Accessibility links

logo-print

ვაჟა-ფშაველას ღია პორტრეტი


ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ვაჟა-ფშაველა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ვაჟა-ფშაველა

2015 წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ვაჟა-ფშაველა, რომლის ფარგლებშიც გამოიფინა ვაჟას ცნობილი ლექსების, პოემების, მოთხრობებისა და პუბლიცისტური წერილების ორიგინალები, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ცვლიდა ავტორი, შლიდა და ალამაზებდა თითოეული სტრიქონის კეთილხმოვანებას. დამთვალიერებელს საშუალება აქვს თვალი მიადევნოს ისეთი შედევრების შექმნის სამუშაო პროცესს, როგორებიცაა „ბახტრიონი“, „ზვიადაური“, „გველის მჭამელი“ და სხვ. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ასევე იგეგმება საჯარო ლექციების გამართვა.

მარიამ დვალი და ანი ჭაბუკიანი, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, საგანგებოდ მივიდნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საყვარელი პოეტის ხელნაწერების სანახავად. „ფშაველი და მისი წუთისოფელი“, „საიდამ წარმოსდგა ლაშარობა?“, „ჩემი წუთისოფელი“, „ბახტრიონი“, „გველის მჭამელი“ - ასეთია არასრული ჩამონათვალი იმ საარქივო დოკუმენტებისა, რომლებიც ახალგაზრდა დამთვალიერებლების გასახარად ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა:

„ძალიან საინტერესო გამოფენაა! ვაჟა-ფშაველა არის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი, აღფრთოვანებული ვართ მისი შემოქმედებით. ძალიან მომწონს მისი „იას უთხარით ტურფასა“, რომელიც ზეპირად ვიცი:

იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.“

მარიამი და ანი

მარიამი და ანი

მარიამი და ანი, როგორც მეშვიდეკლასელები, სკოლის პროგრამითაც სწავლობენ ვაჟა-ვშაველას შემოქმედებას, თუმცა, როგორც მათი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლელა მათიაშვილი ამბობს, გამოფენის ექსპონატები საინტერესოა როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც:

„დიდი სურვილი მქონდა პირველივე დღეს მომეყვანა მეშვიდე კლასი, რადგანაც ახლა გადიან ვაჟას. მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიდი მწერლის ხელნაწერის ნახვას, სხვა ბევრ საინტერესოსაც შეიტყობენ. რაც მთავარია, ის, რომ ვაჟა ძალიან დიდი იყო, უნდა იცოდეს ახალმა თაობამ“.

ვაჟა-ფშაველა დიდი და ბრწყინვალე პოეტი იყო, თუმცა, როგორც ესმა მანია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, ვაჟა-ფშაველას საცავის მცველი, ამბობს, დიდი პოეტის ყოფითი ცხოვრება მოკლებული იყო ბრწყინვალებას, რაც, გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ასევე ვაჟას ბიოგრაფიის ნაწილია და არ უნდა მიიჩქმალოს. ესმა მანია გვიჩვენებს ერთ-ერთი ხელნაწერის უკანა მხარეს, სადაც დიდ მწერალს სავარაუდო ჰონორარის ხარჯთაღრიცხვა უწარმოებია.

ესმა მანია

ესმა მანია

„საგულისხმოა ის, რომ ვაჟას სავარაუდო ჰონორარების ხარჯთაღრიცხვებში რიცხვი არასოდეს არაა ორნიშნაზე მეტი. როგორც ეტყობა, ძალიან მწირი ჰონორარი ჰქონდა და გამომცემლებიც ძალიან არ ანებივრებდნენ. ეს არქივი ერთადერთი მოცემულობაა, რომელიც აერთიანებს ვაჟა-ფშაველას როგორც შემოქმედს და ძალიან მწირი შემოსავლების მქონე ლუკა რაზიკაშვილს. როგორ ცხოვრობდა ვაჟა-ფშაველა, უგერგილოდ დაკეცილ ფურცელზეც ემჩნევა, ლაქებზეც ემჩნევა, შემთხვევით წამოცდენილ მინაწერებზე, გულაცრუებულ რემარკებზე... ვაჟა-ფშაველას პორტრეტი ღიად არის, თარობების განმავლობაში ღიად დარჩება და ყოველთვის რაღაც დაემატება. ეს ერთგვარი საექსპერიმენტო გამოფენა იმიტომ გაკეთდა, რომ ყველა თაობამ თავისი შტრიხი შესძინოს. აი, ასეთი დაკვირვებებისგან შედგება პორტრეტი და არა ისეთი ჩვეულებრივი ბიოგრაფიებისაგან, რომლებიც ყველა ერთმანეთს ჰგავს და პოზიტიური მსჯელობების ერთგვარი ნაკრებია“, უთხრა რადიო თავისუფლებას ესმა მანიამ, რომლის თქმითაც, არასწორად ვიქცევით, როცა მივდევთ ანტიკურ აზროვნებას და მექანიკურად ვიმეორებთ, რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და გვეხამუშება ისეთი ვაჟა-ფშაველა, როგორიც დიდი სიზუსტით აღწერა პაოლო იაშვილმა 1922 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან შვიდი წლის თავზე:

„გულშემზარავი იყო ბედი ვაჟა-ფშაველასი. ვაჟა-ფშაველაზე ძლიერი პოეტური სტიქია არ ახსოვს საქართველოს. ვაჟამ პირველმა მისცა იმედი ქართულ სიტყვას. მას ჰქონდა ღმერთების ენა და ჰომეროსის ნოყიერება. მაგრამ არწივად წოდებული საქართველოში დადიოდა, როგორც „ჩხიკვი ზაქარა“, თვალმოხეული, ყველის სუნით გაჟღენთილი, დაკონკილი ჩოხით, ფრჩხილებში მიწაგამოგლესილი, ნარმის საცვლებში, დასული სოფლის მეწვრილმანის ვაჭრობამდის, მიუღებელი, უგვირგვინო. ის ჭლექით დააკვდა საავადმყოფოს ლოგინს, ისე, ვით უბინაო და ქუჩის მათხოვარი".

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ვაჟა-ფშაველა

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა ვაჟა-ფშაველა

​ასეთი ვაჟა-ფშაველა გვიყურებს საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ფოტოებიდან, სიღარიბე და სიდუხჭირე გამოსჭვივის ჩანაწერებიდანაც. ერთგან გვხვდება ვაჟას მიერ ნაყიდი ნივთების ასეთი სია: ლურსმანი - 20, ფლოსტები - 60, შალი ქართული - 160, შალი თუშური - 50, საკაბე თამარისა - 3, წაღები - ლევანისათვის - 5. ხელმოკლეობაზე ჩივის ვაჟა-ფშაველა პუბლიცისტურ წერილში „უმადური გამომცემელი“, რომელშიც ამბობს: ფულზე და ანგარებაზე წერა ბეჭდვითი სიტყვის შეურაცხყოფად მიმაჩნია, გავჩუმდე და არაფერი ვსთქვა, ესეც შეუძლებელიაო. ნიკოლოზ ჟღენტი, ხელნაწერთა ერვონული ცენტრის გამოფენისა და განათლების მეცნიერ-თანამშრომელი, ამბობს, რომ საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა დამთვალიერებელს მხოლოდ სტატიკურ ექსპონატებს როდი სთავაზობს. ვიზიტორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ერთგვარ ინტერაქტიურ თამაშში:

„ჩვენ ვთავაზობთ გახდნენ ხელნაწერთა ცენტრის არქივარიუსები, ანუ გახდნენ ხუთი წუთის განმავლობაში ის ადამიანები, ვინც არქივებს ამუშავებს. მათ შეუძლიათ წინასწარ მომზადებული კითხვარის საფუძველზე სტენდში შეისწავლონ საარქივო მასალა, მოახდინონ მათი დახარისხება, აღწერა და ის საქმე, რასაც ჩვენთან არქივარიუსები აკეთებენ, შეასრულონ ხუთი წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ მოვამზადებთ სპეციალურ ტექსტებს, ვაჟას უკვდავი ნაწარმოებების თეთრსა და შავ ვარიენტებს და მათ უშუალოდ შეეძლებათ ბეჭდური სახით შეადარონ, თუ როგორი იყო თავდაპირველად ეს ნაწარმოებები და როგორ შეიცვალნენ გამოცემის დროს“.

ნიკოლოზ ჟღენტი

ნიკოლოზ ჟღენტი

ამგვარი განსხვავება ხელნაწერსა და უკვე დასტამბულ ტექსტს შორის თვალსაჩინოდ ჩანს „ბახტრიონის“ მაგალითზე. გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ესმა მანიას, სწორედ „ბახტრიონის“ ხელნაწერთან მივყავართ:

„აქ წარმოდგენილია ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონის“ ავტოგრაფი, მისი ერთდაერთი პირი. როგორც ხედავთ, არის ძალიან შავი ნაწერი. მომდევნო გვერდებში, რომლებიც არ არის გადაშლილი, კიდევ უფრო მეტად არის ნამუშევარი. ძალიან თამამად ასწორებს პოეტი ტექსტს, არა მარტო სტრიქონებსა და ცალკეულ სიტყვებს შლის, არამედ მთელ სტროფებს შლის. დამთვალიერებელს შეუძლია ნახოს პირველი ვარიანტები და მიხვედს, თუ რა გრადაცია განიცადა პუბლიკაციამდე. ვხედავთ, რომ სათაურის სამი ვარიანტი ჰქონია: თავიდან - „ზავი“, შემდეგ - „ლელა“ და შემდეგ, მესამე ვარიანტად, დარქმევია ‘ბახტრიონი’“.

ზოგადად, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მელანი ძალიან აგრესიული და აქროლადია, რის გამოც ქაღალდსაც „ჭამს“ და მალეც ქრება. როგორც ეტყობა, მას იმდენად დაბალი ხარისხის მელანი ჰქონდა, რომ სიცოცხლეშივე აქროლდა. ასევე ვხედავთ, რომ აქვს ტექსტის „გაცხოველების“ პრაქტიკა - გადაატარებს ხოლმე რამდენჯერმე კალამს...

ესმა მანიას თქმით, ასევე საინტერესოა ის, თუ როგორ ქაღალდზე წერდა დიდი პოეტი და რითი წერდა. როგორც ჩანს, ვაჟა არ იყო განებივრებული მაღალი ხარისხის საწერი მასალით:

„ზოგადად, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში მელანი ძალიან აგრესიული და აქროლადია, რის გამოც ქაღალდსაც „ჭამს“ და მალეც ქრება. როგორც ეტყობა, მას იმდენად დაბალი ხარისხის მელანი ჰქონდა, რომ სიცოცხლეშივე აქროლდა. ასევე ვხედავთ, რომ აქვს ტექსტის „გაცხოველების“ პრაქტიკა - გადაატარებს ხოლმე რამდენჯერმე კალამს. როგორც ჩანს, მის სიცოცხლეშივე ქრებოდა ეს მელანი. ფანქრითაც აქვს ნაწერები. აქვს სხვადასხვა ფერის მელანი. საინტერესოა, რომ A4 ფორმატის ფურცელს კეცავს არა სიგანეზე, როგორც ჩვენ ყველანი, არამედ სიგრძეზე. ბოლო სანტიმეტრამდე აქვს ათვისებული ქაღალდი. ეტყობა, დიდ დანაკლისს განიცდიდა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ესმა მანიამ.

სიდუხჭირით, რომლის შესახებაც ესმა მანია გვიყვებოდა, გაჯერებულია ვაჟას ქალიშვილის, გულქან რაზიკაშვილის, მოგონებაც, რომელიც მწერალმა ეთერ თათარაიძემ ჩაიწერა და გამოსცა წიგნად 1991 წელს, სათაურით "მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი". ფრაგმენტი ამ წიგნიდან:

„არ იყო ნავთი წინა. მამას რო არც ეთქვა, მამქონდა გუდითა კელაპტარივით დახეული ჭრაქები... „რას იკუნჭებიო“, – მეტყვიან, – „ამაყად თქვი, ნეტა ჩვენ ვიყოთ ვაჟას შვილებიო...“არ ვიყავ ხალხში გაჩვეული და მერიდებოდა, თან ვფიქრობდი, არა თქვან, თავი მოსწონ დიდი მამის შვილობითაო. მიკუნჭვილი ვიყავ და მიკუნჭვილი მივალ მიწასა...მამაჩემს – კალამი და მე – ქსოვა. წინდების ქსოვა ვიცი და მამამ წერა იცოდა. ბეჩავი მამაი, ტანჯული იყო ცხოვრებაშია და მე დამყვა იმისი ბედი, ტანჯულმა გავავლიე წუთისოფელი. ერთნაირი ტანჯულები ვართ მე და მამაი. მამა იტყოდა: “ნაწილი” დაბადებით დაჰყვება კაცსაო, სინამდვილე არიო, “ნაწილიანი” ვისაც ჰყოლია, იმათი სახლი აშენებული ყოფილა ცხვრითა, საქონითა... თავის მამაზე მეტად “ნაწილიანია” მამაი. პავლე ღვდელი ვის აგონდება. ვაჟაო! ქვეყანა ჟრიალებს: ვაჟაო!..მამაი იქნებოდა ღვთის „ნაწილიანი“, იქნებოდა. იმას სხვანაირი ეტლი ედო, სხვანაირი...“

პროექტი გამოფენასთან ერთად მოიცავს საჯარო ლექციების ციკლსაც. 7 დეკემბერს სწორედ ეთერ თათარაიძე - ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, პოეტი და პუბლიცისტი - წაიკითხავს ლექციას „ვაჟას ნამდვილი ბიოგრაფია“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG