნონა კუპრეიშვილის თქმით, თუ ვინმეზე ითქმის რენესანსული ტიპის მოღვაწე, პირველ რიგში, ითქმის ვახტანგ კოტეტიშვილზე, რომლის მასშტაბი კარგად ჩანს კრებულიდან:

ნონა კუპრეიშვილი
ნონა კუპრეიშვილი

„ეს არის ლიტერატურის კრიტიკოსი, ესთეტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ეს არის საზოგადო მოღვაწე. ამიტომაც წიგნში წერილები დაიყო ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფი არის „ლიტერატურა, კრიტიკა, ხელოვნება“ და მეორე ჯგუფი გახლავთ „საზოგადოება და პოლიტიკა“. ყველაგან პრინციპულია ეს ადამიანი, ეხება საქმე ლიტერატურას თუ საზოგადოების მოწყობის საკითხებს, ყველგან პრინციპული და მართალია და, რაც მთავარია, მისი ეს პოზიცია გამყარებულია ენციკლოპედიური ცოდნით“.

ამგვარი ცოდნითა და პრინციპულობით არის გამყარებული ჟურნალ „განათლებაში“ 1915 წელს გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც 22 წლის ვახტანგ კოტეტიშვილი დამაჯერებლად ასაბუთებს მცირე ერებისადმი ალექსანდრე პუშკინის, დიდი რუსი პოეტის, იმპერიალისტურ დამოკიდებულებას. ავტორი აღშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ როგორც პუშკინი, ისე ლერმონტოვი და, მათი წყალობით, თითქოს მთელი რუსეთი კავკასიელებს მიიჩნევს ველურ, სისხლისმსმელ კაციჭამიებად, რომლებსაც ერთი სული აქვთ სიცოცხლეს გამოასალმონ ნებისმიერი მგზავრი:

„...მხოლოდ შიშველ ფაქტს ჩასცქერიან და იმას კი აღარ იღებენ მხედველობაში, თუ რა პირობებში ხდებოდა და ხდება ყველა ეს, რა იყო მიზეზი ამგვარი „ველურობის“ გამომწვევი? ...თუ კავკასიელთა მყუდრო ცხოვრებას შეარყევენ, რომ დაიმორჩილონ, მოსპონ, ეს არაფერი; თუ ეცდებიან ცეცხლითა და მახვილით ამოაგდონ აქაურ ტომთა კულტურა, თავისებური ზნე-ჩვეულებანი და სხვა - ეს კულტურულია, კარგია, ხოლო თუ სცადე შენი თავის დაცვა, შენი კერის დარაჯობა, შენი ერის ქომაგობა, - ეს ველურობაა, უკულტურობაა“.

ნონა კუპრეიშვილის თქმით, ვახტანგ კოტეტიშვილი თავისი განათლებით, მსოფლმხედველობითა და პოლიტიკური მრწამსით სრულიად მიუღებელი იყო საბჭოთა რეჟიმისათვის.

„ევროპული ტიპის მოღვაწე იყო, ხოლო ბოლშევიკებს, პრორუსულის გარდა, არაფრის გაგონება არ სურდათ. გარდა ამისა, ვახტანგი იყო სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის წევრი. ეს პარტია კი იმედოვნებდა, რომ შესაძლებელი იყო როგორც სოციალური, ასევე ეროვნული საკითხების თანაბრად მოგვარება, მარქსიზმით შეიარაღებულმა რუსმა კომუნისტებმა კი წინა პლანზე წამოსწიეს კლასობრივი ბრძოლა, რომელიც გამორიცხავდა რამე სახის პარალელურ გადაწყვეტას. შესაბამისად, ვახტანგ კოტეტიშვილი იყო იდეოლოგიურად მიუღებელი ადამიანი. გარდა ამისა, ის იყო შესანიშნავი ლექტორი, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, პრაქტიკულად ართმევდა სტუდენტებს სხვა ახალგამომცხვარ საბჭოთა პროფესურას. რა თქმა უნდა, ის ყველას უშლიდა ხელს“, უთხრა ნონა კუპრეიშვილმა რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ კოტეტიშვილმა თავისი სიცოცხლის არასრულ 45 წელიწადში წარმოუდგენლად ბევრი რამის გაკეთება მოასწრო. ისწავლა როგორც პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიური ინსტიტუტის პედაგოგიურ, ასევე ტარტუს უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, დაამთავრა სამხატვრო აკადემია და ყველა სფეროს, რომელშიც საქმიანობდა, მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია, თუმცა, როგორც ეთერ თათარაიძე მიიჩნევს, ნიჭიერებასთან ერთად, ვახტანგ კოტეტიშვილის პიროვნების ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ოჯახმა.

„ის იზრდებოდა ფანტასტიურ ოჯახში, საოცარი დედისა და მამის ხელში! ვახტანგის მამა მღვდელი იყო, მამა ილია, რომელიც, როცა ჯვარსა და ზარს გლეჯდნენ მამადავითს, პირდაპირ ავიდა იქ და ბრძოლით დაიცვა, მაშინ როცა სხვა ვერავინ ხმას ვერ იღებდა. ვახტანგი იყო ამ მამის შვილი და არ შეიძლებოდა, რომ სხვანაირი შვილი გაზრდილიყო იმ სახლში. იქ ერთმანეთის მემჯობე შვილები გაიზარდნენ. უბრალოდ, როგორც ვაჟა-ფშაველა ჩრდილავს თავის ძალიან კარგ ძმებს, ისე ვახტანგიც... მართლა გაგიკვირდება ადამიანს, ისეთი იყო. არ მჩვევია ადამიანებზე ზედმეტად აღმატებულად ლაპარაკი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ის იყო უფლის საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის“, უთხრა ეთერ თათარაიძემ რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG