Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვიდა PACE-ს სხდომაზე


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე დღეს გამოვიდა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, რუსეთთან საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე სასაუბროდ. ვაშაძემ მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომლის წინაშეც დღეს პირველად გამოვიდა და გაიხსენა 1999 წელს ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებისადმი მიძღვნილი ცერემონია - საპარლამენტო ასამბლეის მაშინდელი პრეზიდენტის, ლორდ რასელ-ჯონსტონის სიტყვები „საქართველო, კეთილი იყოს შენი დაბრუნება შინ“. ამ სიტყვებს, ვაშაძის თქმით, არასოდეს დაივიწყებენ საქართველოში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაიხსენა ასევე 2008 წლის „ტრაგიკული დღეები“, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მხარში ამოუდგა საქართველოს მოსახლეობას, საერთო ევროპული ფასეულობებისა და პრინციპების დასაცავად. ვაშაძის თქმით, ასამბლეამ სრულად შეაფასა ვითარება თავისი რეზოლუციებით, ისევე როგორც გადაწყვეტილებებით რუსეთ-საქართველოს ომის საკითხებზე და შეიმუშავა კონკრეტული ზომები, რომლებიც ორმა დაპირისპირებულმა მხარემ უნდა განახორციელოს. თუმცა, ზომების განსაზღვრა მათს განუხორციელებლად არ შეიძლება საკმარისად ჩაითვალოსო, დასძინა საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენელმა. „მჯერა, რომ თუ საკითხს კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა თქვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, კონკრეტულად, ასამბლეის დღის წესრიგში, რუსეთის ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, დაწყებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით.“ გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას ისაუბრა ასევე საქართველოს ადგილზე ევროპის უსაფრთხოებაში და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.
XS
SM
MD
LG