Accessibility links

logo-print

ვალეში სტალინის ქუჩის მცხოვრებლებს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. 208 ადამიანს ცხოვრება ავარიულ შენობაში უწევს და ყოველდღიურად საცხოვრებლის დანგრევას ელოდება. ისინი დახმარებისათვის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და მათგან საკითხით დაინტერესებას მოითხოვენ.

ციცინო მიგრიაულის მსგავსად, დახმარებას სტალინის 26 ნომერში მცხოვრები ყველა მოსახლე ითხოვს. ვალელები ხელისუფლებას ავარიული კორპუსების შეკეთებას ან მოსახლეობის ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ.

22 ავარიულ კორპუსში ცხოვრება 208 ოჯახს უწევს. ვალეში ამბობენ, რომ მრავალსართულიანი ბინები, დაახლოებით, 70 წლის წინ აშენდა. ადგილობრივების თქმით, შენობებს ბზარები ყოველდღიურად ემატება, ამ ათიოდე წლის წინ კი, მსგავს მდგომარეობაში არსებული ერთი კორპუსი მთლიანად დაინგრა. ადგილობრივთა ვარაუდით, შენობების ნგრევა მხოლოდ სიძველის ბრალი არ არის: ნაგებობა უხარისხო მასალისგანაა აშენებული, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ თურქეთიდან მომავალ მძიმეწონიან სატვირთო ავტომობილებს ქალაქში გავლა უწევთ. შენობები ტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი ბიძგების გამო ინგრევა. ვალელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

გამგეობაში ამბობენ, რომ პრობლემა მათთვის ცნობილია, მაგრამ ამ დრომდე მისი მოგვარება ვერ ხერხდება. საკითხი წლებია დღის წესრიგში დგას. გამგებლის წარმომადგენელი ვალეში განმარტავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ დრომდე გეოლოგების დასკვნას ელის. ელიოზ ბარბლიშვილი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს სტალინის #26-ში მდებარე კორპუსის გამაგრება შეიძლება მოესწროს.

ვალეში ავარიული შენობების მდგომარეობა გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დასკვნას ელის. სპეციალისტების პასუხზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ ვალელებს დანგრევის პირამდე მისულ სახლებში ცხოვრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG