Accessibility links

გიორგი გოცირიძე: "გამორჩეული ადგილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კლდის არქიტექტურის ისტორიაში ქალაქ-მონასტერ ვარძიას ეთმობა“


ვარძია

ვარძია

ასპინძის რაიონის სოფელ საროს მოსახლეობა იმედოვნებს, რომ, კულტურული ძეგლების აღდგენისა და მოვლა-პატრონობის შემთხვევაში, საროს ტურიზმის განვითარების პოტენციალი აქვს. მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე ფიქრობს, რომ, თუ ოდა სახლები და დარნები აღდგება, ასპინძის რაიონი უნიკალური ადგილი იქნება ტურისტების მოსაზიდად. ასპინძის სოფლებს შორის სარო ერთ-ერთია, სადაც ახალი პროექტი განხორციელდება. აქ ეკონომიკის სამინისტრო აპირებს აღადგინოს მესხური ოდა, რომლიც უკვე დაპროექტებულია და, არქიტექტორ გიორგი აბულაძის თქმით, სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.

ასპინძისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე - "ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება". პროექტით, სივრცითი მოწყობა და დაგეგმარება მტკვრის ხეობის გასწვრივ 20-კილომეტრიან მონაკვეთზე ხორციელდება და ხერთვისიდან, საქართველო-თურქეთის საზღვართან მდებარე ოლოდას მონასტრის ჩათვლით, ათ სოფელს მოიცავს, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

გამორჩეული ადგილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კლდის არქიტექტურის ისტორიაში ქალაქ-მონასტერ ვარძიას ეთმობა. პირველი მცდელობაა, როდესაც ქართულ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაში კულტურული ლანდშაფტის ცნება ჩნდება...

კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა არის ყველაზე მდგრადი და სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა იმ კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება, რომელიც დღეს საქართველოში არის. "კულტურული მემკვიდრეობის სიუხვითა და სიმდიდრით ხერთვისი-ვარძია-ოლოდა ყველაზე მნიშვნელოვანი ხეობაა მთელ საქართველოში, – განმარტავს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე.

"ხერთვისი-ვარძია-ოლოდას ტერიტორიაზე კონცენტრირებულია არქეოლოგიური ძეგლები, დაწყებული ძვ.წ. III-II ათასწლეულების მიჯნიდან, ანტიკური პერიოდისა და შუასაუკუნეების ჩათვლით. აქ მრავლადაა ნაქალაქარები, ნასოფლარები, ციხესიმაგრეები, ეკლესია-მონასტრები, სტელები, სასოფლო-სამეურნეო ტერასები, საირიგაციო და წყალგაყვანილობის სისტემები, აბანოები, ქარვასლები, კლდეში ნაკვეთი მონასტრები და საცხოვრისები. გამორჩეული ადგილი არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო კლდის არქიტექტურის ისტორიაში ქალაქ-მონასტერ ვარძიას ეთმობა. პირველი მცდელობაა, როდესაც ქართულ ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციაში კულტურული ლანდშაფტის ცნება ჩნდება“, – ამბობს დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ ,,გეოგრაფიკის" ხელმძღვანელი გიორგი გოცირიძე.

„ათასამდე კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების მქონე ობიექტის შესახებ ინფორმაციაა მოძიებული. რუკებზე დატანილია ტურისტული მარშრუტები, რომელმაც ამ მხარეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა უნდა მისცეს. აღნიშნულ დასახლებებს არ გააჩნიათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემუშავებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება ნოემბრისთვის იგეგმება", - აცხადებენ სამინისტროში.

ვარძია

ვარძია

დღეისთვის ხეობის ძირითადი საკვანძო ღირსშესანიშნაობები, რომელთა ირგვლივ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ტურისტული მარშრუტების ქსელი, არის შემდეგი:

- ვარძია - კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (XII-XII ს.ს.);
- ვანის ქვაბები (VIII – XVI ს. ს.) და ძველი (ზედა) ვარძიის მონასტერი;
- სოფელ საროს მეგალითური ციტადელი, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია - ორნავიანი ტაძარი აგებულია VII-VIII საუკუნეებში, ნიჩგორის ნასახლარი, ტრადიციული მესხური სოფელი;
- ხერთვისის ციხესიმაგრე ( X-XIV საუკუნეები) და მიმდებარე ტერასები;
- თმოგვის ციხე-ქალაქი და ეკლესია (X - XIV სს), ზედა თმოგვის ნასოფლარი და ეკლესია ( XI საუკუნის II მეოთხედი);
- წუნდის ეკლესია (XII-XIII სს), კუმურდო( X საუკუნე) და ბერთა ყანების ნასახლარი.

ამ ღერძული მარშრუტის ირგვლივ უნდა განვითარდეს წრიული, სხვადასხვა ტიპოლოგიის ურთიერთდაკავშირებული მარშრუტების ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ ატარებს "აღმოჩენის" ხასიათს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG