Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში


თბილისში სამუშაო ვიზიტით ვენეციის კომისიის დელეგაცია იმყოფება. დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე საკონსტიტუციო და სხვა სამართლებლივ ცვლილებებზე ისაუბრეს.

ჯანი ბუკიკიოს ვიზიტი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:25 0:00
გადმოწერა

ვენეციის კომისია საქართველოს ეხმარება საკანონმდებლო სისტემის სრულყოფაში. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანი დოლიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის ყველაზე აქტუალური საკონსტიტუციო და სასამართლოს რეფორმებია და ამიტომ ექსპერტების აზრი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვენეციის კომისია მზად არის ამ რეფორმების ნებისმიერ ეტაპზე მოგვაწოდოს მოსაზრებები, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სასამართლო სისტემა, ჩვენი კონსტიტუცია“.

ჯანი ბუკიკიო შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. შეხვედრის შემდეგ კობახიძემ თქვა, რომ „საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეცის კომისიის მიერ“.

იმავე ბრიფინგზე საქართველოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჯანი ბუკიკიომ შემდეგი რამ განაცხადა:

უკვე ვთქვი, რომ, გლობალურად, კარგი ტექსტია და შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, თუმცა მისი დახვეწა შეიძლება. 2010 წელს, კონსტიტუციის ბოლო ცვლილების შემდეგ, ვენეციის კომისიას კონსტიტუციაში ასახული ზოგიერთი საკითხის მიმართ კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა. წინა მოწვევის პარლამენტში უკვე იყო საკონსტიტუციო კომისია, რომელიც, სამწუხაროდ, არ იყო წარმატებული. ახლა ვფიქრობ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. მე ნამდვილად მივესალმები თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის მონდომებას, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ჩვენი საერთო მიზანი საქართველოს კონსტიტუცია და მისი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანაა. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი და ერთად ჩვენ წარმატებას მივაღწევთ.

ჯანი ბუკიკიო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს. ერთ-ერთი მათგანი იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ამბობს, რომ არჩევნები აუცილებლად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს:

„ეს საკითხი თუ იქნებოდა კენჭისყრაზე დასმული უახლოეს კვირებში და პარლამენტი თუ მიიღებდა დადებით გადაწყვეტილებას, ეს იქნებოდა გზავნილი კონსტიტუციურ პროცესებში ჩართული ყველა მხარისადმი, რომ ხელისუფლება პატივს სცემს კონსენსუსებს“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი კი ამბობს, რომ შეხვედრაზე დეტალების შესახებ საუბარი არ ყოფილა, ზოგადად კი შეეხნენ პარლამენტის უფლებამოსილების თემას, საარჩევნო სისტემას და პრეზიდენტის არჩევის წესს. მისივე თქმით, ბუკიკიომ აღნიშნა ასევე, რომ არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება უკეთესი იქნებოდა:

„არსი ამ საუბრის იყო ის, რომ პროპორციული სისტემა იქნება უკეთესი, ვიდრე ის, რაც დღესაა. პროპორციული სისტემა სხვადასხვა ტიპის არის. ერთ-ერთი, რომელსაც ჩვენ ვუწევდით ადვოკატირებას, არის რეგიონალურ-პოპორციული ტიპის. ეს იქნება თუ სხვა, არ ვიცით, მაგრამ, ზოგადად, ბუკიკიომაც დააფიქსირა მოსაზრება, რომ ეს სისტემა უკეთესი იქნება და კარგი იქნება, თუ კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა“.

ჯანი ბუკიკიო საქართველოს 21 იანვარს დატოვებს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG