Accessibility links

logo-print
ადამიანის უფლებები და მშვიდობის მშენებლობა, დემოკრატიის განვითარება, კულტურათა შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და შერიგების პროცესში წვლილის შეტანა – ესაა მთავარი მიზნები კოალიციისა „ნდობის აღდგენისთვის“, რომელიც ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ და „მრავალეროვანმა საქართველომ“ - შექმნა. პროექტი სამხრეთ კავკასიაში ხორციელდება და მასში ჩართულნი არიან აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, არაღიარებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში შექმნილია სამი მიზნობრივი ჯგუფი, რომლებშიც შედიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სტუდენტები. ეს ჯგუფები სამი წლის განმავლობაში მომზადდება იმისათვის, რომ აქტიურად ჩაერთონ მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში. მთავარი ამოცანაა, ჯერ ადგილობრივმა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ რეგიონში შემავალი ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება შესაძლებელი და აუცილებელიცაა. პროექტის ფარგლებში ადამიანის უფლებათა სახლმა სამოქალაქო აქტივისტებს უმასპინძლა. სამი დღის განმავლობაში ახალგაზრდები ეცნობოდნენ საქართველოში არსებული კონფლიქტების ისტორიას, დღევანდელ ვითარებას და სამშვიდობო პროცესში სამოქალაქო დიალოგის სხვადასხვა ფორმატის შესაძლებლობებსა და აქტივობებს. შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის თემაზე დისკუსია გაიმართა.

პროექტის მეორე ეტაპზე იგეგმება, სამშვიდობო პროცესისთვის მომზადებული ახალგაზრდები ერთმანეთს შეხვდნენ და შექმნან ქსელი, რომელიც ურთიერთობას პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს სხვადასხვა, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით. ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ ამ პროექტის მიმდინარეობისას უფრო მეტი მომზადებული ადამიანი ჩაერთვება მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ ესაუბრა. ტრენინგის დროს ახალგაზრდებმა ის საპროექტო წინადადებებიც შეიმუშავეს, რომლებიც აფხაზებსა და ოსებთან ნდობის აღდგენისკენ არის მიმართული. ნახეს ფილმი „ომის ნაკვალევი“. ფილმის სიუჟეტი ორი ყოფილი მებრძოლის, მიხეილ ტაბატაძისა და თემურ ცხურბათის, მეგობრობაზეა აგებული. ბენდიანიშვილის აზრით, მთავარია, რომ ახალგაზრდების ერთი ნაწილი დღეს აქტიურად ფიქრობს მშვიდობის მშენებლობის პროცესზე და ამ პროცესს ხელშეწყობა სჭირდება.

ვაშენოთ ხიდები და არა კედლები - ესაა მთავარი ამოცანა 3 წლიანი პროექტისა, რომელიც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის მიერ შეიქმნა და ევროკავშირის და ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსდა.
XS
SM
MD
LG