Accessibility links

logo-print

29 ივნისი, კვირა

გათენდა. როგორც იქნა, ახდა ჩემი დიდი ხნის ოცნება და ჩართული ტელევიზორის წინ, დივანზე გამეღვიძა. ვგიჟდები, როცა დივანზე ჩამეძინება და არავინ მეუბნება: „ადექი,ადამიანურად დაწექი, წელი გეტკინება!“

სოფო ბათუმშია, დღეს ჩამოდის. ამიტომაცაა, რომ ავიშვი და ხმამაღლა ჩართულ ტელევიზორს დილამდე ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია.

დღეს აგარაკზე უნდა ავიდე, ხელმარჯვე ოსტატი ვაჟა უნდა ვნახო. ვაჟა აგარაკს მიშენებს.

აგარაკზე მამა, ძმა, ძმისშვილი და ჩემი მეგობარი ჯინო გამომყვნენ. ჯინო მხატვარია, არქიტექტორიც - ჩემი აგარაკის არქიტექტორი. ჯინო თანამედროვე ტექნიკას მაინცდამაინც არ აღიარებს, ამიტომაც არის, რომ ვაჟას გაკვირვებულ-შეშფოთებულ სახეზე ძლივს მიხვდები, გაიგო თუ არა რამე იმ უცნაური ნახაზებიდან, რომელიც არქიტექტორმა ჯინომ ბეტონის ფილაზე აგურის ნატეხით დაუხაზა და თვითდაჯერებულმა უთხრა - „აი, ეგ არის, რა, ჯიგარ!“ ვნახოთ, როგორი გამოვა ჩემი სახლი. იმედი მაქვს, იმ ადამიანს მოეწონება, სოფოს ახლა ბათუმიდან, თავისი პატარა ტრანსპორტით, მუცლით რომ მოჰყავს...

ასეთ მშვენიერ კვირადღეს ისე როგორ დავიშლებოდით, მამაჩემის ინიციატივით და დანარჩენების გულწრფელი დასტურით, კარგი ღვინით და მაყალზე აშიშხინებული მწვადით არ დაგვესრულებინა ეს მადლიანი დღე. ჩვენ ხომ ნაღდი ქართველები ვართ!

ასეც მოხდა. ჩემზე ღვინო მაინცდამაინც კარგად არ მოქმედებს, ამიტომ აქედან ამბის გაგრძელება გამიჭირდება. ჭიქიდან ჭიქამდე, სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე, სულ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ჩემთვის სუფრასთან მიმდინარე მოვლენები. ერთი ის მახსოვს, რომ ამასობაში სოფოც ჩამოვიდა ჩვენს მეგობრებთან და იმ პატარა ადამიანთან ერთად, ჯინო რომ სახლს უშენებს აგარაკზე. მომნატრებიან... მთვრალი და მონატრებული ადამიანი კი როგორ გამოხატავს ემოციებს, ცნობილია. თუმცა რა მოსაყოლია, როგორ ეხუტება მთვრალი კაცი ორსულ ცოლს.

ღამე

აღრიალებული ტელევიზორის წინ გათხლეშილ მთვრალს, დივანზე მოღრეცილს მძინავს. მესმის სოფოს ხმა: „კაი რა, ვანო, ადექი, რა, დაწექი ადამიანურად... გეტკინება წელი!..“

რა კარგია, ყველანი სახლში ვართ!

30 ივნისი, ორშაბათი

ორშაბათი მძიმე დღეა - იწყება ახალი კვირა, დასვენების შემდეგ ისევ რუტინული და დამღლელი სამუშაო დღეები, და ისევ ჩნდება იმედი იმისა, რომ მალე გაივლის ეს კვირაც და მოვა პარასკევი, დამსახურებული დასვენება.

ასე, საკუთარი სურვილით, უკუნითი-უკუნისამდე, სესხიდან სესხამდე, ზაფხულიდან ზაფხულამდე, დაბადების დღიდან დაბადების დღემდე, ვაჩქარებთ ჩვენს ცხოვრებას, ერთი სული გვაქვს, მალე გავიდეს დრო, მერე კი ვიტყვით, რა მოკლე ყოფილა ცხოვრებაო. მაგრამ რას ვიზამთ, ასე ვართ მოწყობილი და რა ჩვენი ბრალია...

...ცოტა გამიგრძელდა. დავუბრუნდეთ დილას. როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ადრე ავდექი, დილის რიტუალი ჩავატარე, მოვწესრიგდი, ცოლს დავემშვიდობე და სამსახურში გავიქეცი. დღეს ჩემი სამსახური წავკისშია, ერთ დიდ, ლამაზეზოიან სახლში - „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება მაქვს. გადაღება რთული პროცესია, დიდ დროს და შრომას მოითხოვს: უნდა დააყენონ განათება, უნდა გასწორდეს კადრი, მოეწყოს მოედანი, დალაგდეს რეკვიზიტი, გასწორდეს ხმა; მერე ყველა უნდა გაჩუმდეს, სიჩუმეში უნდა გაისმას რეჟისორის ხმა: „მატორ!“, მე უნდა გამოვიდე და ვთქვა: „აქა მშვიდობა!“ შემდეგ ისევ რეჟისორის ხმა: „სტოპ!“ გადაღებულია, გადავეწყოთ ახლა მეორე მხარეს. და ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი - თავიდან...

უჰ, ძალიან დავიღალე, მაგრამ რას იზამ, ასეთი პროფესია ავირჩიე. არა უშავს, ამაზე რთული სამუშაოც მქონია. აი, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მთელი თვის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, თითებმოკაკვული, წელში და მუხლებში მოხრილი, წვრილი ხმით ვჭყიოდი: „ჭყვიიიტ, ჭყვიიტ...“ და როცა მირეკავდნენ, ამაყად ვპასუხობდი: „არ მცალია, შენი ჭირიმე, სამსახურში ვარ და მოგვიანებით დამირეკე“. ღორი ვიყავი, ოღონდ არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ მართლა ღორს ვთამაშობდი თეატრში. გულს ის მიმშვიდებს, რომ იქ ჩემზე ღვაწლმოსილი არტისტებიც შემდეგ ხმებს გამოსცემდნენ: „მუუ“, „ბეე“, „ავ, ავ, ავ“, „მიაუ“ და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ...

წავკისიდან, ძალაგამოლეული, ფილარმონიაში ჩამოვედი. აქ „X ფაქტორის“ პირდაპირი ეთერია. დავჯექი კულისებში და კარგ შოუს ვუყურე. მართლა საუკეთესო მომღერლები არიან ეს კონკურსანტები! ჰო, მართლა, ესეც ჩემი სამსახურია.

ასე, ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილი და ქანცგაწყვეტილი მივლასლასდი სახლში. არა უშავს, შრომას კაცი არ მოუკლავს.

1 ივლისი, სამშაბათი

სოფო დიდი სიფრთხილით მანქანაში ჩავსვი და სამშობიაროში წავედით. არა, მშობიარობა ჯერ არ დაწყებია, ექიმთან ვართ დაბარებულები. ეს ბოლო კონსულტაციაა ბავშვის გაჩენამდე. ასე რომ, კარგი რეპეტიცია გამოვიდა ჩემთვის, როცა დრო მოვა, ორგანიზებულად როგორ წავიყვანო. თან, კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ მამა ვხდები. ძალიან უცნაური შეგრძნებაა. ემოციების ცვლა ჩემში კლასიკურად მიმდინარეობს და არაფრით არ გამოვირჩევი იმ უამრავი ადამიანისგან, ვისაც პირველი შვილი უჩნდება. მეც, როგორც ყველას, თავდაყირა დამიდგა ყველაფერი. დიდ სიხარულს და დიდ შიშს ერთდროულად ვგრძნობ. დაძაბულობა პიკს აღწევს და, რაც მთავარია, ერთი სული მაქვს, ბოლოს და ბოლოს ვნახო, ვინ ზის ჩემი ცოლის მუცელში, მთელი ეს პერიოდი ლაღად რომ დაბრაგუნობს იქ. მაგრამ ცოტა ხანს მოცდა მომიწევს...

ბატონი ნუკრი სოფოს ექიმია, მან უნდა ამშობიაროს. მისი კაბინეტი ერთადერთია მთელს ახლად გაწიკწიკებულ და გაპრიალებულ სამშობიაროში, რომლისთვისაც ოცი წლის განმავლობაში ხელი არავის უხლია. ამ კაბინეტში თითქოს დრო გაჩერდა. საოცრად დაგვაწყნარა მისმა დადებითმა აურამ, ბატონი ნუკრის გაწონასწორებულმა ხასიათმა და იმ ამბავმა, რომ ორსულობა, ჩემი ემოციებივით, კლასიკურად, კარგად მიმდინარეობს და კიდევ ერთ ჩვენს თანამემამულეს ორ კვირაში უნდა ველოდოთ.

ამის მერე, მთელი დღე, ყველა დანარჩენ ემოციას სენტიმენტალური გრძნობა სჭარბობდა. ამიტომ აღარ მოვყვები, როგორ წავედი „გამოუვალი მდგომარეობის“ რეპეტიციაზე (ჩვენ ხომ რაღაც კონცერტისთვის ვემზადებით), იქიდან როგორ მივედი თეატრში და სხვა სამსახურებში წვრილ-წვრილ საქმეებზე. ასეა თუ ისე, სახლში მისულს, ტკბილად დამეძინა.

2 ივლისი, ოთხშაბათი

ყოველ ოთხშაბათს „იღბლიანი ბორბლის“ ჩაწერა მაქვს. ჩაწერა დღეს უსაშველოდ გაიწელა. ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. ისეთი სიცხე იყო, გამარჯვებისთვის მტკიცედ მომართულ მონაწილეებს წაგებაც უხაროდათ. „იეე! წავაგე!“ - კიოდნენ და ამ სიტყვებით ბედნიერები ტოვებდნენ სტუდიას. შუქიც კი ჩაქრა. ამ სიბნელემ ნათელი მოჰფინა იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში „რეფორმები“ აშკარაა.

როგორც იქნა, გადაცემა მშვიდობიანად დასრულდა და იმ სპექტაკლის სანახავად გავიქეცი, რომელშიც ჩემი მეგობრის შვილი თამაშობდა. ნინი პატარა გოგოა, მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი - ასე შევაფასე ჩემი ნათლული მე - „დიდმა ექსპერტმა“. მოვეფერე და სახლში წამოვედი.

აბა, დღეს მე ვის რა ვარგე...

3 ივლისი, ხუთშაბათი

დღეს მთელი დღე სოფოსთან ერთად სახლში გავატარე.

4 ივლისი, პარასკევი

ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ ლაივ-კონცერტისთვის ემზადება. ბოლოდროინდელი გადატვირთული გრაფიკისა და სხვა მიზეზების გამო დღეს ბენდი პირველად შეიკრიბა სრული შემადგენლობით. რეპეტიციაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ უკვე მზად ვართ კონცერტისთვის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვვგონია. ეს ძალიან კარგი ამბავია, თვის ბოლოს, ალბათ, „მომღერალიც“ გავხდები.

ამ დღის სათქმელიც სულ ეს იყო. სახლში გვიან მივედი და ამ დღიურის წერა დავიწყე. ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე, თურმე, რთული ყოფილა. მთელი ღამე ვწერდი, დილის 5-6 საათზეა დაწერილი და ძილ-ბურანში მყოფი ადამიანის ნაფიქრს ჰგავს. არის კიდეც...

5 ივლისი, შაბათი

პირდაპირი მნიშვნელობით შემომათენდა. 11 საათზე საკონსულოს საქმეებზე მივრბივარ. ცხოველების ხმებს რომ გამოვცემთ, ის სპექტაკლი მიგვაქვს ედინბურგში, ფესტივალზე. ახლა ევროპასაც უნდა მოვასმენინოთ ეს იშვიათი ხმები.

მოკლედ, ეს საქმეც მოგვარე და უკან დავბრუნდი, დღიური მაქვს დასამთავრებელი. დღეს ეს ნაშრომი მევე უნდა ჩავწერო რადიო თავისუფლების ეთერისთვის.

დღიურის წერისას ძალაუნებურად ჩემს ცხოვრებას გადავხედე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ბევრი ამპლუა მქონია: მსახიობი, წამყვანი, მომღერალი და ახლა ახალი ამპლუისთვის ვემზადები - მამა უნდა გავხდე! მოკლედ, ყველაფერი კარგად არის და მომავალსაც კარგი პირი უჩანს. ეს ძალიან მახარებს!

XS
SM
MD
LG