Accessibility links

ბიზნესდავა ჩხარტიშვილსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის გრძელდება


18 ივნისს ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატებმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მედიისათვის საგანგებო ბრიფინგი მოიწვიეს და განაცხადეს, რომ სოციალური ქსელების საშუალებით და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ბიზნესმენის მოსალოდნელი დაკავებისა და ამ საფრთხის გამო მისი ქვეყნიდან ყალბი დოკუმენტებით გაქცევის თაობაზე ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძისა და მისი თანამოაზრეების მიერ აგორებული შავი პიარის ნაწილია და სიმართლეს არ შეესაბამება. ჩხარტიშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, ბიზნესმენის ადვოკატები მზად არიან ჩხარტიშვილის უდანაშაულობის დამამტკიცებელი საბუთები პროკურატურას წარუდგინონ, თუმცა სანამ კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება, გაბუნია ყველას მოუწოდებს, ნუ დაარღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და ვანო ჩხარტიშვილს დამნაშავედ ნუ გამოაცხადებენ.

უკვე ორი დღეა ბიზმესმენ ვანო ჩხარტიშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები რიგრიგობით მართავენ პრესკონფერენციებს და ერთმანეთის ბრალდებებს პასუხობენ. 18 ივნისს ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე და მისი თანამოაზრეები კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ბიზნესმენის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებაში:

„ჩვენ კონკრეტული ეჭვი გვაქვს, რომ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის გვერდით დგანან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც უნდათ შანტაჟის გზით გამოსძალონ ვანო ჩხარტიშვილს გარკვეული თანხა. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ ინა გუდავაძესთნ წლების განმავლობაში არაერთი შეთავაზება გაკეთდა ამ ბიზნესდავის დასასრულებლად, თუმცა უშედეგოდ. მან ყველაფერზე უარი განაცხადა“.

ბიზნესდავა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგაც უკვე წლებია გრძელდება. 2012 წლის მიწურულს პატარკაციშვილის ოჯახმა გენერალურ პროკურატურას ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვა. ძიება 9 ეპიზოდზე დაიწყო, თუმცა პროკურატურამ მალევე განაცხადა, რომ ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავდა და სამოქალაქო დავის საგანი იყო. პატარკაციშვილის ოჯახმა დავა ლონდონის სასამართლოში განაგრძო. 7 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს, კვლავაც შეაქვს სარჩელი პროკურატურაში, ხოლო რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჭერის საფრთხის ქვეშ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი ქვეყნიდან ყალბი პასპორტით გეგმავდა გაქცევას. დიმიტრი გაბუნიას თქმით, მათ აქვთ დამამტკიცებელი მასალა იმის შესახებ, თუ რა გზებით აპირებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ვანო ჩხარტიშვილის დაშანტაჟებას, ამიტომ მათ მოუწოდებს, ნუ გასცდება ეს ბიზნესდავა სამართლებრივ ჩარჩოებს.

ჩვენ ამ დღეებში მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ, დაადგინონ იმ პირის ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა, რადგან აქ საუბარია პირად და კომერციულ ინფორმაციაზე, რომელსაც შანტაჟისათვის იყენებენ...
ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, პროკურატურას, თუ ის ერთხელ შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება არა აქვს თავიდან აღძრას საქმე იმავე ეპიზოდებზე.

ბიზნესმენის ადვოკატები ასევე ეჭვობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ვანო ჩხარტიშვილის პირადი კომპიუტერი გატეხეს, ხოლო მოპოვებული ინფორმაცია - მათ შორის, კომერციული საიდუმლოება - გაყიდეს:

„ჩვენი ინფორმაციით, ეს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნახელავია - მასალა მოიპარეს და შემდეგ გაავრცელეს. ჩვენ ამ დღეებში მივმართავთ პროკურატურას და მოვითხოვთ, დაადგინონ იმ პირის ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა, რადგან აქ საუბარია პირად და კომერციულ ინფორმაციაზე, რომელსაც შანტაჟისათვის იყენებენ“.

ჯერჯერობით საგამოძიებო ორგანოებს ვანო ჩხარტიშვილი დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, თუმცა ცნობილია, რომ ბიზნესმენთან დაკავშირებულ რამდენიმე საქმეზე ძიება ფინანსურ პოლიციაში ათი დღის წინ განახლდა. ვანო ჩხარტიშვილმა 17 ივნისს განაცხადა, რომ მას პატარკაციშვილის ოჯახის მიმართ არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნია.

ბიზნესმენის ამ ბრალდებას 17 ივნისსვე გამოეხმაურა პატარკაციშვილების ოჯახის ადვოკატი ლაშა ბირკაია. მისი თქმით, გაუგებარია, რას ნიშნავს შავი პიარის აგორება ან წაქეზება, მაშინ როდესაც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზეა ლაპარაკი:

„ეს ეხება კომპანია „ჯესკოს“, 2008 წლის 7 მარტს შედგა კრების ოქმი, რომლითაც ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი კომპანიის 66% 66 000 ლარად გაიყიდა. ჩვენი ინფორმაციით, ეს 66% სწორედ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიამ შეიძინა“.

ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს, რომ კომპანია "სონატა ალიანს ჯორჯია" ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანიაა. მეორე მხრივ, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ კომპანიაზე მოხდა პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივების მინიმალურ ფასად გადატანა...
გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილის ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის არსებული დავის მოსაგვარებლად გამართულ მოლაპარაკებებში შუამავლებად მონაწილეობდნენ ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა, თუმცა მაშინ მხარეები კონკრეტულ შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ. ეს ინფორმაცია როგორც გაჩეჩილაძემ, ისე ხაინდრავამ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა. ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მეგობარმა და პრემიერის მრჩეველმა გია ხუხაშვილმა კი განაცხადა, რომ ამ საქმის ყველა დეტალი ბოლომდე უნდა გაირკვეს.

18 ივნისს, დღის ბოლოს, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატების პრესკონფერენციას განცხადებით გამოეხმაურნენ ინა გუდავაძის ადვოკატები. განცხადებაში ვკითხულობთ:

„ჩხარტიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს, რომ კომპანია "სონატა ალიანს ჯორჯია" ვანო ჩხარტიშვილთან ასოცირებული კომპანიაა. მეორე მხრივ, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ კომპანიაზე მოხდა პატარკაციშვილის კუთვნილი აქტივების მინიმალურ ფასად გადატანა. ეს ეხება ფოთის პორტის ორ ნავმისადგომს, ფოთის წისქვილკომბინატს, თბილისში მდებარე თამბაქოს ქარხანას, ასევე მიწის ნაკვეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩხარტიშვილის წარმომადგენელთა მიერ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აქტივების გადატანა განპირობებული იყო სურვილით, გადაერჩინათ პატარკაციშვილის ქონება. ჩვენი შეფასებით, ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ქონება ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება იყო და, შესაბამისად, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს და მემკვიდრეებს. რაც შეეხება განცხადებას, რომ აქტივების გადატანა ბადრი პატარკაციშვილის თანხმობით ხდებოდა, სწორედ იმიტომ, რომ არ გავცდეთ სამართლებრივ ჩარჩოებს, ბატონ ჩხარტიშვილს ვთხოვთ წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ აქტივების მის შვილებზე გადატანა, მართლაც, ბადრი პატარკაციშვილის თანხმობით ხდებოდა.

რაც შეეხება ჩხარტიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებას მის წინააღმდეგ პიარკამპანიის წარმოების შესახებ, კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ჩვენ მკაცრად მივყვებით სამართლებრივ პროცედურებს და მათ შესაბამისად წარმოვადგენთ ჩვენი პოზიციის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ მტკიცებულებებს გაეცეს პასუხი ასევე სამართლებრივ სივრცეში, სწორედ ჩხარტიშვილის მხარე ცდილობს პიარაქტივობებით მოახდინოს ამ საკითხების გადაფარვა, მტკიცებულებებზე პასუხისგან თავის არიდება და მსჯელობის არასამართლებრივ სივრცეში გადატანა".

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულად ვანო ჩხარტიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG