Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ


4 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე ბრალდებულ თორმეტ ყოფილ სამართალდამცველს, აქედან ერთს – დაუსწრებლად. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და, მათ შორის, არც შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა - პროკურატურის მასალების თანახმად, 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი სამართალდამცველებმა სწორედ ფირცხალავას „პირადი დაინტერესების“ კვალდაკვალ დახოცეს.

სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენების თაობაზე და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა – დაკავებულები არ გაათავისუფლა. პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლომ „ერთადერთი სწორი და ადეკვატური“ გადაწყვეტილება მიიღო:

„(სასამართლომ) იხელმძღვანელა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით. იყო როგორც ფორმალური, ასევე ფაქტობრივი საფუძვლები, რომ გამოეყენებინა აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება და, შესაბამისად, თორმეტივე ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა დაპატიმრება“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაბამისი არგუმენტაცია გვქონდა სასამართლოსთვის წარდგენილი, რომ დაპატიმრების აუცილებლობა არ არსებობდა. თუმცა სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო...
დავით ხაჟალია

თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას დაკავებულების დაცვის მხარე. ადვოკატ დავით ხაჟალიას ამის თქმის საშუალება, როგორც თავად აღნიშნავს, შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მიეცემა:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაბამისი არგუმენტაცია გვქონდა სასამართლოსთვის წარდგენილი, რომ დაპატიმრების აუცილებლობა არ არსებობდა. თუმცა სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ არ ვიცით, როგორ ასაბუთებს ამას სასამართლო, ვინაიდან მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა. დღეს საღამოს გვიან ან ხვალ, ალბათ, დილით ავიღებთ დასაბუთებულ განჩინებას, ბრძანებას აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ“.

„განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით“, მთავარმა პროკურატურამ 11 პირი 2 თებერვალს დააკავა და სწორედ ამ დღეს გამოცხადდა გახსნილად თითქმის 9 წლის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარი სისხლიანი ამბავი. პროკურატურის მასალების თანახმად, 2006 წლის 2 მაისს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, ირაკლი ფირცხალავას „დანაშაულებრივი გეგმით“ მოქმედებდნენ. ეს გეგმა კი, თავის მხრივ, შურისძიებას ეფუძნებოდა. ითქვა, რომ 2006 წლის 07 აპრილს სოდის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ირაკლი ფირცხალავას ძმა, ლევან ფირცხალავა, და ეს მოხდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც სამართალდამცველებს მიაწოდა მოგვიანებით სპეცოპერაციის დროს მოკლულმა ალექსანდრე ხუბულოვმა და ირაკლი ფირცხალავამაც შურისძიება სწორედ ამის გამო გადაწყვიტა.

ესენი მუხანათურად მოქმედებენ: არ აკმარეს იმ ოჯახს (ხუბულოვის ოჯახზე მაქვს ლაპარაკი) ეს დიდი ტრაგედია და დღეს მის შვილებს ინფორმატორად გამოუცხადეს მამა. არ იყო ეგრე. ხუბულოვი ვაჟკაცი იყო. მართალია, სხვა პროფესიის და დამნაშავე ადამიანი იყო, მაგრამ ვაჟკაცი კაცი იყო...
ირაკლი ფირცხალავა

თუმცა თავად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ 4 თებერვალს სასამართლო სხდომაზე უარყო გამოძიების ეს ვერსია და განაცხადა, რომ თავისი ძმა თითონვე დააკავა და, სასჯელის მოხდის შემდეგ, ის დღეს ღირსეული მოქალაქეა. ხოლო რაც შეეხება ალექსანდრე ხუბულოვს, ირაკლი ფირცხალავას თქმით, მას პოლიციისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, რომ ის ამის გამკეთებელი და, შესაბამისად, არავაჟკაცი არ იყო:

„ესენი მუხანათურად მოქმედებენ: არ აკმარეს იმ ოჯახს (ხუბულოვის ოჯახზე მაქვს ლაპარაკი) ეს დიდი ტრაგედია და დღეს მის შვილებს ინფორმატორად გამოუცხადეს მამა. არ იყო ეგრე. ხუბულოვი ვაჟკაცი იყო. მართალია, სხვა პროფესიის და დამნაშავე ადამიანი იყო, მაგრამ ვაჟკაცი კაცი იყო“.

სასამართლოს 4 თებერვლის გადაწყვეტილებამ ამ ეტაპისთვის კმაყოფილი დატოვა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც თითქმის 9 წლის განმავლობაში აქტიურად ითხოვდა კორტების სპეცოპერაციის საქმის სამართლიან გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას. ისინი კიდევ უფრო გააქტიურდნენ მას შემდეგ, რაც 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის, საფლავზე ააფეთქეს.

4 თებერვალს ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიკრიბნენ და აქციაც გამართეს. სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ხმაურისა და მხარეებს შორის დაპირისპირების ფონზე – დარბაზში შესვლა ბევრმა ვერ მოახერხა და, მათ შორის, ვერც ნათესავებმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით განპირობებულ კმაყოფილებას 4 თებერვალს თან ახლდა მოთხოვნა საქმესთან შესაძლო კავშირში მყოფი სხვა პირების დაკითხვის თაობაზე. ეს მოთხოვნა ვაზაგაშვილების ადვოკატმა ირმა ჭკადუამაც გაახმაურა:

ირმა ჭკადუა
ირმა ჭკადუა

„ბატონი იური ვაზაგაშვილი მუდმივად საუბრობდა სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა სიაზე. გარდა ამისა, მუდმივად იყო საუბარი, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობის პირები პირდაპირ თუ ირიბად იყვნენ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე ჩართულები. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო ორგანოები დაკითხავენ ამ ადამიანებს. თუკი არ არიან დაკითხულები, მოვუწოდებთ, რომ დაკითხონ და მათი ჩვენებიდან გამომდინარე მიიღონ შემდეგ სამართლებრივი გადაწყვეტილებები“.

„კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომელიც მთავარმა პროკურატურამ სამართალდამცველთა მხრიდან განხორციელებულ „შეიარაღებულ თავდასხმად“ გამოაცხადა, წინასასამართლო სხდომა 26 მარტს გაიმართება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG