Accessibility links

logo-print

”ნაციონალური მოძრაობა” ვანო მერაბიშვილის გასათავისუფლებლად იბრძვის


ვანო მერაბიშვილი

ვანო მერაბიშვილი

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდა. საქმე შეეხება 2011 წლის 26 მაისის ეპიზოდს, კერძოდ, დანაშაულს, - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება დამამძიმებელ გარემოებებში, - რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, დღეს ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებმა და „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალურმა აქტივისტებმა პარტიის გენერალური მდივნის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა რამდენიმე ქალაქში ერთდროულად გააპროტესტეს. საოლქო პროკურატურებისა და იუსტიციის სახლების წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და ხელისუფლება შერჩევითი სამართლის გამოყენებასა და ოპონენტთა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულეს. როგორ მიმდინარეობდა აქციები ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და როგორ ეხმაურება მათ მთავრობა?

2011 წლის 26 მაისის მოვლენებში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრალეულობის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს:

”2011 წლის 26 მაისს, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის უშუალო დავალებითა და ხელმძღვანელობით, დაიგეგმა არა საპროტესტო აქციის დაშლის, ანუ მასში მონაწილე პირების შეკრების ადგილიდან პროპორციული ძალის გამოყენებით გაძევებისა და გაფანტვისათვის ორგანიზებული ლეგიტიმური ღონისძიება, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიანი და განურჩეველი თავდასხმა, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება”.

პროკურატურის ინფორმაციით, 26 მაისს გარდაიცვალა 2 ადამიანი, - მათი გარდაცვალების მიზეზი დგინდება, - დასახიჩრდა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 300-მდე მოქალაქემ.

სანამ პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მიმართ ბრალის დამძიმებაზე ისაუბრებდა, საქართველოს რამდენიმე ქალაქში მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას აპროტესტებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

საპროტესტო აქცია ზუგდიდში

საპროტესტო აქცია ზუგდიდში

"ვანო ბიძინას პირადი პატიმარია", "პროკურატურა პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია" ”შეეშვით პუტინის დაკვეთის შესრულებას” - ამ და სხვა ამგვარი შინაარსის ტრანსპარანტებით ხელში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას აპროტესტებდნენ ზუგდიდში, ბათუმში, გორში, რუსთავსა და ახალციხეში შეკრებილი აქციის მონაწილეები. ზუგდიდში, იუსტიციის სახლის შენობის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები - აქციის დაახლოებით 60 მონაწილე - ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან ერთად ყოფილი თავდაცვის მინიტრის ბაჩო ახალიას გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ განაცხადა, მათი მიზანია გააპროტესტონ საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა, ასეთებად კი ის ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილს მიიჩნევს. მისი აზრით, ვანო მერაბიშვილის დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე პარტიის დეზორგანიზაციას ისახავს მიზნად:

”არჩევნების წინ პარტიის გენერალური მდივნის დაპატიმრება და დეზორგანიზაციის შეტანა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არანაირად არ გამოუვა დღევანდელ მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს და ეს მისი პირადი პატიმრები, რომლებიც შერჩევითი სამართლით არიან დაპატიმრებული, ვითხოვთ მათ გათავისუფლებას”.

არ დავესწრებით პარლამენტის პლენარულ სხდომას და ჩვენი რაიონული ორგანიზაციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს 8 რეგიონში, სადაც არის საოლქო პროკურატურები, გაიმართება საპროტესო აქციები...
ბათუმში შეკრებილი აქციის მონაწილეები კი პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ანალოგიური შინაარსის მოთხოვნები ჰქონდათ აქციის მონაწილეებს სხვა დანარჩენ ქალაქებშიც.

საპროტესტო აქციების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები 28 მაისის პლენარულ სხდომას არ დასწრებიან. როგორც გორში აქციაზე დასასწრებად წასვლამდე გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ნაციონალური მოძრაობის“ - თავისი მთავარი ოპონენტი პარტიის - გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავებით ხელისუფლებამ მიიღო უპრეცედენტო პოლიტიკური დევნისა და მუქარის გადაწყვეტილება, შურისძიების მიზნით, ამიტომ საპარლამენტო უმცირესობა პროტესტის სხვადასხვა ფორმას გამოიყენებს:

„დღეს ჩვენ, უმცირესობა, არ დავესწრებით პარლამენტის პლენარულ სხდომას და ჩვენი რაიონული ორგანიზაციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად საქართველოს 8 რეგიონში, სადაც არის საოლქო პროკურატურები, გაიმართება საპროტესო აქციები ივანიშვილის პირადი პატიმრის, ვანო მერაბიშვილის, და სხვა ჩვენი მეგობრების - პოლიტპატიმრების - გათავისუფლების მოთხოვნით და ეს პროტესტი, ბუნებრივია, გაგრძელდება“.

აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ეს პირები არ გათავისუფლდებიანო, განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მე ვფიქრობ, მათ უნდათ შეიტანონ შესწორება სისხლის სამართლის კოდექსში, კონსტიტუციაში და თქვან, რომ თუ შენ ოდესმე ყოფილხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაშინ ყველაფერი გეპატიებოდა, გეპატიება და მომავალშიც გეპატიება...
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა სიტყვებით, ისინი გამოძიების წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა ვერ ხედავენ ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, მით უფრო, რომ ყოფილი პრემიერ- მინისტრი პროკურატურაში დაკითხვებზე საკუთარი სურვილით დაუბრკოლებლად ცხადდებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა მმართველი კოალიციის - „ქართული ოცნების“ - საპრეზიდენტო კანდიდატი, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ილაპარაკა იმაზე, თუ, მისი ხედვით, რისი თქმა სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქციის გამართვით:

„თუ „ნაციონალური მოძრაობა“ აზრს ჩაუღრმავდება იმისას, რასაც აკეთებს, მე ვფიქრობ, მათ უნდათ შეიტანონ შესწორება სისხლის სამართლის კოდექსში, კონსტიტუციაში და თქვან, რომ თუ შენ ოდესმე ყოფილხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მაშინ ყველაფერი გეპატიებოდა, გეპატიება და მომავალშიც გეპატიება და ნებისმიერი რამის გაკეთების უფლება გაქვს. ეს არის რეალური შინაარსი აი, ამ პოლიტიკური პროცესისა“.

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და ბორის ცილევიჩმა 27 მაისს საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ სამართალწარმოება გამჭვირვალედ და ადამიანის უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის სრული დაცვით წარიმართოს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებელთა ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”მნიშვნელოვანია ამ პროცესში თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის მიკერძოება ან პოლიტიკური მოტივაცია“.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG