Accessibility links

logo-print

ვენესუელის პრეზიდენტს „საშიშმა რესპირატორულმა“ ინფექციამ დარია ხელი


ვენესუელის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს სასუნთქი ორგანოს „საშიში რესპირატორული“ დაავადება აქვს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტი ჩავესი სასიკვდილო სარეცელზე იმყოფებოდეს.

ვენესუელის 59 წლის პრეზიდენტი უგო ჩავესი, რომელსაც კიბო აქვს, გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება სასუნთქი გზების უკმარისობის შედეგად. 3 იანვარს, გვიან ღამით, ქვეყნის ინფორმაციის მინისტრმა ერნესტო ვილეგასმა მთავრობის საგანგებო განცხადება ტელევიზიის მეშვეობით გააცნო მოსახლეობას:

„გასული წლის 11 დეკემბერს ჩატარებული რთული ოპერაციის შემდეგ, მეთაურ ჩავესს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ფილტვების მძიმე ინფექციის შედეგია. ამ ინფექციამ სასუნთქი გზების უკმარისობა გამოიწვია, რის გამოც მეთაური ჩავესი მკაცრად უნდა დაემორჩილოს მკურნალობის კურსს“.

მთავრობის განცხადებაში სხვა დეტალებზე საუბარი არ არის. თავად უგო ჩავესი, რომელსაც 11 დეკემბერს ოპერაცია ჩაუტარდა, საჯაროდ არ გამოჩენილა და კუბაში იმყოფება სამკურნალოდ. ქვეყნის ოპოზიცია მოითხოვს, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მთავრობამ უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას. ვენესუელის ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ სრულად ენდობა ჩავესის მკურნალ ექიმებს, საერთაშორისო მედიას „ფსიქოლოგიური ომის“ გზით ვენესუელის დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებს ბრალს.

ვენესუელის პრეზიდენტის ავადმყოფობამ გააჩინა ეჭვი, რომ
ის ვერ შეძლებს დაესწროს პრეზიდენტის ინაუგურაციას, რომელიც ათ იანვარს არის დაგეგმილი. 2012 წლის ოქტომბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში უგო ჩავესი, კიდევ ერთი ექვსი წლის ვადით, მესამედ აირჩიეს ქვეყნის მეთაურის პოსტზე. თუკი უგო ჩავესი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ქვეყნის მართვას ვერ შეძლებს, კონსტიტუციის თანახმად, ვენესუელაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, არჩევნებამდე კი ქვეყანას ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG