Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მეზღვაურების დაუსრულებელი ნაოსნობა


საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი
სამ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც სომალელმა მეკობრეებმა ბერძნულ გემზე მომუშავე 15 ქართველი მეზღვაური ტყვედ აიყვანეს. გამოსასყიდის გადაუხდელობის შემთხვევაში, მეკობრეები მათი დახოცვით იმუქრებიან. გამოსასყიდი თანხის რაოდენობა 1 მილიონ დოლარს აღწევს. გემის მეპატრონე თანხის გადახდაზე უარს ამბობს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სომალელ მეკობრეებთან ნებისმიერი სახის გარიგებაზე საუბარი წარმოუდგენელია. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მეზღვაურების გამოსასყიდი თანხის შეგროვება დაახლოებით სამი კვირის წინ დაიწყო. სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების გარდა, დახმარებას თხოულობენ რვა თვის წინ ლიბიაში დაკავებული გემის ქართველი მეზღვაურები.

სომალელმა მეკობრეებმა 15 ქართველი მეზღვაური ადენის ყურეში 7 სექტემბერს დაატყვევეს. გემი, რომელიც ბერძნულ კომპანია ”რიო ვენტურეს” ეკუთვნის, ინდოეთისკენ სუეცის არხის გავლით მიემართებოდა. როგორც ცნობილია, გემი თავის უკანასკნელ რეისს ასრულებდა, ანუ ჯართად ჩასაბარებლად მიცურავდა. სომალელი მეკობრეები ჯართში ჩასაბარებელ გემზე უარს ამბობენ და ერთ მილიონ დოლარს თხოულობენ 15 ქართველი მეზღვაურის სიცოცხლის სანაცვლოდ. უკვე რამდენიმე კვირაა, ისინი მეზღვაურების დახვრეტით იმუქრებიან.

ქართველი მეზღვაურების ახლობლები დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ. მათ დახმარების მოთხოვნით სააკაშვილის სახელზე დაწერილი წერილი ბათუმში მყოფი პრეზიდენტის დაცვას გადასცეს. გაიმართა მეზღვაურთა ახლობლების აქციები ხელისუფლების გააქტიურების მოთხოვნით, თუმცა ამ ეტაპზე საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სომალელ მეკობრეებთან ნებისმიერი სახის გარიგებაზე საუბარი წარმოუდგენელია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება იმედს იმაზე ამყარებს, რომ თავად გემთმფლობელი მოახერხებს მეკობრეებთან მოლაპარაკების წარმოებას და პრობლემის მოგვარებას.

როგორც მეზღვაურების დამსაქმებელი კომპანიის ”გრინვიჩ 21-ეს” დირექტორი სერგო დევაძე აცხადებს, გემთმფლობელი კომპანიის მიერ დაქირავებული ადვოკატი ქართველი მეზღვაურების ადვოკატს სანუგეშოს ვერაფერს ეუბნება:

”აი, უკვე ათი დღეა მათგან აღარაფერი გვსმენია. ყველანაირი კავშირი გაწყდა. აღარ ვიცით რა ვიფიქროთ. გემთმფლობელს საბერძნეთში ჰყავს დაქირავებული ადვოკატი. მეზღვაურების ახლობლებმაც დაიქირავეს ადვოკატი, რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას ბერძენ კოლეგასთან, მაგრამ ის ახალს ვერაფერს ეუბნება ჩვენს ადვოკატს.”

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოს ქართველ მეზღვაურთა გათავისუფლების საკითხში და ის ხელისუფლებას საერთაშორისო გამოცდილებაზე მიუთითებს:

”ძალიან რთულია, ოფიციალურად გამოაცხადო, რომ ხელისუფლება თანხას უხდის ყაჩაღებს. მსოფლიოში არც ერთ მთავრობას არ განუცხადებია ხმამაღლა, რომ ისინი გამოსასყიდს იხდიან, თუმცა ფაქტია, რომ ყველა საერთაშორისო შემთხვევაში მთავრობები ჩართულნი იყვნენ თანხების აკუმულირებაში.”

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ქართველი მეზღვაურების დასახმარებლად დეკემბრის დასაწყისში სოლიდარობის ფონდი შექმნა. როგორც ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპისათვის ფონდში 60 ათას ლარზე მეტია ჩარიცხული.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ როგორ მოხერხდება გამოსასყიდის შეგროვების შემთხვევაში თანხის მეკობრეებისათვის გადაცემა. ამ შემთხვევაშიც ირაკლი პეტრიაშვილი საერთაშორისო გამოცდილებას იშველიებს:

”არსებობს სამი შუამავალი ქვეყანა, რომელთა მეშვეობითაც მეკობრეებს თანხა გადაეცემათ. ასე გადაიხადა სამხრეთ კორეის მთავრობამ და საზოგადოებამ გამოსასყიდი, ასევე მოიქცა უკრაინის მთავრობა და საზოგადოება. მათ სულ ახლახან გადაიხადეს მილიონ-ნახევარი ამერიკული დოლარი მეზღვაურების გამოსასყიდად და აღსანიშნავია, რომ თანხის ნახევარი ხელისუფლებამ გაიღო.”

სომალელი მეკობრეების მიერ დატყვევებული ქართველი მეზღვაურების გარდა, დახმარებას თხოულობენ რვა თვის წინ ლიბიაში დაკავებული გემის ქართველი მეზღვაურები.

„ვასილიოს N“ თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან რვა თვის წინ გავიდა და გეზი ლიბიისკენ აიღო. გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ხუთი წევრი ქართველები არიან. სამშენებლო მასალით დატვირთულ გემს ტვირთმფლობელი ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდა. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი ღელვაში მოჰყვა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთმფლობელსა და გემთმფლობელს შორის დღემდე გრძელდება, თავად გემი კი უკვე მერვე თვეა, დაკავებულია. მეზღვაურებს კონტრაქტი იტალიის ერთ-ერთ კომპანიასთან აქვთ გაფორმებული, თუმცა დამქირავებლისგან მათ არავინ ეხმიანება. მანანა ამბალია გემის კაპიტნის მეუღლეა. მისი ვაჟიშვილიც „ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრია. ის აცხადებს, რომ ეკიპაჟის ხუთივე წევრი ურთულეს პირობებში იმყოფება და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს:

”ბოლოს ერთი კვირის წინ ვესაუბრე ჩემ შვილსა და ქმარს. მას შემდეგ ყველანაირი კავშირი შეწყვეტილია. დახმარებას და შველას ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებასა და პრეზიდენტს.”

„ვასილიოს N-ის“ ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ დრომდე მათი პრობლემით დაინტერესდა, საქართველოს საკონსულოა იტალიაში. ინფორმაციას ლიბიაში დაკავებული გემის შესახებ არც საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირში ფლობენ.
XS
SM
MD
LG