Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ სალუქვაძე - ტყვიის მსროლელი, მწვრთნელი


7 აგვისტო, კვირა

გადაცემა „ოლიმპიური დღიური“ ხუთის ნახევრიდან იწყება. ხუთის ნახევრამდე ჩემთვის არაფერი ხდება. დღევანდელ დღეს ველოდი, ამბავი მაინტერესებს. ჩვენსა და ბრაზილიას შორის დრო ისე განსხვავდება, აქამდე ვერაფერი გავიგე.

ცოტნე გამოდიოდა გუშინ და თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა – 577 ქულა. ლიცენზია 579 ქულით მოიპოვა, თუმცა, 576 ქულითაც იგებდა ლიცენზიას. ოლიმპიადაზე 29-ე ადგილი დაიკავა. მე კმაყოფილი ვარ. ორი კაცისთვისაც რომ მოეგო, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, ამან კი თითქმის ნახევარს მოუგო. თითქმის ყველა მონაწილე მასზე უფროსი იყო. ნინომ რომ მოიგო ოლიმპიადა, უკვე გამოცდილი იყო – ევროპის იმდენი ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული და იმდენი მსოფლიო რეკორდი ჰქონდა დამყარებული, რომ დარწმუნებული ვიყავი, მოიგებდა ოლიმპიადას. მეორე „ვერცხლი“ რომ აიღო, იმაზე დამწყდა გული, „ოქრო“ მინდოდა იქაც.

ცოტნე ჯერ ისეთი გამოცდილი არ არის, მაგრამ შედეგი აქვს. კმაყოფილი დავრჩი ამ შედეგით.

სავარჯიშოდ სხვა ქვეყნებში დავდივართ, სომხეთში, აზერბაიჯანში... ნინოს ტირი აქვს ხუთადგილიანი, ბავშვები დადიან. დღისით არ სცალიათ და საღამოს რიგში დგანან, როდის მოუწევთ სროლა. არ გვაქვს წესიერი ტირი. ყველა გვპირდება, მაგრამ დაპირება დაპირებად რჩება.

ცოტნემ 50 მეტრზეც უნდა ისროლოს. არადა, ქვეყანაში არა გვაქვს 50-მეტრიანი ტირი. ადრე გვქონდა, სოხუმში დავდიოდით. ახლა სასროლეთი აღარა გვაქვს, არც აჭარაში, არც ვაშლიჯვარში, საერთოდ აღარა გვაქვს. ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავთ სომხეთში, პეტიკიანი, იმას აუშენეს თანამედროვე ტირი და იქ დავდივართ სავარჯიშოდ. პეტიკიანზე ადრე ნინო იყო ოლიმპიური ჩემპიონი (ოცამდე მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული), მაგრამ ტირი არა გვაქვს.

ნინოსაც რთულ პირობებში უწევს ვარჯიში. 25 მეტრზე ღია ტირში უნდა ისროლო, ნინოს კი დახურული ტირი აქვს. ღია ტირში სასროლად საზღვარგარეთ დავდივართ. იმ პირობებში უნდა ისროლო, რა პირობებშიც შეჯიბრი ჩატარდება. რას ველოდებით?! პარადოქსია, რომ ჩავდივართ და ვუგებთ, მაგალითად,გერმანელს, მაშინ, როცა გერმანიაში ყველა სოფელში ტირია. ალბათ, ნიჭის ამბავია. ნინოს ისეთი რეკორდი აქვს დამყარებული, ჯერ არავის მოუხსნია. უბრალოდ, პირობები შეცვალეს და ახალ პირობებში დაიწყეს რეკორდების ათვლა.

სეულში, 1987 წელს, წინასაოლიმპიადო წელიწადს, (ნინო მაშინ 18 წლის იყო) სპორტული პისტოლეტით სროლაში რუმინელის რეკორდი იყო 594 და ყველა ფიქრობდა, რომ ამაზე მეტი შეუძლებელია გაკეთდეს და იქ ნინომ აჩვენა 595, თანაც 100-დან 100 ფინალში. ეს შედეგი არავის მოუხსნია და ვერც მოხსნიდნენ. შეცვალეს მერე ათიანის გაბარიტები და ხელახლა დაიწყეს რეკორდების ათვლა. იქაც პირველი რეკორდი ნინომ გააკეთა, 593-მდე აიყვანა და ახლა 594 არის რეკორდი.

თავისუფლების დღიურები - ვახტანგ სალუქვაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:19:38 0:00

8 აგვისტო, ორშაბათი

გუშინ ისროლა ნინომ, მაგრამ შედეგები არ ვიცოდი. მერე ვნახე, ინტერვიუ აიღეს მისგან. კარგად დაუწყია, ხუთი საკონტროლო ათიანით დაიწყო სროლა. თან ახლა დრო შემცირებულია, 40 გასროლაზე 50 წუთი აქვთ. ავტომატივით უნდა ისროლო, რომ გასროლა მოასწრო. კარგად დასაფიქრებლად დრო არ არის. ნინომ თქვა, ასე ცხოვრებაში არასოდეს დავღლილვარო. ძალიან მოინდომა, როგორც ჩანს, მაგრამ არ გამოვიდა.

ახლა ბულაჩაურში ვართ, აგარაკზე. მთელი დღე ამბავს ველოდებით.მარტო საზოგადოებრივ არხზე არის სპორტული გადაცემები. ხუთის ნახევარზე იწყება „ოლიმპიური დღიური“. მანამდე ვერაფერს ვიგებ. მთელი დღე ვფიქრობ, აბა, ახლა რას აკეთებენ, ალბათ ძინავთ... ველოდები, როდის მოვა ხუთის ნახევარი. რომ დაიწყება გადაცემა, მერეც მარტო ჭიდაობაა, სროლაზე არაფერს ამბობენ. არადა, მე სროლა მაინტერესებს. ფინალი იქნებაო, მაგრამ ფინალამდე როგორ ისროლა, არ უნდა ვიცოდე? არ ვიცოდი, რამდენი ქულა აიღო. აჩვენეს ქალებისშაშხანიდან სროლა, სულ არ მაინტერესებდა. თბილისში დავრეკე, ინტერნეტში ნახეს და ეს შემეშველა. არც დაფას აჩვენებენ, ვინ რამდენი ქულა აიღო, მარტო ფინალისტებს აჩვენებენ.

ძალიან კარგად გამოვიდა ლაშა შავდათუაშვილი. მეგონა, წინა ოლიმპიადა შემთხვევით მოიგო, მაგრამ ძალიან კარგად გამოვიდა. ერთი შეხვედრა წააგო იაპონელთან, რომელმაც ყველა შეხვედრა სუფთად მოიგო და მარტო ლაშასთან ვერ მოიგო სუფთად. ბრინჯაოს მოსაგებად შეხვდა რუსს. ის რუსი იგებდა, მაგრამ 18 წამი რომ რჩებოდა, ლაშამ ორი ვაზარის აღება მოახერხა.

9 აგვისტო, სამშაბათი

ისევ ველოდები „ოლიმპიურ დღიურს“. დაიწყო, და ისევ ჭიდაობა. მერე ნინოს ამბავიც თქვეს. ნინომ პირველი ნახევარი სპორტული პისტოლეტით ისროლა. 289 ქულა აქვს და ჯერჯერობით, მე-16 თუ მე-17 ადგილზეა. მაგრამ ვიცოდი, რომ ფინალში შევიდოდა, რადგან მეორე ნახევარში უკეთ ისვრის ხოლმე. ახლაც ასე მოხდა და მესამე შედეგით შევიდა ფინალში. ამჯერად, სხვებმა ისროლეს უკეთ. ჩემპიონი, ბერძენი ანა კორაკაკი ძალიან კარგი მსროლელია, ვერცხლის მედალოსანი, გერმანელი მონიკა კარში კი არ ელოდა ასეთ წარმატებას და სიხარულისგან ხტოდა, აღარ ენაღვლებოდა, წააგებდა თუ არა ფინალს, მეორე ადგილითაც კმაყოფილი იყო. ნინო მეექვსე ადგილზე გავიდა. არადა, ფინალში მესამე შედეგით შევიდა. კმაყოფილი ვარ მაინც, ნინომ გროსმაისტერის შედეგი „გააკეთა“.

10 აგვისტო, ოთხშაბათი

ცოტნეს გამოსვლას ველოდები. ისევ ხუთის ნახევარზე გვეტყვიან, როგორ ისვრის ცოტნე. ხუთის ნახევარიც მოვიდა, მერე ექვსი გახდა, მერე შვიდი... ვნერვიულობ. თუმცა, არაფერს ველი – 50-მეტრიანი ტირი არ გვაქვს და ამ სახეობაში მარტო შეკრებებზე ვვარჯიშობთ. სამი შეკრება გვქონდა სულ: სომხეთში, ბულგარეთში და აზერბაიჯანში. ორჯერ ათ-ათი დღე და ერთხელ ორი კვირა, მთელი წლის განმავლობაში! წელიწადში სამი შეკრება საკმარისია? განა, ყოველდღე არ უნდა ივარჯიშო?

არც ნინოს აქვს კარგი პორობები. ნინო ახლა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტია. ყველა მასთან მიდის, თუ რამე პრობლემაა. ნინოს არ შეუძლია, გულგრილად მიუდგეს საქმეს. ამიტომ საღამომდე დაკავებულია. საღამოს მოდის დაღლილ-დაქანცული და სრულფასოვან ვარჯიშს ვეღარ ასწრებს. ვუთხარი კიდეც, ნინო, გაითავისუფლე თავი-მეთქი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ, თუ ოლიმპიადისგან რამეს ველოდებით, სპორტსმენებს სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ.

მერე, როგორც იქნა, გავიგე, რომ ცოტნეს უსვრია. საკმაოდ კარგი შედეგიც ჰქონია – 553 ქულა. ეს გროსმაისტერის შედეგია. არადა, ისევ ერთადერთი იუნიორი მონაწილეობდა მსროლელთა შეჯიბრებაში, დანარჩენი ყველა გაცილებით უფროსი და გამოცდილი იყო: ოლიმპიური ჩემპიონები, რეკორდსმენები. მოკლედ, მე ძალიან კმაყოფლი ვარ...

ცოტნე ძალიან მიჯერებს, მორბის ხოლმე ჩემთან. ყველა რაღაცას ასწავლის, მაგრამ მაინც ჩემთან მორბის, ჩემი სჯერა. ფიზიკურად ძლიერი ბავშვია. ბულაჩაურში ხომ ვცხოვრობთ, ორსართულიანი სახლი გვაქვს. რომ ვეტყვი, რამე ჩამოიტანე-მეთქი, კიბით კი არ ადის, ბოძებზე და რაღაცებზე ძვრება, მერე გადმოხტება ხოლმე და ისე მოიტანს რამეს. მძლეოსნობაზე უნდა მიგვებარებინა, ჯოხს, ისე ისვრის, როგორც შუბს, არ უყურებს არაფერს, ერთხელ ბებიამისს კინაღამ თვალი გამოსთხარა.

სხვა დღევანდელ ამბებს რაც შეეხება, კარგად დაიწყო ლიპარტელიანმა. მოიგო პირველი ბრძოლა, მეორე და მესამეზე იაპონელი შეხვდა, ძალიან მაგარი, რომელმაც ყველა შეხვედრა სუფთად მოიგო. ისე შემეცოდა, რომ თქვა, ოცნება ვერ ავისრულეო. ტიროდა და კინაღამ მეც ვიტირე. მაგარი ბიჭი ყოფილა, ძალიან მაგარი!

11 აგვისტო, ხუთშაბათი

დღეს დასანანი წაგება ჰქონდა მოფარიკავე ბაზაძეს. ჩემი აზრით, მაღალი დონის სპორტსმენია. ახლა მოჭიდავის იმედი მაქვს – ბექა ღვინიაშვილის. თავისზე უფრო მძიმეწონიანებს კარგად გაუმკლავდა, მაგრამ ნახევარფინალში ვერ გავიდა. დიდი უპირატესობა ჰქონდათ სხვებს, რადგან ათი კილოთი მეტს იწონიდნენ. ბექა ღვინიაშვილი 93 კილოგრამს იწონის, წონა მოიმატა და უფრო დიდ წონოსნებში გამოვიდა. ტექნიკურად მზად არის, მაგრამ ფიზიკური მომზადება არ ეყო. არადა, ჯერ 20 წლის არის, ახლა მაგან ძალა უნდა მოიკრიბოს, უფრო ღონიერი იქნება და შემდეგ ოლიმპიადაზე, ვფიქრობ, ჩემპიონიც გახდება.

12 აგვისტო, პარასკევი

დღეს ყველანი ვქომაგობდით ადამ ოქრუაშვილს, რომელმაც პირველ ევროპულ თამაშებზე გაიმარჯვა ბაქოში. არ გაუმართლა წილისყრისას, პირველივე ორთაბრძოლაში იაპონელს შეხვდა და წააგო. მცირე უპირატესობით მოიგო იაპონელმა. არადა, ვინც მერე იჭიდავა ბრინჯაოსთვის, ყველა დამარცხებული ჰყავს ოქრუაშვილს.

ბატუტზე მხტომელი გამოვიდა, ლუბოვ გოლოვინა. კარგი გოგოა. მამამისია მწვრთნელი. როგორც ჩანს, ტრავმირებული ფეხი კარგად ვერ აღიდგინა. რთული ილეთები შეასრულა, მაგრამ ტექნიკაში დაუწერეს დაბალი ქულები და მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ტრადიციულად სუსტები ვართ ფიზიკურ მომზადებაში, გინდ კრივი იყოს, გინდ ჭიდაობა, გინდ ძალოსნობა. ჟაბოტინსკი რომ იყო, ოლიმპიური ჩემპიონი, მეხიკოში იყვნენ ჩვენებთან ერთად შეკრებაზე და 30 წამი ვერ დაიჭირა პისტოლეტი, ჩამოუვარდა ხელი. ფიზიკური მომზადება ყველა სახეობაში არის საჭირო.

13 აგვისტო, შაბათი

ჩემთან ერთად, ჩემი მეუღლე უყურებდა ნინოს ფინალს. ცოტა აჩვენეს ძალიან, მაგრამ ისეთი გულისცემა ჰქონდა, მისი პერანგი ათ სანტიმეტრზე ადიოდა და ჩამოდიოდა. ძალიან ძნელია, როცა ოლიმპიადაზე მიდიხარ და სულ იმას გიმეორებენ: „ნინო, იცოდე, ოქრო!, ნინო, იცოდე, ოქრო!“ ეს წარმოუდგენელი დატვირთვაა. მაგრამ ყველას როგორ გააჩუმებ? ქმარი და შვილიც რომ მაგას გეტყვის... ყველას უნდა „ოქრო“, მაგრამ ასე არ უნდა დატვირთო ადამიანი ფსიქოლოგიურად. პირიქით, სხვანაირად უნდა უთხრა. მე, მაგალითად, ვეუბნები ხოლმე: ცოტნე, ახლა შენ გამოცდილება მიიღე, ნუ გეშინია, ისროლე, ბოდიში და, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე-მეთქი... ჰოდა, მანაც გროსმაისტერის შედეგი აჩვენა.

ჩემი გზაც რთული იყო. სროლაში შემთხვევით მოვხვდი. ფეხბურთს ვთამაშობდი, და არ ვთამაშობდი ცუდად. ჯარში რომ არ წავსულიყავი, „დინამოში“ მოვხვდებოდი. სამხედრო სასაწავლებელი დავამთავრე, ლეიტენანტი ვიყავი. ჩავედი ნაწილში და ოცეული ჩამაბარეს. იქ ტარდებოდა შეჯიბრი ოფიცრებს შორის – ათასეულის პირველობა. მითხრეს, ახალგაზრდა ხარ და მონაწილეობა მიიღეო. მივიღე და მოვიგე. ათი გასროლა იყო და მოვიგე. მერე დივიზიის ნაკრებში ჩამრთეს და ოდესის სამხედრო ოლქის პირველობაზე წავედი. ჩვენი დივიზიიდან მარტო მე გავაკეთე მეორე თანრიგი, მარტო მე მივიღე ჩათვლა რევოლვერით სროლაში. მერე, 1957 წელს, ჯარში შემცირებაში მოვყევი და თბილისში ჩამოვედი. ჩემი დის სკოლაში ერთი მსროლელი ბიჭი სწავლობდა და იმასთან წაიტრაბახა, ჩემი ძმა ჩამოვიდა, პირველი თანრიგი აქვს სროლაშიო. იქიდან „დოსააფში“ მოვხვდი. მეორე წელს ოსტატი გავხდი, 1960 წელს სტიპენდია დამინიშნეს და ნაკრებშიც შემიყვანეს...

ისევ ველოდები „ოლიმპიურ დღიურს“, საღამოს გავიგებ შედეგებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG