Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა სიფრთხილით ეკიდება სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივას, რის გამოც, გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონი ერთგვარ „სათადარიგო გეგმაზეც“ მუშაობს. ამ განცხადების ფონია გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაშარ ალ-ასადის მომხრე შენაერთებმა დაიბრუნეს კონტროლი ქალაქ ჰანასერზე, რომელიც ალეპოსთან დამაკავშირებელ ერთადერთ მაგისტრალზე მდებარეობს.

ბარაკ ობამას განცხადებით, მართალია, კოალიციურმა ძალებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ აშშ-სა და მის მოკავშირეებს ძალიან სჭირდებათ პაუზა სირიის კონფლიქტში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამ უნდა უზრუნველყოს.

24 თებერვალს, იორდანის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრის დროს ვაშინგტონში ობამამ აღნიშნა, რომ ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კოალიციას კიდევ ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი სირიაში, სადაც ვითარება, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, დიდად არ შეცვლილა. ამ კონტექსტში ბარაკ ობამამ ყურადღება გაამახვილა სირიის მთავრობის ვალდებულებაზე და მოუწოდა დამასკს დაიცვას ცეცხლის შეწყვეტის პირობები. თუმცა ეროვნული შერიგების საკითხებში სირიის სახელმწიფო მინისტრი ალი ჰეიდარი აცხადებს, რომ, მიუხედავად საზავო შეთანხმებისა, სირიის არმია არ აპირებს ტერორისტების წინაღმდეგ ბრძოლის შეწყვეტას:

„სირია თანახმაა შეწყვიტოს ნებისმიერი სამხედრო ოპერაცია და, ამასთანავე, შეწყდეს სირიის არმიის ნებისმიერი აგრესია სახელმწიფოსთან დაკავშირებული სტრუქტურებისა თუ სირიის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს სირიელებს სიკეთეს მოუტანს, მაგრამ ვერ გამოდგება საბაბად, რომ დავამახინჯოთ არსებული ფაქტები, შევაჩეროთ არმიის წინსვლა და ბოლო ხანს მოპოვებული გამარჯვებები“.

ამასთან, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კომენტარი ვაშინგტონში ერთგვარი სათადარიგო გეგმის არსებობის თაობაზე. სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას კერიმ „სათადარიგო გეგმა“ იმ დროს ახსენა, როდესაც აღნიშნა, კონფლიქტი სირიაში მანამ გაგრძელდება, სანამ ხელისუფლებაში სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი იქნებაო.

სირიაში მიმდინარე ოთხწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, სულ მცირე, 250 ათასი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.

24 თებერვალს სირიაში შექმნილ ვითარებაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის მეფეს, სალმანს. კრემლის ინფორმაციით, ორი ლიდერი შეთანხმებულა, გააგრძელონ მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტის მოწესრიგების თაობაზე. პუტინის მრჩევლის ვლადიმირ კოზბინის ინფორმაციით, საუბრის თემა ყოფილა ასევე სამხედრო და ტექნიკური თანამშრომლობა. პუტინს საუბარში ხაზი გაუსვამს ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებისთვის, რაც 27 თებერვალს შედის ძალაში.

კრემლზე დაყრდნობით, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა 25 თებერვალსაც გაავრცელეს ცნობა, რომლის თანახმად, მოსკოვმა და ვაშინგტონმა გაცვალეს ინფორმაციები სირიაში დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რაც 27 თებერვალს შედის ძალაში. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა ის ვაშინგტონელი მაღალჩინოსნები, რომლებიც „სათადარიგო გეგმაზე“ საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი და დამასკი სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამენ სირიაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის მიმართულებით.

თუმცა, სინამდვილეში, საქმე სულ სხვაგვარადაა.

23 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით, „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, პენტაგონის შეფმა ეშ კარტერმა, აშშ-ის არმიის შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯომარემ გენერალ ჯოზეფ დანფორდმა და დაზვერვის ხელძღვანელმა ჯო ბრენანმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მართლაც შესთავაზეს სათადარიგო გეგმის მომზადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ძალისხმევა ნაყოფს ვერ გამოიღებს და სირიის შესახებ საზავო შეთანხმება ჩაიშლება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG