Accessibility links

logo-print
პრეზიდენტი განახლებულ მინისტრთა კაბინეტს დასამტკიცებლად 3 ივლისს პარლამენტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე წარადგენს, თუმცა მანამდე დეპუტატებს საშუალება ექნებათ გაეცნონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ მომზადებულ მთავრობის სამოქმედო გეგმას, რომელიც უახლოეს ოთხ წელიწადზეა გაწერილი და რომლის საშუალებითაც მთავრობა უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას აპირებს. მთავრობის გეგმა ასევე ითვალისწინებს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. როგორ აპირებს მთავრობა უმუშევრობის დაძლევას და რას ფიქრობენ მმართველი პარტიის ოპონენტები მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებაზე?

ვანო მერაბიშვილი დარწმუნებულია, რომ მინისტრად მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება პრემიერ-მინისტრობის მძიმე ტვირთის ზიდვასა და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. სწორედ უმუშევრობა დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ქვეყნის ნომერ პირველ პრობლემად 2 ივლისს გლდანში მშენებარე პროფესიულ სასწავლებელში სიტყვით გამოსვლისას. მერაბიშვილის თქმით, სამთავრობო გეგმა ასევე ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ორჯერ გაზრდას, ჯანმრთელობის დაზღვევის ყველასთვის ხელმისაწვდომობას და თითოეული ოჯახისათვის ათასლარიანი ვაუჩერის გამოყოფას. თუმცა უმთავრესი მაინც უმუშევრობის დაძლევაა:

„მე პირადად ვაპირებ შევებრძოლო საქართველოში უმუშევრობას, ისევე როგორც ვებრძოდი წლების განმავლობაში კრიმინალს და კორუფციას. მინდა საქართველოში მნიშვნელოვნად შევცვალოთ სიტუაცია ამ მიმართულებით. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული ინფორმაცია უმუშვერობის შესახებ, თუ რა პროფესიის ადამიანები ვერ პოულობენ საქართველოში სამსახურს. უფრო მეტი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა პროფესიის ადამიანებსა და ჩვევებზეა მოთხოვნა საქართველოში.“

ვანო მერაბიშვილის მიერ ჩამოთვლილი ამ ხარვეზების აღმოფხვრაზე იმუშავებს დასაქმების სახელმწიფო მინისტრი, რომლის თანამდებობის შემოღების იდეა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, ამ პოსტს, პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, დაიკავებს ბიზნესმენი, კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტის" დირექტორი პაატა ტრაპაიძე, რომლის სახელი საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასქტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება. მინისტრობის კანდიდატის თქმით, უმუშევრობის დაძლევის მიზნით ის მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან.

ვანო მერაბიშვილი არ არის იმ წონის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს ერთი თვით ან ერთი წლით. „ნაციონალური მოძრაობისათვის“ იწყება მერაბიშვილის ეპოქა ...

დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და მისი დაფინანსების საკითხი უკვე განიხილა 2 ივლისს საგანგებოდ შეკრებილმა პარლამენტის ბიურომ, რომლის სხდომაშიც ოპოზიციური „ქრისტიან-დომოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძეც მონაწილეობდა. ცნობისათვის, ქრისტიან-დემოკრატები არაერთხელ გამოვიდნენ ინიციატივით შექმნილიყო დასაქმების სააგენტო.

„მაშინ სააკაშვილმა დაგვცინა, ახალი ბიუროკრატიული აპარატის შექმნას გვთავაზობთო, და ახლა თვითონ შექმნა ბიუროკრატიული აპარატი, ოღონდ ისეთი, რომელიც იმ იდეის პროფანაციას ახდენს, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ, ანუ ეს არც სააგენტოა და არც ქმედითი სტრუქტურა. უბრალოდ, ეს არის ბიუროკრატიული სტრუქტურა რამდენიმე ადამიანის დასაქმებისთვის, რომელსაც არანაირი ინსტიტუციონალური დატვირთვა არ ექნება“, უთხრა ლევან ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მის პრემიერ-მინისტრობასა და პოლიტიკურ მომავალს, ამასთან დაკავშირებით ლევან ვეფხვაძე ამბობს:

„ვანო მერაბიშვილი არ არის იმ წონის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც პრემიერ-მინისტრი შეიძლება გახდეს ერთი თვით ან ერთი წლით. „ნაციონალური მოძრაობისათვის“ იწყება მერაბიშვილის ეპოქა, თუმცა ქვეყნისთვის დაიწყება თუ არ იგივე ეპოქა, დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნებზე.“

ლევან ვეფხვაძის ამ მოსაზრებას დიდწილად პოლიტიკის ექსპერტებიც იზიარებენ. ნიკა ჩიტაძის თქმით, ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენით, სულ ცოტა, ორ შეკითხვას გაეცა პასუხი:

ბატონ მერაბიშვილს ორი უდავო პლუსი აქვს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. პირველი: ის არის ერთგული კაცი და პირნათლად ასრულებს იმ დავალებას ...

„ადრე საუბარი იყო პრეზიდენტსა და შს სამინისტროს შორის დაპირისპირებაზე. იგივე ბატონი ივანიშვილი ცდილობდა მერაბიშვილის გადაბირებას. გვახსოვს მისი განცხადებები და ა.შ. მაგრამ გამოჩნდა რეალურად, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ერთიანი გუნდი. და კიდევ: ჩემი აზრით, ეს ცვლილება მიანიშნებს იმაზე, რომ პრეზიდენტი არ აპირებს დარჩეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, რადგანაც ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იქნა წარდგენილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.“

რამდენად მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა ვანო მერაბიშვილი? - რადიო თავისუფლების ამ შეკითხვას ფსიქოლოგმა მარინა ჩიტაშვილმა ასე უპასუხა:

„ბატონ მერაბიშვილს ორი უდავო პლუსი აქვს ნებისმიერი ხელისუფლებისათვის. პირველი: ის არის ერთგული კაცი და პირნათლად ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც ასრულებს. და კიდევ: მისი ძალისხმევით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი დაფინანსებითა და რესურსებით, წარმოადგენს თითქმის ანალოგიურს, რაც თავდაცვის სამინისტროა, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს იმას, რომ პოლიციური რეჟიმის არსებობა და მის მიერ ძალაუფლების შენარჩუნება, ფაქტობრივად, გარანტირებული აქვს ‘ნაციონალურ მოძრაობას’.“

თუმცა ვანო მერაბიშვილი ჯერჯერობით მხოლოდ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, ახალი მთავრობის დამტკიცებამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ბიუროს უნდა წარუდგინოს სამთავრობო პროგრამა, ხოლო პრეზიდენტმა - მთავრობის ახალი შემადგენლობა.

„ბიურო იმსჯელებს კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომების ჩატარების გრაფიკთან დაკავშირებით და მას შემდეგ, რაც ისინი წარმოადგენენ თავიანთ დასკვნას, დაინიშნება პლენარული სხდომა, სადაც პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერის შემთხვევაში, გაირკვევა, რომ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას“, უთხრა გია ხუროშვილმა რადიო თავისუფლებას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG