Accessibility links

logo-print

2015 წლის მსოფლიოს თასი რაგბიში, რომელსაც სპორტის ამ სახეობის სამშობლომ, ინგლისმა, უმასპინძლა, გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის. ბორჯღალოსნებმა თავის ისტორიაში პირველად მოიგეს ორი მატჩი და ჯგუფში პივრელად დაიკავეს მესამე ადგილი, ხოლო ქართველი მორაგბე ვასილ ლობჟანიძე დასახელდა მსოფლიო რაგბის წლის აღმოჩენის ჯილდოს ნომინანტთა შორის. ლობჟანიძესვე ეკუთვნის ერთგვარი მსოფლიო რეკორდი: ის მსოფლიო თასის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა. ტონგასთან მატჩის დროს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი (ცხრა ნომერი) 18 წლისა და 340 დღის გახლდათ. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა რაგბის სამყარო ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც თბილისის „არმაზში“ თამაშობს და დიდ სარაგბო კარიერაზე ოცნებობს, რატომ ურჩევნია მას რაგბის ბურთი ფეხბურთისას და რა განცდა ეუფლება, როცა სათამაშოდ ეროვნული ნაკრების ფორმით გამოდის.

ნოემბრის მზიანი, ცივი დილაა. ქრის ქარი, თუმცა არა ისეთი სიძლიერის, რომ „არმაზის“ მორაგბეების გეგმიურ ვარჯიშს ხელი შეუშალოს.რაგბის კავშირის, „შევარდნის“, სანაკრებო ბაზა თბილისის ისნის რაიონში იმ ადგილზე მდებარეობს, სადაც ადრე ფეხბურთის სტადიონი იყო, თუმცა ადრე ხომ საქართველოში ყველა სტადიონი ფეხბურთისა იყო, შესაბამისად, ლამის ყველა ბიჭი მრგვალ ბურთს დასდევდა. მათ შორის იყო პატარა ვასკა ლობჟანიძეც, ვიდრე მის ცხოვრებაში მოულოდნელობით სავსე ოვალური ბურთი გამოჩნდებოდა.

„რაგბის ბურთის მთელი ხიბლი ისაა, რომ ზუსტად არავინ იცის, როდის, სად და როგორ ახტება“, უთხრა სპორტსმენმა რადიო თავისუფლებას.

ყველაფერი კი რვა წლის წინ დაიწყო, როცა 11 წლის ვასკა ლობჟანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების საქომაგოდ ტელევიზორი ჩართო და ოვალური ბურთის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯა:

„2007 წელს მიმდინარეობდა მსოფლიოს თასის თამაშები. სწორედ მაშინ მომეწონა რაგბი. იმდენად მომეწონა, რომ შესვლა გადავწყვიტე. ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი. დავიწყე ვარჯიში და მას მერე აღარ შემიწყვეტია“.

2007 წელს რაგბის მსოფლიო თასს საფრანგეთი მასპინძლობდა. საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო ნამიბიას, ირლანდიის დიდი ნაკრების დასამარცხებლად და რაგბის ისტორიაში ყველაზე სენსაციური გამარჯვების მოსაპოვებლად კი გამოცდილება და იღბალი არ ეყო, თუმცა გიორგი შკინინის ბრწყინვალე ლელომ რაგბის მთელი სამყარო აალაპარაკა. მაშინ საქართველოს ნაკრები ირლანდიის ეროვნულ გუნდთან სულ რაღაც ოთხი ქულით, 10-14, დამარცხდა. 2007 წლის მსოფლიო თასზე ნამიბიასთან თამაშის დროს ასევე ბრწყინვალე ლელო დადო ირაკლი მაჩხანელმა, რომლის თამაშს აღფრთოვანებული შეჰყურებდა 11 წლის ვასკა ლობჟანიძე. ირაკლი მაჩხანელი ახლა კლუბ „არმაზის“ მწვრთნელია, სწორედ იმ კლუბისა, რომელშიც ცხრა ნომრად ჩვენი სიუჟეტის მთავარი გმირი თამაშობს. ირაკლი მაჩხანელი დარწმუნებულია, რომ ვასილ ლობჟანიძის ღირსება მხოლოდ რეკორდულად მცირე ასაკი არაა:

ირაკლი მაჩხანელი

ირაკლი მაჩხანელი

„...ასაკიც, რა თქმა უნდა, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი და პლუსი ხასიათია, მებრძოლი ხასიათი! კიდევ ის, რომ ნაღდი მოთამაშეა, ბუნებაში აქვს სისხარტე და დახვეწილი მოძრაობები. ამის გამო მასთან მუშაობა ძალიან ადვილია. ფსიქოლოგიურადაც მყარი და თავისუფალია. არ არის შებოჭილი, რის გამოც თავისუფლად თამაშობს. ესაა უდიდესი პლუსი სპორტსმენისთვის, ძალიან დიდი პლუსი. ფიზიკური კონდიციებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ უმთავრესი მაინც ტექნიკური მხარეა. ვასკა ფიზიკურად დიდი არაა, მაგრამ აქვს ის ხასიათი და ბრძოლის უნარი, რომელიც ყველაფერს ფარავს. შეიძლება დიდი იყო ადამიანი, მაგრამ ხასიათი და გული თუ არ გაქვს, რაგბის ვერ ითამაშებ“.

როგორც ირაკლი მაჩხანელმა შენიშნა, ვასკა, მართლაც, არაა გოლიათური აღნაგობის, - 174 სანტიმეტრი სიმაღლის სპორტსმენი 73 კილოგრამს იწონის, - მაგრამ, ამის მიუხედავად, ტონგასთან თამაშისას საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერს არ გასჭირვებია მასზე ბევრად მაღალი და მძიმე, ასზე მეტკილოიანი ტონგელი რვა ნომრის, ვილიამ მააფუს, შებოჭვა, რაშიც თავად ვასილ ლობჟანიძე გასაკვირს ვერაფერს ხედავს.

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

„რაგბია და ყველა ყველას ეჯახება! ამისთვის სპეციალურად ვვარჯიშობთ და ვემზადებით. ყველა ჩემპიონატის წინ ერთთვიან საგანგებო ვარჯიშებს ვატარებთ“, უთხრა რადიო თავისუფლებას ვასილ ლობჟანიძემ, რომელიც „არმაზის“ გამორჩეული და, შეიძლება ითქვას, ცენტრალური ფიგურაა როგორც ლიდერობის, ასევე ფუნქციურობის თვალსაზრისით. საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და გამორჩეული ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე ამბობს, რომ სწორედ ცხრა და ათი ნომრები წარმართავენ და ალაგებენ თამაშს. ცხრა ნომერი უძღვება შერკინებას, ირჩევს ტაქტიკას და უშუალო კონტაქტშია ათ ნომერთან, რომელიც უკანა ხაზს კურირებს. შესაბამისად, ცხრა ნომრის გადაწყვეტილებაზეა დიდწილად დამოკიდებული კოორდინაცია გუნდის სხვადასხვა რგოლს შორის და, მთლიანობაში, თამაშის შედეგიც:

„როცა შერკინება კარგად თამაშობს და ჩქარი ბურთია რამდენიმე კონტაქტის შემდეგ, სწორედ მან უნდა არეგულიროს თამაშის ტემპი. ფეხი როცაა დასარტყმელი, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს... და როცა სწრაფი ბურთია გასატანი, ერთი წამითაც რომ დაიგვიანოს, უკვე ყველაფერი ფუჭდება და ყველაფერი თავიდან ასაწყობი ხდება. რაც შეეხება ახლახან დამთავრებულ მსოფლიო თასს, ყველა თამაში სტაბილურად ითამაშა, არ ჰქონია ჩავარდნები. პირიქით, თამაშიდან თამაშამდე სულ უფრო უმატებდა და სტაბილურად თამაშობდა. ამასთან, ცხრა ნომერი არ უნდა იყოს მორიდებული. კარგი გაგებით, ცოტა თავხედი უნდა იყოს. აი, ეს ყველაფერი აქვს ამ ბიჭს და, შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც სწორად იღებს (რომელ მომენტში რა უნდა გააკეთოს) და გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს“.

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

ირაკლი აბუსერიძის თქმით, ვასილ ლობჟანიძისთვის 2015 წლის მსოფლიო თასი ამ მასშტაბის პირველი ტურნირი იყო, თუმცა, როგორც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ლობჟანიძემ ღირსეულად გაუძლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას და დიდი სპორტსმენის ყველა თვისება გამოავლინა.

„18 წლის ბიჭმა აჩვენა არაჩვეულებრივი ხარისხის თამაში, უშიშრობა! მისთვის ავტორიტეტები არ არსებობდნენ მოედანზე და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ პოზიციაზე ჩვენ გამოგვიჩნდა ძალიან სერიოზული მოთამაშე, რომელსაც ყველა მონაცემი და საშუალება აქვს საიმისოდ, რომ ძალიან სერიოზულ საერთაშორისო დონის მოთამაშედ გაიზარდოს. ფიზიკურადაც შესანიშნავადაა მომზადებული. თანამედროვე რაგბიში ცხრა ნომრებსაც ბევრი ბოჭვის გაკეთება უწევთ. და ზუსტად ამაშია საქმე, რომ ეს 18 წლის ბიჭი, რომელსაც თითქოს გოლიათური აღნაგობა არ აქვს, არაჩვეულებრივი დამცველია და ფიზიკურად ბევრად უფრო ძლიერ მეტოქეებს ბოჭავს შესანიშნავად. ყველა თამაშში გააკეთა ასეთი ბოჭვები ვასიკომ. გარდა ამისა, აღსანიშნავია მოედნის ხედვა, ტექნიკა, გარღვევები, ხაზის გაჭრა და ა.შ. ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება ახალ ზელანდიასთანაც, ტონგასთანაც და ყველა სხვა მატჩიდან, რომლებიც მან ჩაატარა. მრავალფეროვანი მოთამაშეა, მრავალმხრივ განვითარებული, სწრაფი, ჭკვიანი, უშიშარი და, საერთოდ, ყველა იმ თვისებითაა შემკული, რომელიც უნდა ჰქონდეს კარგ მორაგბეს, # 9-ს“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია ნიჟარაძემ, რომლის თქმითაც, ვასილ ლობჟანიძის გამოჩენას ქართულ რაგბიში წინ უძღოდა ქართველი ნახევარმცველების არაერთი თაობის დაუღალავი შრომა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე

შემთხვევით არაა, რომ ამ ფორმაციის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სამი მაღალი დონის ცხრა ნომერი ჰყავს, ვასილ ლობჟანიძის, ვაჟა ხუციშვილისა და გიორგი ბეგაძის სახით. თუმცა, როგორც ვასილლობჟანიძე ამბობს, ასევე ბევრს სწავლობს და იღებს მსფოლიო ვარსკვლავებისგან, რომელთა შორის ორი გამორჩეულად უყვარს: ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ათი ნომერი ჯონი ვილკინსონი და ახალი ზელანდიის მოქმედი ცხრა ნომერი აარონ სმიტი. აღსანიშნავია, რომ თავისი კუმირის, აარონ სმიტისა, და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ ვასილ ლობჟანიძემ ერთი თვის წინ ითამაშა. 2015 წლის მსოფლიო თასზე ქართველმა ბორჯღალოსნებმა პირველად მოსინჯეს ძალა ლეგენდარულ ოლბლეკსთან. ასევე პირველად შესრულდა ტრადიციული ჰაკა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის.

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

რაგბის სპეციალისტების შეფასებით, მსოფლიო თასზე ვასილ ლობჟანიძემ და მთლიანად საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალ ზელანდიას ღირსეული წინააღდმეგობა გაუწიეს და ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს. ვასილ ლობჟანიძის თქმით, რაგბის თამაში იმთავითვე გულისხმობს თავდადებას, თუმცა არაფერი შეედრება იმ გრძნობასა და პასუხისმგებლობას, რომელიც ქვეყნის სახელით თამაშს ახლავს. ვასილ ლობჟანიძეს, მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე ათი მატჩი აქვს ნათამაშები საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

ვასილ ლობჟანიძის მშობლიური კლუბი „არმაზი“ საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, თანაგუნდელებთან ერთად, ყოველდღე ვარჯიშობს. ტურთან მიახლოებულ დღეებში გუნდი ტაქტიკურწვრთნებზე აკეთებს აქცენტს, შუა კვირაში კი - მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე. „არმაზში“ თამაშობს საქართველოს 20 წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრი თორნიკე ხურცილავა, რომელმაც რაგბის თამაში ვასილ ლობჟანიძესთან ერთად დაიწყო:

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

ქართველი მორაგბეების ვარჯიში

„ბავშვობიდან ჰქონდა კარგი მონაცემები და უნდოდა დიდი რაგბის თამაში. ძალიან ბევრს ვარჯიშობდა და მიხარია, რომ ეს შრომა დაუფასდა, თუმცა შრომასთან ერთად ძალიან ნიჭიერია“.

„არმაზის“ მოთამაშეებთან ერთად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძეც დარწმუნებულია, რომ ვასილ ლობჟანიძე თავდაუზოგავი შრომითა და გამორჩეული ნიჭით შთამბეჭდავ საკლუბო კარიერას გაიკეთებს:

„ერთმნიშვნელოვნად ვხედავ მის მომავალს საზღვარგარეთ, რომელიმე კარგ კლუბში. სულ მალე შეიტყობთ იმას, რომ ვასიკო ხელს მოაწერს კონტრაქტს რომელიმე ცნობილ კლუბთან“.

თავად ვასილ ლობჟანიძეც არ მალავს, რომ მსოფლიო თასზე წარმატებული თამაშის შემდეგ წამყვანი სარაგბო ქვეყნების რამდენიმე კლუბიდან დაუკავშირდნენ - თუ რომელი ქვეყნებიდან, ჯერჯერობით არ აზუსტებს. არაა გამორიცხული, რომ ინგლისურის კვალად, ბევრი ქართველი მორაგბის მსგავსად, ფრანგული ენის სწავლაც მოუხდეს, თუმცა მანამდე თბილისში რჩება და ვარჯიშს მშობლიურ „არმაზში“ აგრძელებს. დროის დიდი ნაწილი რაგბის მიაქვს, დანარჩენი კი ოჯახს ეთმობა, დიდ ოჯახს, როგორც თავად ვასკა ამბობს. ჰყავს სამი და, - მათ შორის, ერთი ტყუპისცალი, - უფროსი ძმა და ექვსი დისშვილი, რომლებიც, დანარჩენი საქართველოს მსგავსად, 19 წლის ბიძის, ვასილ ლობჟანიძის, კარგი და გულიანი თამაშით ხარობენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG