Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი გმობს მოსკოვისა და სოხუმის რეჟიმის სამხედრო გეგმებს


სოხუმი

სოხუმი

აშშ გმობს რუსეთის დუმის მიერ რატიფიცირებას იმ ე.წ. ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმებულია მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის და რომელიც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ისახავს მიზნად. საუბარია თბილისის მიერ „ფაქტობრივი ანექსიისკენ“ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეფასებულ პროცესზე, თუმცა – რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები ერთმანეთს სულ უფრო მჭიდრო და მტკიცე პარტნიორობის დაპირებას აძლევენ. პარალელურად, რუსეთი საქართველოს პერიოდულ „კონფრონტაციულ რიტორიკას“ უწუნებს და ამას, გარკვეულწილად, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშემშლელ ფაქტორად განიხილავს. თბილისი კი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გამორიცხულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციამდე. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის იმედად რჩება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი, რომელიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის შედგა, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მილოცვას ისახავდა მიზნად. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ჯო ბაიდენმა, დემოკრატიული განვითარების კუთხით, საქართველო რეგიონის ლიდერად მოიხსენია და იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის ბერკეტებს პასუხისმგებლობით მოეკიდება და კვლავაც გაგრძელდება ქვეყნის განვითარება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ხელშესაწყობად. აქვე, თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული მცირე ტექსტის საკმაოდ დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ეძღვნება. ტექსტში ნათქვამია, რომ, გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას, ჯო ბაიდენმა „დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული „ხელშეკრულების“ რატიფიცირება გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის თაობაზე“.

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი

ე.წ. ხელშეკრულება, რომელზეც ჯო ბაიდენი საუბრობს, მოსკოვმა დააფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 2015 წელს გააფორმეს. ის „აგრესიის მოსაგერიებლად“, რუსეთის სამხედრო ბაზის სიმძლავრეებზე დაყრდნობით – თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას ისახავს მიზნად და ემსახურება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ 2014 წელს გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულების ინტერესებს. მსგავსი დოკუმენტი მოსკოვს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეჟიმთანაც აქვს გაფორმებული.

ამ დოკუმენტს ერთ-ერთ უმთავრეს საყრდენად განიხილავს რუსეთი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ურთიერთობების ჭრილში და სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც:

„ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის პრაქტიკულად ყველა სფეროს. უკვე ამოქმედებულია 90-ზე მეტი დოკუმენტი და ეს კარგად მეტყველებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცეზე. სრულფასოვანად გრძელდება ჩვენი ერთობლივი საქმიანობა დამატებითი შეთანხმებების გაფორმების კუთხით იმ სფეროებში, რომლებიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ. ამჟამად დამუშავების ეტაპზეა 30-მდე დოკუმენტი... და მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ რატიფიცირება გაუკეთა ხელშეკრულებას შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შესახებ“.

სერგეი ლავროვმა ეს სიტყვები 3 ნოემბერს მოსკოვში წარმოთქვა, როცა ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრს, დაურ კოვეს მასპინძლობდა. თავის მხრივ, არც სტუმარი დარჩა ვალში და საგანგებოდ აღნიშნა, რომ, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით „რუსეთი აფხაზეთისთვის ერთადერთი სტრატეგიული მოკავშირე და გარანტია“.

შეერთებული შტატების მსგავსად, რუსეთის მიერ აფხაზეთისა თუ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებულ უკანონო ხელშეკრულებებს უსაფრთხოების გამოწვევად განიხილავს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ამასთან, ბევრჯერ ითქვა ისიც, რომრუსეთს ხელი არ აუღია აგრესიულ გეგმებზე მეზობლებთან (და მათ შორის – საქართველოსთან) მიმართებით და სწორედ ამაზე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც 26 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე. განცხადება მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ჭრილში გააკეთა.

თბილისს იმედი აქვს, რომ საქართველოც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნატოს ახალი გეგმების განხორციელებაში და სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 ნოემბერს საღამოს, დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს. ამ მხრივ, საგანგებოდ ხაზგასმულია აშშ-ის როლი:

„საქართველო არის ქვეყანა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და რომელსაც სერიოზული გამოწვევები აქვს უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის, ასევე, ჟენევის დისკუსიათა ფორმატში მონაწილე ყველა მხარის უდიდესი ძალისხმევისა, მშვიდობიანი გზით მოაგვაროს ეს პრობლემა. ასევე, ჩვენ მივესალმებით შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების სრულიად ახალ დიალოგს, რომლის მონაწილეც, ბუნებრივია, საქართველო აუცილებლად იქნება“.

სწორედაც რომ არ იყო საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფრონტაციული. მეტიც, ის იყო მეტად პრაგმატული და მიმართული იყო დეესკალაციისკენ. ჩვენ, ამ თვალსაზრისით და ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღეთ მაღალი შეფასებები ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან...

ოკუპაციის საკითხი მშვიდობიანად, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით რომ უნდა მოგვარდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემაც ისაუბრა პარასკევს – დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ხოლო, რაც შეეხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ჯანელიძის თქმით, საქართველოს ამის მცდელობა არა აქვს და ეს გამორიცხულია მანამდე, ვიდრე – არ მოხდება დეოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ამ შინაარსის განცხადებების გაკეთება ქართულ მხარეს მას შემდეგ დასჭირდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა რუსულენოვან მედიას განუცხადა, რომ – საქართველო არ არის მზად დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის და რომ ამ მდგომარეობას პერიოდული ხასიათის „კონფრონტაციული შინაარსის“ განცხადებები ახლავს თან. ამ შემთხვევაში, დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა საგანგებო ყურადღება იმის გამოც მიიპყრო, რომ გრიგორი კარასინი რუსეთის წარმომადგენელია პრაღის არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რომელშიც ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მონაწილეობს.

რაც შეეხება „კონფრონტაციულ რიტორიკას“, რომელიც, გრიგორი კარასინის თქმით, – აფერხებს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესებს, ბევრისთვის გაუგებარია, თუ რომელ კონფრონტაციაზე ლაპარაკობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაშინ, როცა, ოპონენტების შთაბეჭდილებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზედმეტადაც კი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას.

რუსეთთან კონფრონტაციაზე საუბარი უსაფუძვლოდ მიაჩნიათ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. „სწორედაც რომ არ იყო საქართველოს მთავრობის პოლიტიკა კონფრონტაციული. მეტიც, ის იყო მეტად პრაგმატული და მიმართული იყო დეესკალაციისკენ. ჩვენ, ამ თვალსაზრისით და ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღეთ მაღალი შეფასებები ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან“ – უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – დავით ბაქრაძემ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG