Accessibility links

logo-print

საარჩევნო კოდექსი ვენეციის კომისიის დასკვნის მოლოდინში


ვენეციის კომისიის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან

ვენეციის კომისიის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან

თბილისში იმყოფებიან ვენეციის კომისიისა და ეუთოს ექსპერტები. ისინი საქართველოში პარლამენტის მოწვევით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანია საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადება. ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე ცესკოს თავმჯდომარე. სამუშაო ფორმატი არ ითვალისწინებს კომისიის წევრების შეხვედრას ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან, რომლებსაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების თავიანთი ვერსია აქვთ.

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოსული ვენეციის კომისიის წევრები დილიდან მართავდნენ შეხვედრებს ცესკოს თავმჯდომარესთან, მოგვიანებით - საპარლამენტო უმცირესობასთან. სწორედ ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა კომისიის წევრმა მანუელ გონსალეს ოროპეზამ, რომ მათი ვიზიტის მიზანია მოსაზრებების გაზიარება ორ ორგანულ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით. ესენია რაიონული და ელექტრონული საარჩევნო სისტემა. ამასთან, მისი თქმით, კონკრეტულ დასკვნას საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით მარტში გამოაქვეყნებენ:

„ჩვენ შეშფოთებული არ ვართ პროპორციული ან მაჟორიტარული წესის ცვლილებით. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ორივე სისტემა დადებითია, მე ვფიქრობ, და დარწმუნებული ვარ, ხალხმა იცის, რომელი სისტემაა უკეთესი“.

ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა გასული წლის მიწურულს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლისთვის ახლებურად განისაზღვრა საარჩევნო ოლქების საზღვრები, მათი რაოდენობა კი არ შეცვლილა. 73 ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და მუნიციპალიტეტის საზღვრებს დაემთხვევა, 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, დედაქალაქში კი, ამჟამად არსებული 10-ის ნაცვლად, 18 მაჟორიტარული ოლქი იარსებებს.

სწორედ ოლქების საზღვრების შეცვლაა ოპოზიციის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ქვეყანაში არის კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ 2016 წლის არჩევნები სამხარეო პროპორციული სისტემით ჩატარდეს და ამ კონსენსუსს ერთადერთი მმართველი კოალიცია ეწინააღმდეგება, რომელიც საარჩევნო ოლქებს თავის თავზე ირგებს, რათა არჩევნებში გამარჯვების გარანტია მიიღოს:

„საარჩევნო ოლქი ისეა დალაგებული, როგორც ეს აწყობს ხელისუფლებას და არა ისე, როგორც უნდა იყოს, წესით და კანონით. ამ კანონის ცინიზმი ისაა, რომ ისინი ამბობენ, ჩვენ ამას ვაკეთებთ ერთი არჩევნებისთვის, იმიტომ რომ გვეშინია, რომ წავაგებთ არჩევნებს. ჩვენ ავუხსენით ტექნოლოგია, ავუხსენით, რომ ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მიიღეს“.

გარდა იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს არ ეთანხმებიან „თავისუფალი დემოკრატები“, პარტიის წევრის გია ცაგარეიშვილის თქმით, საერთოდ ვენეციის კომისიის ვიზიტი და მათი შეფასებებიც აზრს კარგავს, ვინაიდან მიღებულ კოდექსში შენიშვნების ასახვა მაინც ვეღარ მოესწრება:

„ხელისუფლებამ დაჩეხა-დაანაწევრა საარჩევნო ოლქები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გაართულებს საარჩევნო პროცესს საქართველოში. ჯერ მიიღეს კოდექსი სამი მოსმენით და შემდეგ აფრინეს შეფასებისთვის და მე ძალიან მაინტერესებს, ვთქვათ, ვენეციის კომისიისგან ნეგატიური შეფასება მოვიდა, მერე რა უნდა ვქნათ ჩვენ. ეს არის აბსურდის თეატრი“.

მმართველ კოალიციაში კი ფიქრობენ, რომ არჩევნების დემოკრატიულობას არ განსაზღვრავს საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულია თუ პროპორციული. ამასთან, საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ზვიად ძიძიგურის თქმით, ვენეციის კომისია წინასწარ იყო ინფორმირებული:

„ვენეციის კომისიას საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ჩვენ გადავუგზავნეთ, კერძოდ, ოლქების საზღვრების ცვლილებასთან დაკავშირებული, რამაც მანდატების გამოთავისუფლება გამოიწვია. 50 %-იან მაჟორიტარულ ბარიერთან დაკავშირებული ცვლილებაც გადაგზავნილი გვაქვს და ახლა სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს“.

ვენეციის კომისიასთან შეხვედრების დღის წესრიგში არ არის შეხვედრა ინტერპარტიულ ჯგუფთან, რომელსაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების თავისი ვერსია აქვს. როგორც ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა, უთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, იმედია, მხოლოდ და მხოლოდ ტექნკური შეცდომაა ის, რომ ჯგუფი ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრას არ დაესწრება.

ვენეციის კომისია, თბილისში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს და სამოქალაქო სექტორსაც ხვდება. შეხვედრების შედეგად მიღებული ინფორმაციის და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე თავის დასკვანას კი კომისია მარტში გამოაქვეყნებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG