Accessibility links

logo-print
ვაშლოვნის ეროვნულ პარკში, 30 ივლისს გაჩენილი ხანძრის შედეგად, ნაკრძალის ტერიტორიის 1000 ჰექტარზე მეტი დაიწვა. როგორც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე აცხადებს, ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩნდა. ხანძარს, მისი თქმით, არ დაუზიანებია ვაშლოვნის უნიკალური ფლორა და ფაუნა, დაიწვა მხოლოდ ბალახი და ბუჩქნარი და ტერიტორიაზე მდებარე მეცხვარეების საზამთრო სადგომი. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში აცხადებენ, რომ ვაშლოვნის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.

ვაშლოვნის ეროვნულ პარკში ცეცხლი ბალახსა და ბუჩქნარს 30 ივლისს, დღის მეორე ნახევარში მოედო და ხანძარმა მის ჩაქრობამდე მიწის 1000 ჰექტარი შეიწირა. ადგილზე ჩასულმა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ცეცხლის ბუნებრივად, გადამეტებული სიცხის გამო გაჩენის მიზეზები თავიდანვე გამორიცხა და თქვა, რომ, სავარაუდოდ, ცეცხლი დაუდევრობამ გააჩინა, რისი კონტროლიც ადგილზე საკმაოდ რთულია:
მიუხედავად იმისა, რომ რელიეფურად ძალიან რთულად მისადგომი ადგილია, მაინც დროულად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება ...

”უფრო დიდი ხანძარიც გვინახავს და უფრო დიდი ზარალიც. ეს ხანძარი ძალიან მალე ჩავაქრეთ. ეს იყო იქაური ეკოსისტემისათვის ძალიან ლოკალური მასშტაბის ზარალი. ამის გაკონტროლება, თუ საიდან გაჩნდა ცეცხლი, ძალიან ძნელია. მწყემსები არიან, ტურისტები დადიან... შესაძლოა, სიგარეტის ნამწვი დააგდო ვინმემ და იქიდან გაჩნდა ცეცხლი...”

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუკრი შანშიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლი ჩამქრალია. მისი თქმით, იქ მთელი ღამე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტთან ერთად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ქვედანაყოფები:

”მიუხედავად იმისა, რომ რელიეფურად ძალიან რთულად მისადგომი ადგილია, მაინც დროულად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, მთელი ტერიტორია გადამოწმდა და არავითარი საშიშროება იქ აღარ არსებობს.”
2003 წელს ჩვენ ამ ტერიტორიაზე ვნახეთ ლეოპარდი, რაც არც ერთ ლიტერატურაში არ ყოფილა დაფიქსირებული ...

გარემოსდაცვითი ორგანიზაცია “ნაკრესის” კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ის, თუ ნაკრძალის რა ნაწილს მოედო ცეცხლი. თუ მხოლოდ ბალახი და ძეძვნარია დამწვარი, როგორც ამას ოფიციალური პირები აცხადებენ, ერთ წელიწადში მისი აღდგენა შესაძლებელი იქნება, ხოლო თუ ხანძარმა ნათელი ტყის მონაკვეთი დააზიანა, მაშინ ბიომრავალფეროვნების დანაკლისი უფრო მნიშვნელოვანი იქნება და მის აღდგენასაც მეტი დრო და რესურსი დასჭირდება. რაც შეეხება ვაშლოვნის დაცული პარკის მნიშვნელობას, ზოგადად, ბეჟან ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ასეთი ეკოსისტემა საქართველოში სხვაგან არ არსებობს:

”ვაშლოვნის ნაკრძალში, რომელიც ე.წ. ნათელი ტყითაა ცნობილი, ფრინველთა და ცხოველთა ძალიან საინტერესო თანასაზოგადოება გვხვდება. განსაკუთრებით საინტერესოა მტაცებლების შემადგენლობა - იქ გვხდება მგელი, დათვი, ასევე ფოცხვერი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი. 2003 წელს ჩვენ ამ ტერიტორიაზე ვნახეთ ლეოპარდი, რაც არც ერთ ლიტერატურაში არ ყოფილა დაფიქსირებული და კავკასიაში ამ სახეობის გადაადგილების შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოგვცა”...

რას მოიცავს დამწვარი 1000 ჰექტარი ფართობი და რამდენად დიდი დანაკლისია ეს ვაშლოვნის ეროვნული პარკისათვის? - ვკითხეთ ვაშლოვნის ნაკრძალის რეინჯერთა სამსახურის უფროსს ვაჟა ჩერქეზიშვილს. მან გვიპასუხა, რომ დანაკლისი დიდი არ არის და რომ ძირითადად ცეცხლმა საძოვრების ნაწილი და ბუჩქნარი და მხოლოდ ერთეული ხეები დააზიანა.
XS
SM
MD
LG