Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტის მიერ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ხელმოწერისთვის პროცედურით განკუთვნილი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე რჩება. 27 მაისს კი, დღის ბოლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიიდან ცვლილებების შესახებ მომზადებული წინასწარი დასკვნა მიიღო. ამ დასკვნაზე, სავარაუდოდ, დიდწილად იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტი - მოაწერს ხელს, გამოიყენებს ვეტოს უფლებას თუ მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს პარლამენტს.

ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა საქართველოს პრეზიდენტის თხოვნა პროცესის დაჩქარების თაობაზე და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესახებ წინასწარი დასკვნა შემჭიდროებულ ვადებში მიიღო. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ლევან ბოძაშვილმა უკვე დასკვნის შესახებ საუბრისას აღნიშნა, კომისიამ გაიზიარა ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ კანონთან დაკავშირებით გამოთქმული რამდენიმე კრიტიკული მოსაზრებაც:

“პირველ რიგში, ეს გახლავთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების კონსტიტუციური ათწლიანი ვადის დაცვა როგორც ვადის გასვლის შემდეგ, ისე ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე. ამ საკითხზე ვენეციის კომისიას აქვს საკმაოდ კრიტიკული შენიშვნა. მიაჩნია, რომ ეს ამოღებული უნდა იქნეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან. ასევე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება - კრიტიკული დამოკიდებულება - აქვს ვენეციის კომისიას პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების მაღალ კვორუმთან დაკავშირებით. ასევე ვენეციის კომისიის კრიტიკული შენიშვნები დაიმსახურა იმ მოსაზრებამ, იმ ნორმამ, რომლის მიხედვითაც, ერთ მოსამართლეს კოლეგიაში საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე საქმე გადასცეს პლენუმს განსახილველად“.

ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ პრეზიდენტს, რომ შეაფერხოს ეს ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრი და არ მისცეს საშუალება ბიძინა ივანიშვილს, რომ როგორც დაიქვემდებარა საერთო სასამართლოები, ისევე მოახერხოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება...

ლევან ბოძაშვილი აქვე დასძენს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში არის ასევე საკითხები, რომლებზეც პრეზიდენტს დადებითი აზრი ჰქონდა. თავის მხრივ, კანონში ცვლილებების ზოგიერთ პოზიტიურ ასპექტზე მიუთითებს ვენეციის კომისიაც, რომელიც, მაგალითად, აღნიშნავს, რომ სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი სისტემა უზრუნველყოფს რეალურ არჩევანს იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც შერჩევის პროცედურაში მიიღებენ მონაწილეობას. მისთვის მისაღებია ასევე მოსამართლეთა განსხვავებული აზრების გამოქვეყნება, გადანაწილების ელექტრონული სისტემის დაწესება და სხვა.

საქართველოს პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა. პრეზიდენტს ხელმოწერისთვის კანონი 19 მაისს გაეგზავნა. კანონის ხელმოწერისათვის მას პროცედურით გათვალისწინებული ათდღიანი ვადა აქვს, თუმცა ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტი კანონში შეტანილი ცვლილებების საკითხზე კონსულტაციებს არაერთ პირსა და ორგანიზაციასთან მართავს. ამ მიზნით გადადგა მან აქამდე უპრეცედენტო ნაბიჯი და ვენეციის კომისიას მიმართა. როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ამბობს, პოლიტიკური გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს:

ირინა იმერლიშვილი

ირინა იმერლიშვილი

“ძალიან ყურადღებით განვიხილავთ კანონპროექტს პირველი მოსმენიდან მოყოლებული. ამას დაემატა ახლა კრიტიკული შენიშვნები, მართლაც, წინასწარი დასკვნა ვენეციის კომისიისა. ეს არის სამართლებრივი მხარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი“.

პრეზიდენტს, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ ცვლილებები არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ზიანის მომტანია საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა ეხება ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომელიც „ქართული ოცნების“ სამიზნე აღმოჩნდა:

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება იმას, რომ მოქმედ მოსამართლეებს ბოლო სამი თვის განმავლობაში თავიანთი მანდატისა არ შეეძლოთ საქმეების განხილვაში მონაწილეობა. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები, რომ შეაფერხოს ეს ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრი და არ მისცეს საშუალება ბიძინა ივანიშვილს, რომ როგორც დაიქვემდებარა საერთო სასამართლოები, ისევე მოახერხოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაქვემდებარება“.

მისასალმებელია ის საკითხი, რომ მხარდაჭერილია მთელი რიგი თემები, რომლებიც რატომღაც კრიტიკული შემოტევების თემები იყო პარლამენტში მუშაობისას, მაგრამ ვენეციის კომისიამაც დაადასტურა, რომ პოზიტიურია მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც მივიღეთ...

კანონში ცვლილებები კი, რომელსაც, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი, ითვალისწინებს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად კვორუმის გაზრდას, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი ხდება სადავო ნორმატიული აქტის შეჩერება-არშეჩერების საკითხი და სხვა. ოპონენტების აზრით, ხელისუფლება სამართალწარმოების გართულების გზით ცდილობს საკონსტიტუციო სასამართლოზე კონტროლი დაამყაროს. თავის მხრივ, მმართველი ძალა აცხადებს, რომ ცვლილებების მიზანი საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებაა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი მიზანია შესაძლებლობა არ მისცეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ხელოვნურად გაიხანგრძლივონ უფლებამოსილების ვადა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ამ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს დისკრედიტაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობად აფასებს. დეპუტატი გიორგი ვოლსკი კი ვენეციის კომისიისგან ცვლილებების შესახებ წინასწარი დასკვნის მიღების შემდეგ ძირითადად პოზიტიურ შეფასებებზე აკეთებს აქცენტს:

“მისასალმებელია ის საკითხი, რომ მხარდაჭერილია მთელი რიგი თემები, რომლებიც რატომღაც კრიტიკული შემოტევების თემები იყო პარლამენტში მუშაობისას, მაგრამ ვენეციის კომისიამაც დაადასტურა, რომ პოზიტიურია მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც მივიღეთ. ვფიქრობ, არის რაღაც თემები, რომლებზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, არის კიდევ ვადა საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე. მუშაობაა საჭირო და ჩვეულებრივი ნორმალური პროცესი მიდის, თუმცა, რასაკვირველია, ეს თემაც პოლიტიკური სპეკულაციების თემად იქცევა“.

საქართველოს პარლამენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები ვენეციის კომისიას მხოლოდ დამტკიცების შემდეგ გაუგზავნა. სხვათა შორის, სულ რამდენიმე საათით დაასწრო პრეზიდენტს. შესაბამისად, საკითხი, სურს თუ არა საქართველოს, საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ევროპული სტანდარტების მქონე კანონი ჰქონდეს, ღიად რჩება. ღიად რჩება ისიც, შესწორდება თუ არა კანონი კომისიის დასკვნის შესაბამისად და რას მოიმოქმედებს პარლამენტი იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს ან საკონსტიტუციო სასამართლოშივე გაასაჩივრებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG