Accessibility links

logo-print

„ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ, ესაა ვანუატუს საკითხავი“


ერთ-ერთი სოფელი ვანუატუში

ერთ-ერთი სოფელი ვანუატუში

ზუსტად 4 წლის წინ აღიარა რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონები. შეკითხვა, ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ აფხაზეთი, რეფერენდუმზე არ დაუსვამთ არც ვანუატუელებისთვის - წყნარ ოკეანეში მდებარე, 1980 წელს შექმნილი კუნძულოვანი რესპუბლიკის მცხოვრებთათვის. ეს არაფერი, მთავრობაშიც კი ვერ მიაღწიეს თანხმობას, ეღიარებინათ თუ არა. მაგრამ საქმე ისაა, რომ დე ფაქტო აფხაზეთში ხელთა აქვთ საბუთი, რომ ვანუატუმ ამ სეპარატისტულ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. კიდევ ერთი ფაქტი: ადრე ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლომ განაცხადა, ვაღიარეთო, რასაც ახლახან მოჰყვა იმავე სამინისტროს წარმომადგენლის განმარტება, რომელიც საპირისპიროს გვამცნობს. რა მოხდა, აღიარა თუ არა ვანუატუმ აფხაზეთი?

არც ვანუატუ იცის მსოფლიომ სად არის და არც აფხაზეთი, მაგრამ მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება-არდამყარების თემა დასავლეთსა და რუსეთს შორის გეოპოლიტიკური დავის საბაბი გახდა. 2008 წელს ომი იყო რუსეთსა და საქართველოს შორის. ამ ომის შემდეგ, ანუ ზუსტად ოთხი წლის წინ მიღწეული პოზიციის შედეგად, რუსეთმა პირველმა აღიარა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად. ევროკავშირი, აშშ, საერთაშორისო თანამეგობრობის წევრების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა და ამ აღიარების წინააღმდეგი. ასეა დღემდე, თუმცა ამ დროის განმავლობაში იყო დავა, კამათი ამ ორი რეგიონის გარშემო.
ვანუატუს პარლამენტის შენობა პორტ ვილაში

ვანუატუს პარლამენტის შენობა პორტ ვილაში


ლინკოლნ მიჩელმა, კოლუმბიის უნივერსიტეტში საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორმა, დაწერა წიგნი - „გაურკვეველი დემოკრატია: აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია“. მისი დაკვირვებით, „აშშ არ ცვლის თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილებია, და არც რუსეთი იხევს უკან პოზიციიდან, რომ ეს ქვეყნები არიან დამოუკიდებელნი თუ რუსეთის შემადგენელი ნაწილები ან, სულაც, ამ ორის რაღაც კომბინაცია.“

2011 წლის მაისში ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრის ალფრედ კარლოს სიტყვებს დიდი ხმაური მოჰყვა. მან განაცხადა, რომ ვანუატუ აღიარებს აფხაზეთს დამოუკიდებლად. აფხაზეთს, არა სამხრეთ ოსეთს. დღემდე არაა საბოლოოდ დადგენილი, აღიარა თუ არა. მალევე გაეროში ვანუატუს ელჩმა დონაოდ კალპოკასმა განაცხადა, არა, ვანუატუს აფხაზეთი არ უღიარებიაო. ამას მოჰყვა უკვე მინისტრის, კარლოს, პასუხი. მან ვიდეოც კი გამოაქვეყნა ამ განცხადებით ინტერნეტში, რომ, კი, ვაღიარეთ, - უბრალოდ, გაუგებრობა მოხდა კომუნაკაციებშიო. წელს, მაისში, ჩვენს რადიოს კალპოკასმა უთხრა: „აქ ამის თაობაზე, ვაღიაროთ თუ არა აფხაზეთი, პოზიცია არ გვაქვს - ეს საკითხი გარკვეული არ არისო“.
მე მგონია, რამაც დააბნია ხალხი ის იყო, რომ მთავრობამ, მთავრობის ხელმძღვანელმა, გამოთქვა აზრი, სურვილი, რომ ვანუატუს აფხაზეთთან დიალოგი ჰქონოდა. ეს ერთია და სხვაა, როცა არსებობს ოფიციალური პოზიცია, როცა მინისტრთა კაბინეტი ამტკიცებს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დაწყებას. ეს არ მომხდარა...

ამის თქმა იყო და, როცა შეკითხვა მოისმინა, რატომაა ასე ძნელი გარკვევა, აღიარეთ თუ არაო, გაეროში ელჩმა ყურმილი დადო. ივლისში მოხერხდა ვანუატუს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეროს განყოფილების ხელმძღვანელთან, ჯონი ჯორჯ კოანაპოსთან დაკავშირება. ის ამბობს, აფხაზეთის აღიარება არ მომხდარაო:

„მე მგონია, რამაც დააბნია ხალხი ის იყო, რომ მთავრობამ, მთავრობის ხელმძღვანელმა, გამოთქვა აზრი, სურვილი, რომ ვანუატუს აფხაზეთთან დიალოგი ჰქონოდა. ეს ერთია და სხვაა, როცა არსებობს ოფიციალური პოზიცია, როცა მინისტრთა კაბინეტი ამტკიცებს აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების დაწყებას. ეს არ მომხდარა.“

ვანუატუელებისგან გარკვევა იმისა, თუ რა მოხდა, შეუძლებელია. მაგრამ რატომ არავინ არაფერს ამცნობს აფხაზებს? რადიო თავისუფლებას აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილემ ირაკლი ხინტბამ უთხრა, რომ აფხაზეთის მთავრობას აქვს დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი. ხინტბას თანახმად, ამ წერილის მიხედვით, ვანუატუ დიპლომატიურ ურთიერთობას ამყარებს აფხაზეთთან, რომელსაც შემდგომ არ მიუღია ინფორმაცია, რომ ეს გადაწყვეტილება გაუქმდა. რა ხდება სინამდვილეში, ძნელი დასადგენია. ალბათ, პრობლემის სათავე ვანუატუს პოლიტიკაში არსებული ქაოტური ვითარებაა. ამ ქვეყანაში 2011 წლის პირველ ექვს თვეში სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრი კარლო თავის დროზე მოსკოვში სწავლობდა, საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში. ალბათ, ამითაც შეიძლება აიხსნას მისი კავშირები რუსეთთან და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების სურვილი. მაგრამ საერთოდ ვანუატუ შემჩნეულია აღიარებებით ვაჭრობის საქმეში. 2004 წელს ამ სახელმწიფომ ჩინეთთან ურთიერთობა გაწყვიტა და, 30 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების მიღების შემდეგ, ტაივანი აღიარა. ერთ თვეში - მას შემდეგ, რაც პრემიერი თანამდებობიდან დაითხოვეს - გაწყვიტა ურთიერთობა ტაივანთან და პეკინს დაუმეგობრდა.
ვანუატუს პრემიერ-მინისტრი ედვარდ ნატაიპეი

ვანუატუს პრემიერ-მინისტრი ედვარდ ნატაიპეი


მოსკოვმა რამდენიმე ქვეყანა - მათ შორის, ნიკარაგუა, ვენესუელა, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულები ნაურუ და ტუვალუ - დაიყოლია, ეღიარებინათ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები. ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთმაც გაუწია მათ დახმარება. მედია იუწყებოდა, რომ, მაგალითად, ვენესუელაში, აღიარების შემდეგ, რუსეთმა ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ნაურუმ და ნიკარაგუამაც მიიღეს მრავალმილიონიანი დახმარება. რუსეთის ყოველდღიური გაზეთი „კომერსანტი“ წერდა, რომ მოსკოვმა ნაურუს 50 მილიონი დოლარი გადაურიცხა. ასეთი შესაძლებლობების მიუხედავად, რუსეთმა მაინც ვერ მოახერხა ბევრი თანამოაზრის მოპოვება. საქმე ისაა, რომ ამ იდეას ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავს. ერთი ფაქტორია ვაშინგტონი და ბრიუსელი, ევროკავშირი, მეორე კი ჩინეთი, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია სეპარატიზმისა.
რაში გარგია ბრძოლა ევროკავშირთან, ჩინეთთან და აშშ-თან? ამერიკასთან ბრძოლის დაწყება ნიკარაგუას მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ასევეა ჩინეთის მიმართაც. ეს გავლენიანი ქვეყნების ჯგუფია, რომელიც გეუბნება: ჩვენ არ ვაღიარებთ და არც ის გვსურს, შენ აღიაროო. აზრი იმის შესახებ, რომ არ უნდა აღიარო, მეტისმეტად მყარია...

აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენელი წყნარ ოკეანეში და კარიბის აუზის ქვეყნებში, იურის გულბისი, ამბობს, რომ აშშ მუდმივად ერევა ამ მცირე ქვეყნების საქმეში და ზეწოლას ახორციელებს მათზე. გულბისი ამბობს, რომ ვაშინგტონი წნეხის ქვეშ აქცევდა ვანუატუს, ტუვალუს და ნაურუს, არ ეღიარებინათ აფხაზეთი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვითხრა, რომ აშშ არავის დახმარებას არ უწყვეტს ამის გამო. ის, უბრალოდ, ამცნობს ყველას მთელ მსოფლიოში, რომ მტკიცედ უჭერს მხარს სსაქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე უპასუხა რადიო თავისუფლებას გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესმდივანმა კრისტოფერ მეთიუსმა. მისი თქმით, ევროკავშირი მუდმივად შეახსენებს თავის პარტნიორებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. ამის შედეგად, განგვიმარტავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიჩელი, რუსეთმა ვერ მოახერხა მოეპოვებინა ამ სფეროში მომხრეები, მას თვით ახლო მოკავშირე ბელორუსიაც კი არ აჰყვა:

„რაში გარგია ბრძოლა ევროკავშირთან, ჩინეთთან და აშშ-თან? ამერიკასთან ბრძოლის დაწყება ნიკარაგუას მდგომარეობაში ჩაგაგდებს. ასევეა ჩინეთის მიმართაც. ეს გავლენიანი ქვეყნების ჯგუფია, რომელიც გეუბნება: ჩვენ არ ვაღიარებთ და არც ის გვსურს, შენ აღიაროო. აზრი იმის შესახებ, რომ არ უნდა აღიარო, მეტისმეტად მყარია.“

და ეს მყარი აზრი, მიჩელის თანახმად, კიდევ უფრო მტკიცდება, როცა სეპარატისტული რეგიონების აღიარების მომხრეთა რაოდენობა არ იზრდება, ხოლო ვინც აღიარებს, ის უკიდურესად მარგინალურია.
XS
SM
MD
LG