Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგო ჩავესი ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა


ვენესუელის საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი უგო ჩავესი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. კვირას გამართულ არჩევნებზე ჩავესმა ხმების 56 პროცენტი მიიღო, მისმა ოპონენტმა ენრიკე კაპრილესმა კი - დაახლოებით, 45 პროცენტი.

ჩავესი უკვე მესამედ აირჩიეს და სოციალისტი პოლიტიკოსი ნავთობის ექსპორტიორი ვენესუელის პრეზიდენტობის სავარძელში კიდევ ერთხელ მოიკალათებს ექვსწლიანი ვადით. ჩავესმა პატივისცემა გამოხატა მეტოქის მომხრეთა მიმართ:

„მინდა გამოვხატო პატივისცემა ყველას მიმართ, ვინც ჩვენ წინააღმდეგ მისცა ხმა. პატივს ვცემ თქვენს დემოკრატიულ არჩევანს, კენჭისყრაში მონაწილეობას და სამოქალაქო შეგნების მაღალ დონეს, რომელიც დღეს გამოავლინეთ, მიუხედავად ბოლივარისეული რევოლუციის პროგრამასთან უთანხმოებისა.“

40 წლის კაპრილესმა კი, მირანდას შტატის ყოფილმა გუბერნატორმა, თქვა:
იმედი მაქვს, ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან უკვე 14 წელიწადი, ესმით, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი მათ თვალსაზრისს არ იზიარებს ...

„იმედი მაქვს, ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან უკვე 14 წელიწადი, ესმით, რომ მოსახლეობის თითქმის ნახევარი მათ თვალსაზრისს არ იზიარებს. მინდა ვთხოვო მათ, ვინც დარჩა ხელისუფლებაში, პატივი სცენ და აღიარონ ქვეყნის ამ ნახევრის შეხედულებები.“

საარჩევნო ადმინისტრაციის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ცხრა მილიონამდე რეგისტრირებული ხმის უფლების მქონე მოქალაქის 80-მა პროცენტმა მიიღო. ჩავესის მომხრეებმა გამარჯვება კარაკასის ქუჩებში აღნიშნეს.

ჩავესი 1999 წლიდან ხელისუფლების სათავეშია, ანუ სამხრეთ ამერიკის ლიდერებს შორის მას ყველაზე დიდხანს უკავია არჩეული პრეზიდენტის სავარძელი. უგო ჩავესი აპირებს, როგორც მან თქვა, ვენესუელის ღარიბი უმრავლესობის მდგომარეობა გააუმჯობესოს. მის სახელს უკავშირდება რადიკალურად მიჩნეული რეფორმები, რომელთა შორის მრეწველობის ზოგიერთი დარგის ნაციონალიზაციაა. 58 წლის ჩავესი, ვენესუელის არმიის ყოფილი მაღალი რანგის ოფიცერი, მოსახლეობის ღარიბ ფენებში ძალიან პოპულარულია. ის საქმითაც უჭერს მათ მხარს, ცდილობს ჯანმრთელობის დაცვა, ასევე განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რის შესაძლებლობასაც ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავალი აძლევს. ჩავესი აშშ-ის მიმართ კრიტიკულია. ის თვლის, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა მსოფლიოში იმპერიალისტურია. ჩავესი რუსეთის, ბელორუსიისა და ირანის მოკავშირეა. ის დასავლეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი ალიანსის შექმნის მოსურნედ მიიჩნევა. უფლებადამცველები და მედიის წარმომადგენლები ჩავესს მისი მმართველობის მიმართ არალოიალურად განწყობილი ხალხის, არაკონფორმისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ზომების გამოყენების, ასევე მთავრობაში ბიუროკრატიის ბატონობის, კორუფციის გამო აკრიტიკებენ. ჩავესს შარშან ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მან ივლისში, კუბაში ჩატარებული ორი ოპერაციის შემდეგ, გამოაცხადა, რომ სრულიად განიკურნა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG