Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშლის რეალიზაციის პრობლემა შიდა ქართლში


ადგილობრივ ფერმერებს ვაშლის მოსავალი სარდაფებში აქვთ შენახული, ძლიერი ყინვის გამო მათ ყუთების შეფუთვა დაიწყეს. ხილის მოყინვის შემთხვევაში მოწეული მოსავალი გადასაყრელი გახდება. გაზაფხულის დადგომასთან ერთად ვაშლი ისედაც გაფუჭდება, გლეხები კი ვერც ადგილობრივ და ვერც რუსეთის ბაზარზე ხილის რეალიზაციას ვერ ახდენენ. რუსეთის ბაზარზე ქართული ვაშლის გატანას მხოლოდ მსხვილი ფერმერები ახერხებენ, მცირე მეწარმეები კი შიდა ბაზარზე ფასის მატებას ელოდებიან. ადგილობრივი ფერმერი დავით კიტრიაშვილი ამბობს, რომ ხილის გადამამუშავებელ ქარხნებს უხარისხო ხილის დიდი ნაწილი მიზერულ ფასად მიაქვთ, მაგრამ ეს გლეხებისთვის ერთგვარი შეღავათია.

მცირე ფერმერები ახლა ადგილზე გადამყიდველების ჩასვლას ელოდებიან. 2008 წლის აგვისტოს ომამდე გორის რაიონის სოფლებში გადამყიდველები ცხინვალიდან და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ჩადიოდნენ და ქართული ვაშლი რუსეთის ბაზარზეც გაჰქონდათ. რუსეთის ბაზარი გასული წლის ოქტომბრის შემდეგ გახსნილია, მაგრამ მყიდველი არ ჩანს, ადგილობრივ გლეხს კი დიდი ხარჯის გამო თვითონ არ უღირს, რომ ვაშლი რუსეთში წაიღოს. ფერმერები რთული ვითარებიდან გამოსავლად სახელმწიფოს მხრიდან ვაშლის მოყვანის სუბსიდირებას ასახელებენ. ქართლელ გლეხებს ხშირად გული იმაზეც მოსდით, რომ კახეთში ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო ახდენს, ვაშლს კი უყურადღებოდ ტოვებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იოსებ ხუროშვილი აცხადებს, რომ ფერმერებმა ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად უნდა იმოქმედონ და პირველ რიგში ხილის ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალიზაცია სულ უფრო გაჭირდება. მისი თქმით, სახელმწიფოსთვის ვაშლი, ყურძენთან შედარებით, სტრატეგიული კულტურა არ არის და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სუბსიდიის გამოყოფა არ ხდება.

აგრარული კომისიის ინფორმაციით, წელს გორში 70 ათასი ტონა ვაშლის მოსავალი მიიღეს, დაახლოებით 30 ათასი ტონა მოსავალი კი ისევ მყიდველს ელის. სპეციალისტების აზრით, თუ ვაშლის რეალიზაცია ერთ თვეში არ მოხდა, ის გაფუჭდება.
XS
SM
MD
LG