Accessibility links

logo-print

ვახტანგ მაისაია მისი წამების ფაქტების გამოძიებას და საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნას მოითხოვს


ვახტანგ მაისაია

ვახტანგ მაისაია

პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ვახტანგ მაისაია, რომელიც ჯაშუშობისათვის იხდიდა სასჯელს, პროკურატურას მის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების მოთხოვნით მიმართავს და აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც მის წამებაში მონაწილეობდნენ, კვლავაც თანამდებობებზე რჩებიან. ოფიციალური განცხადება პროკურატურაში მან 21 ოქტომბერს უკვე შეიტანა. მაისაიას იურიდიულ დახმარებას ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“ უწევს, რომლის წარმომადგენელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა გამოძიებას აჭიანურებს. ვახტანგ მაისაია ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ორჯერ დაკითხეს, თუმცა მას მერე მისი საქმე, სხვა ასობით დაზარალებულის საქმის მსგავსად, წინ აღარ წასულა.

ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებულმა პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წლის 13 სექტემბერს დატოვა, თუმცა ციხეში მისი წამების ფაქტები დღემდე არ არის გამოძიებული. „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მათი ორგანიზაცია ამ საქმის განვითარებას ფეხდაფეხ მიჰყვება და პროკურატურას კონკრეტულ რეაგირებას მოსთხოვს. ცენტრში ფიქრობენ, რომ ვახტანგ მაისაიას საქმე უნდა გახდეს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეების გამოძიების ბიძგი:

“ჩვენ შევძლებთ, რომ ვახტანგ მაისაიას საქმის ადვოკატირების შემდეგ სხვა მოქალაქეებსაც დავეხმაროთ. ვახტანგ მაისაია პროკურატურამ თავისი ინიციატივით უკვე დაკითხა, ისევე როგორც წამების სხვა არაერთი მსხვერპლი, თუმცა მას შემდეგ საქმე წინ აღარ წასულა. სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დროულად გამოიძიოს წამების ფაქტები და დამნაშავეები დაისაჯონ“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ავალიანიც ფიქრობს, რომ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების თვალსაზრისით, პროკურატურას ჯერჯერობით პრობლემები აქვს - საქმე ან საერთოდ არ წარმოებს, ან გამოძიება უსაშველოდ ჭიანურდება. რაც შეეხება კონკრეტულად ვახტანგ მაისაიას საქმეს, ავალიანის განცხადებით, ის წამების სხვა არაერთ მსხვერპლთან ერთად დაიკითხა, თუმცა კონკრეტულად მისი წამების ფაქტებზე ეფექტური გამოძიება არ მიმდინარეობს:

მხოლოდ ჩემს საქმეში სამი ქვეყნისა და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესი ფიგურირებს. ეს საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. მინდა გამოვყო კიდევ ერთი ადამიანის, ირაკლი ბატკუაშვილის, საკითხიც, რომელიც იყო საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ნატოში და ასევე დაიჭირეს...
„ვახტანგ მაისაიას მიმართ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ - დახვრეტისა და მოხრჩობის იმიტაცია, კარცერში მოთავსება თუ ფიზიკური შეურაცხყოფა. სწორედ ამ ფაქტებზე ვითხოვთ 21 ოქტომბრის განცხადებაში რეაგირებას“.

თავად ვახტანგ მაისაიასათვის არა მხოლოდ მისი კონკრეტული საქმე, არამედ, ე.წ. ჯაშუშების -კილაძის, კიღურაძის; ფოტოგრაფების, „ენვერის“ საქმეები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის კავშირში.

„მხოლოდ ჩემს საქმეში სამი ქვეყნისა და ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესი ფიგურირებს. ეს საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებს. მინდა გამოვყო კიდევ ერთი ადამიანის, ირაკლი ბატკუაშვილის, საკითხიც, რომელიც იყო საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ნატოში და ასევე დაიჭირეს. ანუ ნატოს ორ თანამშრომელზეა ლაპარაკი. მის გარდა, კიდევ სხვა მაღალი რანგის სამხედრო წარმომადგენლების დაჭერასაც აპირებდნენ“.

ვახტანგ მაისაია დამნაშავეების დასჯას მოითხოვს და მიმართავს შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, მოეხსნას მის კონკრეტულ საქმეს გრიფი „საიდუმლო“.
ვახტანგ მაისაია ასევე აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც პატიმრების წამებაში მონაწილეობდნენ, არათუ რჩებიან თანამდებობებზე, არამედ ისინი დააწინაურეს კიდეც და მას ამის დოკუმენტური მტკიცებულებები აქვს.
ვახტანგ მაისაიას ამ ეტაპზე, როგორც პოლიტპატიმრის სტატუსის მქონეს, მოხსნილი აქვს ნასამართლეობა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის მოხდება მისი რეაბილიტაცია და როდის გაუქმდება მისი განაჩენი, რასაც მაისაია ასევე მოითხოვს. პროკურატურაში განგვიმარტეს, რომ ეს პროცესი განაჩენის გადახედვის კომისიის შექმნამდე გაჭიანურდება, თავად პროკურატურას კი განაჩენის გადახედვის უფლებამოსილება არ გააჩნია.
აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში ამ ეტაპზე 200 000 საქმის გამოძიება მიმდინარეობს. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა პაიჭაძე გვეუბნება, მხოლოდ წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვის ამ ეტაპზე გასული წლის პირველი ოქტომბრიდან 51 ადამიანია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. რაც შეეხება კონკრეტულად ვახტანგ მაისაიას საქმეს და მის საჩივარს, ხათუნა პაიჭაძის ინფორმაციით, მის საქმეს თბილისის პროკურატურა განიხილავს და გამოძიების დასრულებისთანავე გამოძიებისათვის შედეგები ცნობილი გახდება. თუმცა, მისივე თქმით, რთულია თქმა როდის დასრულდება გამოძიება.

თუ პროკურატურისგან ამ საქმეს ადეკვატური რეაგირება არ მოჰყვა, ადამიანის უფლებათა ცენტრი საქმეს სტრასბურგში წაიღებს და უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაავალდებულებს საქართველოს პროკურატურას საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას.
XS
SM
MD
LG