Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარდინალებმა პირველ ცდაზე ვერ აირჩიეს ახალი პაპი


ვატიკანში საიდუმლო კენჭისყრა სამშაბათ საღამოს დაიწყო და მასში მონაწილეობას 48 ქვეყნის 115 კარდინალი ღებულობდა. სწორედ ამ შემადგენლობით უნდა აირჩიოს კარდინალთა კოლეგიამ კათოლიკური ეკლესიის რიგით 266-ე პაპი. კარდინალების კონკლავი ვატიკანში დაინიშნა მას შემდეგ, რაც ყოფილმა პაპმა ბენედიქტე მე-16-მ, 27 თებერავლს მოულოდნელად გამოაცხადა, რომ წმინდა საყდარს ტოვებს.

85 წლის ბენედიქტემ თავის ბოლო საჯარო აუდიენციაზე აღნიშნა ასევე, რომ მიდის არა საკუთარი თავის, არამედ რომის კათოლიკური ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით:

„ამ განვლილ თვეებში ვგრძნობდი, რომ ძალა მელევა და ღმერთს შევევედრე ჩემს ლოცვებში, შთავეგონებინე და თავისი სინათლით მოეცა ძალა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად - არა ჩემ სასიკეთოდ, არამედ ეკლესიის სასიკეთოდ“.

ვიდრე სიქსტეს კაპელაში კენჭისყრის საიდუმლო პროცედურას დაიწყებდნენ, ვატიკანში შეკრებილმა კარდინალებმა კონკლავის წინა საზეიმო წირვა ჩაატარეს. კარდინალი ანგელო სოდანო, რომელიც კარდინალების კოლეგიის უხუცესია, რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ერთიანობის მოწოდებისაკენ გამოვიდა. შემდეგ, არჩევნების ცერემონიის დაწყებამდე კარდინალებმა დადეს ფიცი, რომ იქ მომხდარის დეტალებს საიდუმლოდ შეინახავენ.
დღეს მოწმენი ვართ პროცესისა, როცა სულ უფრო მეტად იჩენს თავს იმ კულტურის შედეგები, რომელიც უაღრესად სწრაფად ფართოვდება კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებისა და კულტურის გამოხატვის ათასგვარი ფორმის გავრცელების პირობებში...

მიუხედავად იმისა, რომ პირველ კენჭისყრა სამშაბათს უშედეგოდ დასრულდა, წინასწარი ინფორმაციით, პაპის ასარჩევად საჭირო 77 ხმის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს ორ კარდინალს - იტალიელ ანჯელო სკოლასა და ბრაზილიელ ოდილუ შერერს.

თუკი კონკლავში ბრაზილიელი ოდილუ შერერი გაიმარჯვებს, მაშინ იგი გახდება უკანასკნელი 1300 წლის განმავლობაში პირველი არაევროპელი პაპი, რომელიც მხარს უჭერს ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის, ტვიტერით მესიჯების გაგზავნას.

„დღეს მოწმენი ვართ პროცესისა, როცა სულ უფრო მეტად იჩენს თავს იმ კულტურის შედეგები, რომელიც უაღრესად სწრაფად ფართოვდება კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებისა და კულტურის გამოხატვის ათასგვარი ფორმის გავრცელების პირობებში. სწორედ ეს არის ის სერიოზული გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ“.

როგორც იუწყებიან, შერერს მხარს უჭერს ვატიკანის ბიუროკრატია, რომელსაც კურიას უწოდებენ, კარდინალ სკოლას კი მხარს ის კარდინალები უჭერენ, რომლებსაც კურიის რეორგანიზაცია სურთ.

რაკი პირველი ცდა უშედეგოდ დასრულდა, შესაძლოა არ ცდებოდნენ ის მიმომხილველები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ვატიკანში ახალი პაპის არჩევა შესაძლოა რამდენიმე დღეს გაგრძელდეს და მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს - მაგალითად, გაიზარდოს რომის პაპის საყდრის მაძიებელი სხვა კანდიდატების შანსები. თუმცა, ვინც არ უნდა გახდეს რომის პაპი, მას წინ დახვდება ისეთი პრობლემები, როგორიცაა სექსუალური სკანდალი და წევრების რაოდენობის შემცირება. კარდინალების გადაწყვეტილებას ვატიკანის წინ შეკრებილი ხალხი კვამლის ფერის მიხედვით შეიტყობს. ტრადიციის თანახმად, საკვამურის თავზე თეთრი კვამლის გამოჩენა პაპის არჩევას იუწყება, შავი კვამლი კი ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. სამშაბათს სიქსტეს კაპელის საკვამურიდან სწორედ შავი კვამლი ამოვიდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG