Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ავღანეთიდან ჯარების გაყვანას შეანელებს


აშრაფ ღანი, ბარაკ ობამა
აშრაფ ღანი, ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი შეანელებს ავღანეთიდან ჯარების გაყვანის პროცესს და წლის ბოლომდე შეინარჩუნებს კონტინგენტის ამჟამინდელ რაოდენობას, 9 800 კაცს. ეს განცხადება ობამამ გააკეთა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ესაუბრა ავღანეთის პრეზიდენტს აშრაფ ღანის.

„ავღანეთი კვლავაც ძალიან სახიფათო ადგილია“ - ეს სიტყვები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წარმოთქვა ვაშინგტონში, ავღანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა განმარტავდა მიზეზებს, თუ რატომ გადაწყვიტა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე არ შეამციროს ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობა 5500-მდე, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი.

„დღევანდელი შეზღუდული მისიების მხარდასაჭერად ჩვენ სულ 10 ათასზე ნაკლები ჯარისკაცი გვყავს ავღანეთში. შარშან გამოვაცხადე ჩვენი ძალების კიდევ უფრო შემცირების განრიგი და მკაფიოდ ვთქვი, რომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, შევინარჩუნოთ ის, რასაც ჩვენმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს. პრეზიდენტმა ღანიმ ითხოვა გარკვეული მოქნილობის გამოჩენა ჩვენი ჯარების შემცირების განრიგისთვის. მე კონსულტაციები მქონდა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალთან, გენერალ ჯონ კემპბელთან, ჩემი ეროვნული უშიშროების გუნდთან და გადავწყვიტე, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე შევინარჩუნოთ ჩვენი ამჟამინდელი წარმომადგენლობა 9800 ჯარისკაცის შემადგენლობით. 2016 წელს სამხედროების გამოყვანის კონკრეტული გეგმა წელს მოგვიანებით მომზადდება“, - განაცხადა ობამამ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახსენა ავღანელი კოლეგის, აშრაფ ღანის თხოვნა, ვაშინგტონმა მოქნილობა გამოიჩინოს ჯარისკაცების რიცხვის შემცირების საკითხშიო. ღანიმ, კერძოდ, გამოთქვა სურვილი, შეერთებულმა შტატებმა შეანელოს ჯარების გაყვანა, რადგან ქაბულის ახალბედა უშიშროების ძალებს მძიმე ამოცანის შესრულება უწევთ - ბრძოლა ძლიერ ისლამისტ მეამბოხეებთან, უმეტესწილად, თალიბებსა და ალ-ყაიდის წევრებთან.

„მოქნილობას (ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანის განრიგის კუთხით), რაც განისაზღვრა 2015 წლისთვის, გამოვიყენებთ რეფორმების დასაჩქარებლად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ავღანეთის ეროვნული უშიშროების ძალებს ჰყავდეს გაცილებით უკეთესი ლიდერები, უკეთ იყოს აღჭურვილი, გაწვრთნილი და უკეთ კონცენტრირებული თავის ძირითად მისიაზე“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკელ სამხედროებს ავღანეთში თავიანთი მისიის შესრულებისათვის. ის და ავღანეთის აღმასრულებელი ლიდერი აბდულა აბდულა სამდღიანი ვიზიტით იმყოფებიან შეერთებულ შტატებში.

პრეზიდენტ აშრაფ ღანის შეფასებით, ბოლო წლებში ავღანეთიდან 120 000-მდე უცხოელი ჯარისკაცის გაყვანას არ მოჰყოლია უსაფრთხოების მხრივ ისეთი ჩავარდნა, როგორსაც ზოგი მოელოდა. მაგრამ ანგარიშგასაწევია ცნობებიც, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებში მრავალრიცხოვანი მსხვერპლია და გავრცელებულია დეზერტირობა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს უცხოელი ჯარისკაცების დიდმა ნაწილმა დატოვა ეს ქვეყანა. ამჟამად საქართველო დაახლოებით 700-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი ავღანეთში.

როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 24 მარტს ვაშინგტონში განაცხადა, აშშ მიმართავს ყველა ზომას ავღანეთის უშიშროების ძალების დასახმარებლად, რათა ამერიკელ სამხედროებს ისევ არ მოუწიოთ ავღანეთში დაბრუნება.

XS
SM
MD
LG