Accessibility links

22 დეკემბერი, კვირა
წუხელ პირველის ნახევრისთვის დავიძინე. კოლეგებთან მქონდა მიმოწერა. დღეს კვირაა. საერთოდ, დილით შეძლებისდაგვარად ადრე ვდგები. სამსახურში 9 საათზე უნდა ვიყო.ზაფხულში არა, მაგრამ ზამთარში კი მიჭირს სანახევროდ სიბნელეში ადგომა. მერე სულ „სხვათა შორის“ დავდივარ, განსაკუთრებით ნაშუადღევს. თავალებღია ძილი ვისწავლე, სულ არ არის ისეთი მოუხერხებელი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სრული განადგურება რომ ავიცილო თავიდან, კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოვიძინო. 10:45 საათზე მეღვიძება, ჩემს ტელეფონზე თუ რაიმე საკომუნიკაციო არხი არსებობს, ყველგან რაღაც შეტყობინებაა. იმეილები, BB ჩეთი, FB notification, what’s app, ყველაფერი იუწყება, რომ გუშინ, ღამით, თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის მერი გადააყენა, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე.

მგონია, რომ თბილისის მერის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს არა მარტო იმ კონკრეტულ საქმეში, რაშიც პროკურატურა ედავება, არამედ ბევრ სხვაშიც. თუმცა ეს ამბავი მაინც უხერხულად მეჩვენება. ბევრი მხრიდან შეიძლება ყური მოებას, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ ამ ბოლო დროს წაყენებული ბრალდებების ფონზე, ეს ეხება ყოფილი პრემიერის საქმეს და წუხელ საქმის განმხილველ მოსამართლეზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ხმებს. ყველაზე ცუდი მაინც თავად პროკურატურისა და პირადად პრემიერის მხრიდან ამ პრეტენზიებზე გაცემული არაადეკვატური პასუხებია. შემაშფოთებელი ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება იმავე შეცდომების დაშვებას იწყებს, რომლებსაც წინა გადაჰყვა. დიდად არც ერთზე არ ვდარდობ, უბრალოდ მათი შეცდომების ლიმიტი ჩვენი უფლებების ხარჯზე იწურება.

ამასობაში თათია მირეკავს და მახსენებს, რომ დღეს ანასტასიას ,,ბასტი-ბუბუში’’ ჩაწერა აქვს. შუა კვირაში შევპირდი, დავესწრები-მეთქი. სახლიდან სწრაფად გამოვდივარ, გადასაღებ დარბაზში უკვე ყველაფერი მოწყობილია. ანასტასია თვალებით მპოულობს. უცნაური მიმიკით მიღიმის, უნდა მოვიდეს ან მე მივიდე მასთან, მაგრამ უკვე ძალიან დავაგვიანე, ჩაწერა იწყება და უფროსებს ოთახს გვატოვებინებენ.

გადაღების მიმდინარეობისას მერის თემაზე განცხადების ტექსტის შეთანხმებას ვასწრებ და მერე ისევ თათიასთან და ბავშვთან ერთად მივდივარ გასართობ ცენტრში.

საღამოს 6 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში შეხვედრა გვაქვს უმცირესობის წარმომადგენლებთან. ძალიან ირონიულად მეჩვენება მათი მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დარდი. ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს დღევანდელი უმრავლესობისთვის, – ისინიც აუცილებლად გაებმებიან თავიანთი ძალადობრივი სისტემის ბადეში, თუ ასეთ რამეს შექმიან.

შეხვედრა გვიან მთავრდება. სახლში მივდივარ და ვხვდები, რომ სამწუხაროდ, დღესაც ვერ გავასწორებ სტუდენტების შუალედური გამოცდის ნაწერებს.


23 დეკემბერი, ორშაბათი
დღე 8 საათზე იწყება. ელექტრომადუღარას ვრთავ და ჩაის დაყენებას ვიწყებ. შემდეგ გარბენით – საუზმე. EMC-ში (ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი) თათული მხვდება. თათული ჩემი შემწეა ყოველ საქმეში. ის რომ არა, ინსტიტუციური რეფორმების ხელშეწყობის პროგრამა ვერ იმუშავებდა, ფაქტობრივად, პროგრამის „ჩრდილოვანი დირექტორია“. ხვალ გამთენიისას მიფრინავს ერთი კვირით და არ ვიცი, რა ეშველება ჩემს არეულ გრაფიკს, მიმოწერას და შიდა საოფისე საქმეებს. ყველა ორშაბათი სწორედ ჩემი და თათულის გრაფიკის დასაგეგმი შეხვედრით იწყება. 10 საათზე უკვე მე და ლაშა ვაჯამებთ გასულ კვირაში EMC-ის მედიაგაშუქებას.

11:00 საათზე ლექცია მეწყება ილიას უნივერსიტეტში. 11:30 საათზე პრესკონფერენცია გვაქვს. სამწუხაროდ, მე ვერ ვახერხებ წასვლას. არ მინდა ლექციის გაცდენა. უნივერსიტეტში წასვლას ვამჯობინებ. პრესკონფერენციაზე სოფო წავა. მე აუდიტორიაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ უნდა ვილაპარაკო. წინასწარ ასე მქონდა დაგეგმილი, ამ სემესტრში რაღაც წინასწარმეტყველური სილაბუსი გამომივიდა. ყველა ლექციაზე აქტუალური პრაქტიკული მაგალითები გვაქვს. წინა ორი კვირა ტერიტორიულ მოწყობაზე ვსაუბრობდით.

დღეს მნიშვნელოვანი ამბავი ხდება: გაეროს უნივერსალური, პერიოდული გადახედვის პროცედურის მიხედვით, რამდენიმე ორგანიზაციამ ჩრდილოვანი შუალედური ანგარიში მოამზადა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე და პრეზენტაცია ტარდება. ბევრი საკითხია პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რელიგიის თავისუფლებას. ბოლო ორი ათეული წელია, ეკლესიის ძალაუფლება და მის მიმართ სახელმწიფოს ლოიალობა იზრდება, წელს კი ეს ძლაუფლება სრულიად ავთენტიკურად, ძალადობის ფორმით მოგვევლინა. ამგვარად, სახელმწიფო ნელ-ნელა ქრება ყალბად მოელვარე სანთლების თვალისმომჭრელ სიბნელეში.

საღამოს ლექციები მქონდა. მოგვიანებით სამსახურში შევიარე. ლინა დამხვდა.

24 დეკემბერი, სამშაბათი
ვაპირებ, დილიდან დავიწყო წერა და საღ გონებაზე წინა დღეებსაც გადავხედო, ამიტომ დილის პროცედურებზე უარს ვამბობ და მეილს და ფეისბუკს არ ვნახულობ. მუსიკით ვიწყებ. Youtube თავად მთავაზობს რამდენიმე ვარიანტს. მეც ვირჩევ და IPN-ისკენ კურსორი მაინც გამირბის.

პროკურატურა უპასუხებს ყოფილი (თუ მოქმედი) მერის ბრალდებას გერმანიაში ჩვენი მთავარი პროკურორის ყაჩაღური ქურდობისთვის გასამართლების შესახებ. ისეთი განცდა მაქვს, ამ ინსტიტუტის თავზე შავი ღრუბლები გროვდება. თუ მოქმედ ხელისუფლებას ,,ოქტომბრიდან ოტომბრამდე’’ შევაფასებთ, შსს იყო ის სუსტი რგოლი, რომელზედაც ყველაზე მეტი შეცდომა მოდიოდა. ახალ ციკლში უპირატესობა პროკურატურის მხარესაა.

ამასობაში Playlist-ი დალაგდა და ჩემი კომპიუტერი Nina Simone-ს გარდაცვალების შემდეგ გამოსულ ალბომზე შეჩერდა. 2008 წლის ალბომს Protest Anthology (პროტესტის ანთოლოგია) ჰქვია.

ხალხი ნელ-ნელა მოდის სამსახურში. გუშინ ოთახებში დიდი გადაადგილება ხდბოდა. ამდენად, ახალი გარემოა. EMC-ი ერთი წელია, რაც შეიქმნა, ამიტომ სულ ცვლილებებსა და საკუთარი ადგილის ძიებაში ვართ. განსაკუთრებით, გვაღელვებს, სად დაიდგმებაა ჩვენი პირადი მაგიდები. ამას ისიც ემატება, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენს გუნდს ახალი წევრი შეემატა. დღეს მისი პირველი სამუშაო დღეა. ახალი პროექტის ფარგლებში, უნდა მოამზადოს კვლევა, ,,ნარკოტიკების ჩადების’’ პრაქტიკის შესახებ; კოდექსის იმ მუხლებზე, რომლებზედაც, ფაქტობრივად, "დგას" ქართული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება... არა გაქვს მტკიცებულება? უდებ ნარკოტიკს, სასამართლო უფარდებს წინასწარ პატიმრობას, მიგყავს გლდანში. გლდანში მოხეედრილი კაცი კი, რა ჩვენებაზეც გინდა, ხელს მოგიწერს.

ჩემი კომპიუტერის ეკრანზე მზის სხვები ეცემა და ვეღარაფერს ვკითხულობ. ეს ნიშნავს, რომ ჩემი ლექციაზე წასვლის დროა.

ლექციის მერე შეხვედრები იწყება, დასასრულ – სატელევიზიო ეთერი მთავარი პროკურორის თემაზე. ოფისიდან გასვლის წინ ლინასთან შევდივარ, მაგრამ უკვე წასული მხვდება.

25 დეკემბერი, ოთხშაბათი
დილით სახლიდან რომ გამოვედი, ყველას ეძინა. მერე თათიამ მომწერა, ანასტასიამ რომ გაიღვიძა, გიკითხა და ასე თქვა, ბაკურიანში თვითმფრინავით წამიყვანეთ, არასოდეს მიფრენიაო. მე კიდევ ამაზე რეი კურცვეილი და ტექნოლოგიური სინგულარობა გამახსენდა.

მშვიდი დღე იყო. თითქმის არ გავსულვარ სამსახურიდან. საღამოს „ბეთელში“ ვიყავი, თუმცა ამაზე ქვემოთ. მანამდე ქალაქში ავტომობილების მოძრაობაზე მინდა ვთქვა. არავითარი კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ავტომფლობელების უმრავლესობა უხეშად არღვევს ზღვარს მანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს შორის. მაგალითად, "ზებრაზე" გზას არ გითმობენ, ტროტუარებზე აპარკინგებენ, ტროტუარებზევე მოძრაობენ, თან, ვითომც აქ არაფერიაო, შენ გაძლევენ სიგნალს, რომ გზა დაუთმო. ახლაც, EMC-ში რომ მოვდიოდი, გზაში რამდენიმე მანქანამ ლამის გამიტანა. ხელისუფლება კი, ამგვარი საქციელის აღკვეთის მაგივრად, ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დამრღვევებისთვის ჯარიმების შემცირებაზე მუშაობს, ფეხით მოსიარულეებისთვის კი – გაზრდაზე. აქედან კარგად ჩანს ჩვენი პარლამენტის ხედვა – ის უფრო მეტად აძლიერებს მათ, ვინც ისედაც გაბატონებულია ჩვენს ქუჩებში, და კიდევ უფრო ასუსტებს ისედაც გადაშენების პირას მდგარ "ფეხით მოსიარულეთა სახეობას".

როგორც უკვე ვთქვი, საღამოს ,,ბეთელში’’ ვიყავი, ევანგელიკურ-ბაბტისტური ეკლესიისა და მუსლიმთა თემის მიერ მოწყობილ საშობაო ვახშამზე. ხუთი წელია რელიგიური უმცირესობების უფლებების საკითხზე ვმუშაობ მეტ-ნაკლები ინტესივობით და, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები ერთ რამეში - სოლიდარობა, უპირველესად, ცოდნით მოდის. რაც მეტი ვიცით განსხვავებული ჯგუფების ცხოვრების წესის შესახებ, მით უფრო მეტად გვესმის მათი ტკივილი, როდესაც ამ წესების აღსრულების შესაძლებლობას არ აძლევენ. შთამბეჭდავი საღამო იყო. ბოლოს ქრისტიანებმა და მუსლიმებმა ერთმანეთს ახალი აღთქმა და ყურანი გადასცეს საჩუქრად. გაისმოდა გალობა: "ქრისტე იშვა ბეთლემსა“ და "ისა იშვა ბეთლემში".

სახლში 10 საათისთვის ვბრუნდები.

26 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილით შეხვედრა მაქვს ოფისში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე ვმსჯელობთ. დღის ცენტრების პროგრამას სახელმწიფო ზედაპირულად ახორციელებს. არადა, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა სოციალური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ხელისუფლება აცხადებს, რომ ფინანსური შესაძლებლობები არა აქვს სოციალური უფლებების უზრუნველსაყოფად. მაგრამ აქ ორი შეცდომაა: ჯერ ერთი, ბიუჯეტის კონკრეტულ მუხლში ფულის არქონის მომიზეზება ბევრს არაფერს ნიშნავს, როდესაც უამრავი თანხა სრულიად გაუგებარი მიზნებით იხარჯება, და მეორე, უფრო გონივრული ადმინისტრირების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ამ რესურსებითაც შეიძლება უკეთესი მდგომარეობის მიღწევა.

შეხვედრისას სულ იმაზე ვწუხდით, რომ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება აგერ უკვე მეოთხე წელია ჯანჯლდება. ამ საკითხის ლობირებას დიდი ენერგია შეალიეს როგორც ჩვენმა სამოქალაქო სექტორმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. და აი, ამ საღამოს რაღაც უცნაური შეგრძნება მაქვს: პარლამენტმა კონვენციის რატიფიცირება მოახდინა. ეს ამბავი სალომესთან ერთად გავიგე. სამწუხაროდ, ემოციები აღარ დამრჩა, რომ გამოვხატო. ამდენი ადამიანის შრომა დასჭირდა ამის მიღწევას, მაგრამ ახლა რა იქნება? რა შეიცვლება მათთვის, ვისაც ეს დოკუმენტი ეხება?..

27 დეკემბერი, პარასკევი
თავისუფალი დღე მაქვს და ამიტომ საქმიან, თუმცა არაოფიციალურ შეხვედრებს ვნიშნავ. დილით სამსახურის ყოველდღიურ საქმეებს ვამთავრებ და შუადღისას გავდივარ.

თუმცა ერთი შეხვედრა მაინც გამოჩნდა: ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებით გასამართლებულ პირებთან. საოცარი ამბები მოვისმინე პოლიციის შესახებ, – როგორ არაადამიანურად ექცევიან პირდაპირ ქუჩიდან აყვანილ მოქალაქეებს. რა თქმა უნდა, უაზრობაა ნარკომომხმარებლების გასამართლება და ჩვენი სახელმწიფოს ნატკოპოლიტიკა. ვინც პროტესტის ნიშნად შარდის ჩაბარებაზე უარს ამბობს, პოლიციელები ბორკილებით ეზოებში აბამენ და ასე ჰყავთ საათობით, ვიდრე ბიოლოგიური პროცესები თავისას არ იზამს. ეს არაადამიანური მოპყრობის მაგალითია.

ნელ-ნელა ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ეს ერთწლიანი თავისუფალი სივრცე ისევ შევიწროებას იწყებს. ახალი პრემიერის მოსვლის შემდეგ შსს ფრთებს შლის და ვშიშობ, მალე ისევ ერთ დიდ პოლიციის განყოფილებაში არ მოგვიხდეს ცხოვრება.

საღამოს ცნობილი ხდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა. საზოგადოებრივი სექტორიდან კომისიაში ოცამდე კაცია, თუმცა ეს სია იმთავითვე ეჭვებს აღძრავს. მასში ბევრი შემთხვევითი ადამიანია; ბევრია პოლიტიკური ნიშნით შერჩეული და არა დამოუკიდებელი სპეციალისტი, ბევრიც – არაპროფესიონალი. რა თქმა უნდა, კომისიაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა დამოუკიდებლობა ეჭვს არ ბადებს, მაგრამ ისინი უფრო ფონს ქმნიან, ვიდრე რეალურ ძალას წარმოადგენენ. ისეთი ორგანიზაციებიც კი, როგორებიცაა „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კომისიაში ვერ ხვდებიან. ეს ყველაფერი კითხვის ნიშნებს ბადებს. ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ამ ქვეყანაში, რომ პროცესი თუ არ გამართე და ლეგიტიმური არ გახადე, ისე მისი შედეგი, რაც უნდა კარგი იყოს, ნდობას ვერ დაიმსახურებს.

28 დეკემბერი, შაბათი
დილით ლექციები მაქვს. იმიტირებულ პროცესებს ვაწყობთ სტუდენტებთან ერთად კონსტიტუციურ სამართალში. გიორგიმ გამომიარა სახლში და მისი მანქანით წამოვედით. ბოლო რამდენიმე კვირაა აღმოვაჩინეთ, რომ ლექციები ერთ დროს გვეწყება. არადა, მთელი სემესტრი ცალ-ცალკე დავდიოდით. კარგი შესაძლებლობაა, სხვა დროს ხშირად ვერ ვხვდებით. არადა, რაც თავი მახსოვს, გიორგიც მახსოვს. სულ ჭადრაკს ვთამაშობდით ეზოში. 10-დან 9-ს მიგებდა. მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარდა თამაში მაინცდამაინც მასთან, რაღაცებს ვსწავლობდი.

დღეს აქციაა ვაკის პარკის გადასარჩენად. პეტიციაც ვრცელდება, ათასობით ადამიანი აწერს ხელს. საოცარი სისწრაფით გროვდება ხელმოწერები. როგორც ჩანს, საზოგადოებას აწუხებს გარემოს პრობლემები. თუმცა ეს რაღაც აბსტრაქტული "წუხილია" – არავინ ცდილობს, თვითონ მაინც მოიქცეს ისე, რომ გარემო ნაკლებად დაბინძურდეს. ხომ შეიძლება მეტი ვიაროთ ფეხით, ნაკლები ავტომობილი გვყავდეს ოჯახში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შევაჩეროთ არჩევანი. მე მგონია, რომ საარსებო სივრცისთვის ბრძოლა პირველი ნაბიჯია ძალაუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ არ უნდა დავუშვათ ვაკის პარკის გაჩეხა.

29 დეკემბერი, კვირა
როგორც წინა კვირას, დღე ამჯერადაც გვიან იწყება. შუადღისას მე, ნინო ლომჯარიას და ეკა გიგაურს შეხვედრა გვაქვს. ჩვენს ბედკრულ სამშობლოზე უნდა ვისაუბროთ. უამრავი პრობლემა დაგროვდა და ჩვენი, სამოქალაქო სექტორის სტრატეგია მნიშვნელოვანია. დღეს ხედვები გავცვალეთ.

რამდენიმე დღის წინ „ახალგაზრდა იურისტებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის პლენარული სესიის დროს სტუმრებისთვის განკუთვნილი ლოჟებიდან საპროტესტო პლაკატები გადმოფინეს. აქციის მიზეზი მოწმის დაკითხვის წესში ცვლილებების ორი წლით გადავადება იყო. ვიცე-სპიკერმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, მანდატურებს პლაკატები ჩამოახევინა. ეს კიდევ ერთი ცუდი ნიშანია: მოქმედი ხელისუფლებაც მწვავედ რეაგირებს პროტესტზე. საინტერესოა, როგორ მოიქცევიან, ერთი კვირით რუსთაველი რომ გადაიკეტოს მანიფესტაციის გამო?

სახლში მოსული სტუდენტების ნაწერებს ვასწორებ. ვერ ვამთავრებ, მესამედი მრჩება, ხვალ დავამთავრებ.

30 დეკემბერი, ორშაბათი
მუდამ მაკვირვებდნენ ადამიანები, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიმართლის მონოპოლიზება შესაძლებელია, კიდევ უფრო კი ისინი, საკუთარ ვიწრო ხელისგულებზე რომ ეტევათ ამგვარი სიმართლე.

დილით შეხვედრა გვქონდა პროგრამის დაგეგმვისთვის, მერე შეტყობინებები. უკვე მეორედ ვფიქრობ ამ კვირაში, რომ ეს ცხოვრება იმეილების კითხვა ყოფილა: ზოგს წაუკითხავად შლი, მათგან ზოგს დაუფიქრებლად, ზოგზე ორჭოფობ; ზოგს დიაგონალზე კითხულობ, უფრო მეტს – გულდასმით. მერე პასუხების დროც მოდის და ოფისში ჯდომისთვის განკუთვნილი დღეც იწურება. იწყება შეხვედრები, კონფერენციები და საჯარო დისკუსიები, თუმცა დღეს არა. დღეს ოფისში ვარ. ბევრი მაქვს წასაკითხი.

ერეკლე ფოტოებს დებს ვაკის პარკიდან – შენც არ მომიკვდე, სასტუმროს მშენებლობა გრძელდება. შეძლებისდაგვარად სწრაფად გავდივარ. ერეკლე მეუბნება, რომ ლოკალური გამარჯვებაა; სამშენებლო მანქანები გაიყვანეს, მაგრამ, დავიშლებით თუ არა, მშენებლობა გაგრძელდება. სინამდვილეში საქმე გაძლებაზეა. ჰოდა, ამ საქმეში უპირატესობა ჩვენს მხარეს ნამდვილად არ არის.

ხვალისთვის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა დავგეგმეთ. ახალი წლის სამზადისს ვითვალისწინებთ და შუადღისას შევიკრიბებით. თათულის შეტყობინებას ვწერ. უხალისოდ, მაგრამ მაინც მთანხმდება. დილის 4 საათზე უნდა ჩამოფრინდეს. წერტილი დაესმება ჩემს არეულ კვირას.

დღის ბოლოს მთავარი პროკურორი გადადგა. საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო. როგორც ჩანს, ხელისუფლება ჯერ ისეთი ჰომოგენური არ არის, რომ აბსოლუტურად შეუვალი იყოს. ეს ქმნის შანსს დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

31 დეკემბერი, სამშაბათი
გუშინ მთავრობის მეთაურმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა მიღება გამართა. დილაა. სამსახურში, ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვზივარ, პრემიერის გუშინდელ მიმართვას ვუსმენ და თან ელიოტის "უნაყოფო მიწას" ვფურცლავ. გუშინ ვიყიდე ახალი გამოცემის პრეზენტაციაზე.

2013 წლის ბოლო დღეა. ყველა რაღაცას აჯამებს დაფეისბუკის კედლები ამითაა სავსეა. სულ მგონია, რომ „სმაილების“ გარეშე ვეღარ ვწერ. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სათქმელს ვერ გადმოვცემ.

31 დეკემბერი ნაძვის ხის აწყობის დროა, მაგრამ ანასტასიას დაჟინებული მოთხოვნით, უკვე რამდენიმე დღის წინ ააწყვეს. დიდი, ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს. მგონი, ბუნებრივ ნაძვს უფრო და უფრო იშვიათად დგამენ. კარგია, ისედაც უმოწყალოდ ვანადგურებთ გარემოს.

დღეს საახალწლო საჩუქრებიც მაქვს შესარჩევი. ამასობაში ერთი საჩუქარი წინდაწინ უკვე გავეცი, ამიტომაც ადრე მოვრჩები დღიურის წერას. თან საინტერესო ბევრი არაფერია. სადღესასწაულო დღეები ხომ ისედაც ერთნაირია ყველასთვის. ამიტომ ადამიანი ადვილად წარმოიდგენს, რა ხდება შემდეგ.
XS
SM
MD
LG