Accessibility links

ვახუშტი კოტეტიშვილი თითქმის მთელი ცხოვრება საკუთარ ლექსებს არ პატრონობდა, არ აბინავებდა, საერთო ჭერს არ უძებნიდა მათ, არ გამოჰყავდა სამზეოზე... თითქოს თავის ნებაზე ჰყავდა ისინი მიშვებული, თითქოს ყოველ მათგანს საკუთარი ბედისწერა ჰქონდა და მას კი არ ჰქონდა ამ ბედისწერაში ჩარევის უფლება. ამიტომაც ეს ლექსები მიმოიფანტნენ, ერთმანეთთან კონტაქტი დაკარგეს, უკვე თითქოს მკითხველს თუ მსმენელსაც აღარ ეძებდნენ. მათი დიდი ნაწილი 1992 წელს თბილისის ომის ცეცხლშიც ჩაიბუგა ავტორის სახლთან ერთად. სიცოცხლის ბოლოსკენ ერთი თხელი კრებული ძლივსღა მოაკოწიწა ვახუშტიმ - "ქვიშის საათი". ამ კრებულში მოხვედრილ იღბლიან ლექსებს რომ წაიკითხავდი, გული დაგეწვებოდა, შეიძლებოდა გაბრაზებულიყავი კიდეც, - სწორედ მათ ავტორზე გაბრაზებულიყავი, - რომ დანარჩენ ლექსებს ვერ უპატრონა, დროზე არ მიუჩინა საჭირო ალაგი, რომ უიმედოდ დაკარგულნი იყვნენ ისინი, რომ მათ გემოს, ფერს, სუნს ვერასოდეს შეიგრძნობდი...

ვახუშტი კოტეტიშვილი

ვახუშტი კოტეტიშვილი

ვინ იცის, თავისი ნამდვილი მკითხველის წინაშე დანაშაულის რაღაც გრძნობა გაუჩნდა კიდეც მას სიცოცხლის ბოლოს და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ ასეთი სულიერი ძალისხმევით სცადა საკუთარი პოეტური ელვარების დატოვება არა მხოლოდ თარგმანების სახით, არამედ ორიგინალური ტექსტებითაც... ყოველივე ამის შედეგია ის 55 სონეტი, რომელიც ერთ კრებულად შეიკრა და სულ ცოტა ხნის წინ გამოიცა "მწერალთა სახლის" მიერ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. წიგნს ზაზა აბზიანიძის წინათქმა ერთვის და ოჯახის არქივში შემონახული ზურაბ ნიჟარაძის ჩანახატების ფრაგმენტებითაა გაფორმებული. გამოკვეთილი სათქმელით დატვირთულ ამ სონეტებს მეტი ილუსტრირება, ალბათ, არც სჭირდებოდა და არც მოუხდებოდა და ამიტომ ლექსების ხელმარცხნივ განთავსებული მხატვრის ეს ძირითადად აბსტრაქციაში გადასული მონასმები, უბრალოდ, კარგ ინტიმურ განწყობას ქმნის ლექსებთან განსამარტოვებლად.

წიგნზე საუბარი ვთხოვეთ პოეტს და მთარგმნელს გიორგი ლობჟანიძეს.

გიორგი ლობჟანიძე: დღეს უკვე ნებისმიერ კლასიკურ ფორმასთან მიბრუნება, იქნება ეს სონეტი, ტრიოლეტი თუ ასე შემდეგ, და ამ ფორმაში თანამედროვე ლექსის წერა ძალიან სარისკოა, იმიტომ რომ ფორმა ხშირად თავისთავად განსაზღვრავს ხოლმე შინაარსსაც და, მით უმეტეს,ისეთ მყარ სალექსო ფორმაში, როგორიცაა სონეტი. და შესაძლოა ძალიან რაფინირებული და დახვეწილი სონეტებიც დაწეროს თანამედროვე ავტორმა, მაგრამ მას აკლდეს სიცოცხლე და აბსოლუტურად გაუცხოებული დარჩეს თანამედროვე მკითხველისათვის. აი, ვახუშტი კოტეტიშვილის ეს სონეტები რითიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ის, რომ თან უდახვეწილესი ფორმაა, თან არის უაღრესად თანამედროვე, ცოცხალი და მსუნთქავი ტექსტი, რომელიც იკვებება დღევანდელობით, ასახავს ამ დღევანდელობას და, რაც მთავარია, იმოქმედებს დღევანდელობაზე და იმოქმედებს ქართული პოეზიის მომავალ განვითარებაზეც. ეს თვისება ზოგადად ახასიათებდა ვახუშტი კოტეტიშვილის ნებისმიერ ნამუშევარს, იქნებოდა ეს თარგმანი თუ სხვა სახის ტექსტი. გასაკვირი, ცხადია, არ არის, რომ სონეტის ფორმაში უაღრესად სრულყოფილი რამ მოგვცა, იმიტომ რომ ვახუშტი, როგორც მთარგმნელი, დიდხანს მუშაობდა სალექსო ფორმებზე. საერთოდ, მისი სადისერტაციო ნამუშევარიც იყო სპარსული რითმის სტრუქტურა და, ცხადია, როდესაც ამას თეორიულად იკვლევდა, მერე ეს თეორიული ცოდნა, ბუნებრივია, ეხმარებოდა თავის შემოქმედებაშიც, ოღონდ არასოდეს ხელს არ უშლიდა. არის ხოლმე, რომ არის, ვთქვათ, კარგი თეორეტიკოსი, მაგრამ როდესაც მიდგება საქმე პოეტურ შემოქმედებაზე, ის თეორია თეორიად რჩება და პოეტური შემოქმედება, პრინციპში, მშრალი და უნაყოფო გამოდის, ხოლო ვახუშტი ახერხებდა შეეთავსებინა ერთმანეთისთვის ძალიან დიდი ერუდიტი თავის თავში და, ამავე დროს, პოეტი, რომელიც სამყაროს პირველად, ბავშვის თვალით უყურებდა.

როდესაც ადამიანი არის ძირითადად ცნობილი როგორც მთარგმნელი, მერე რა მნიშვნელოვანი ტექსტიც არ უნდა დაწეროს მან თავისი, ორიგინალური, ყოველთვის აქვს მას ეს იარლიყი, რომ ის მთარგმნელია და მორჩა. ვახუშტის შემთხვევაშიც ასე იყო...

აღსანიშნავია, რომ სონეტები ძალიან მოკლე მონაკვეთშია დაწერილი: 2007 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ივნისამდე, და ეს ციკლის შინაგან მთლიანობაზეც ისახება. როგორც ზაზა აბზიანიძე წინათქმაში პირობითად არქმევს, ესაა "ფიქრები ლეთეს ნაპირზე", მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ "ლეთეს ნაპირთან დგომა", მართლაც, ლაიტმოტივად მიჰყვება მთელ კრებულს, ეს არანაირად ხელს არ უშლის ვახუშტი კოტეტიშვილს, რომ იყოს ვნებიანი, რომ იუმორით უყუროს რაღაცებს და ის სიბრძნე, რაც ცხოვრებაში დაუგროვდა, არ აქციოს გაქვავებულ, უგემურ ექსტრაქტად.

"მე ამ ქვეყანას სათავისოდ ვერაფერს მოვთლი,

ხელეჩო არ ვარ, ყველაფერი ჩემსკენ მოვხვეტო,

სულის ზღვის ფსკერზე ხავსიანი მიგდია ბოთლი

და ჩემი ვალი ის არის, რომ ამას მოვხედო,

რათა უეცრად არ ისროლოს ჯინმა საცობი,

ბებერი კია, მაგრამ ჯინი მაინც ჯინია,

კიდევ აჯობებს სხვებს გმირობით და ვაჟკაცობით,

რადგან არაფრის და არავის არ ეშინია", -

ამბობს ის თავის "ჯინის სონეტში" და რასაც ამბობს, ასრულებს კიდეც. ამ ლექსებში საცობი მართლა გასროლილია და ჯინი თუ ჟინი ბოლომდეა ამოშვებული. თან, ეს ამოშვებული ჯინი ფილიგრანული დიდოსტატობითაა თავის საჭირო „არტახებში ჩასმული“. ანუ, გამოდის, რომ ვახუშტი კოტეტიშვილის ჯინი სულის ზღვის ფსკერზე დაგდებულ ხავსიან ბოთლს ტოვებს და სხვა ბოთლში ინაცვლებს, „სონეტის ბოთლში“, მაგრამ ყოველგვარი შებოჭილობის გარეშე. „არტახები“ მასთან ზომა და გარითმვის წესები არაა მხოლოდ, ის ხელშესახები ფაქტურაა, ლაზათიანი ლექსიკაა, მოქნილი სტრიქონებია, ენასთან თამამი თამაშებია, ჟღერადობის ენერგეტიკაა, ინტონაციების ცვალებადობაა, უფრო კაშკაშას რომ ხდის სათქმელს. არადა, ერთგან, აი, იგი რას წერს:

"მე ამაქვეყნად გაცრეცილი ასლი ვარ მხოლოდ,

არსთაგამრიგეს არქივშია ჩემი დედანი".

ავტორის ამ ლოგიკას თუ გავყვებით, თავად მისი პოეზია ამ ასლის ასლი გამოდის. არადა, ამ "ასლის ასლებს" ოდნავი გაცრეცილობაც, ოდნავი სუროგატულობაც კი არ ეტყობა, ისინი შთამბეჭდავი უნიკუმებია და თუკი ინდუქციის მეთოდით ამ ტექსტების საფუძველზე არსთაგამრიგეს არქივში არსებული დედნის წარმოდგენას შევეცდებით, დაახლოებით, ალბათ, მივხვდებით, თუ რა დუღდა ამ ადამიანში და კიდევ უფრო მეტად დაგვწყდება გული, რომ ამ ყველაფრის „ასლის ასლებად“ ფურცელზე გადმოტანილი, მაინც ცოტა რამ შემოგვრჩა.

მოვუსმინოთ კვლავ გიორგი ლობჟანიძეს.

გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე

გიორგი ლობჟანიძე: როდესაც ადამიანი არის ძირითადად ცნობილი როგორც მთარგმნელი, მერე რა მნიშვნელოვანი ტექსტიც არ უნდა დაწეროს მან თავისი, ორიგინალური, ყოველთვის აქვს მას ეს იარლიყი, რომ ის მთარგმნელია და მორჩა. ვახუშტის შემთხვევაშიც ასე იყო, იმიტომ რომ ის საკმაოდ ნიჭიერი პოეტი იყო თუნდაც თავის თაობაში და თავისი ორიგინალური შემოქმედებითაც მას შეეძლო (ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო თარგმანები. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ დავუშვათ ასეთი რამ) ყოფილიყო უაღრესად პოპულარული, მაგრამ თითქოს გადასძალა იმან, რომ ის თარგმნიდა სრულიად კონგენიალურად. ცხოვრების ბოლოს დაწერილი ეს სონეტები იმის დასტურია, რომ ყველა პოეტური ტექსტის კარგად მთარგმნელი თვითონ არის ძალიან კარგი პოეტი. აქ ოსტატობის ისეთი დონეა, სადაც არც ერთი სიტყვა ზედმეტი არ არის. სონეტი კლასიკური ფორმაა, მაგრამ ლექსიკა ზოგჯერ არის ძალიან თანამედროვე და ზოგჯერ ულტრათანამედროვეც კი. ეს ყველაფერი მოდიოდა, ცხადია, გემოვნებიდან, ძალიან დიდი გემოვნებიდან და, რაც მთავარია, დიდი გამოცდილებიდან, რადგან სიცოცხლის ბოლოს წერდა ამ ყველაფერს. ზოგი სონეტი თავადაც ვიცოდი, რაღაცები დაბეჭდა კიდევაც, მაგრამ, რაც მთავარია, მე ვგრძნობდი, რომ ვახუშტი ამით სუნთქავდა, რაც დარჩენილი ჰქონდა ის სუნთქვა, რადგან რამდენჯერაც ავედი, სულ ამ სონეტებს მიკითხავდა ხოლმე, გაჭირვებით, უკვე აპარატზე მიერთებული კაცი დადგებოდა და მოუწყინრად წაგიკითხავდა ამ თავის სონეტებს, და რაღაცნაირად ისეთი სიხარული იყო ეს შემოქმედებითი სიხარული, რომ შენც გადმოგედებოდა. და, ცხადია, მაშინაც ძალიან მომწონდა, მაგრამ ერთად თავმოყრილი უკვე გამაოგნებლად კარგ შთაბეჭდილებას ახდენს.

ყოველივე იმის გამო, რაც გიორგი ლობჟანიძემ თქვა, ძალიან ძნელია ამ წიგნიდან რაიმეს გამორჩევა, მონიშვნა, ციტირება. ეს ერთი გაბმული, ცინცხალი დიალოგია სიკვდილთან იმ ადამიანის, რომელიც „ისე გავიდა ამ ცხოვრების ბოლო კარიდან, / რომ სიკვდილს თვალი ერთხელაც კი არ აარიდა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG