Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიიღებს თუ არა ქართული მხარე ვენეციის კომისიის ახალ რეკომენდაციებს?


საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ოფიციალური ვებგვერდი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონზე ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მერკერტის კომენტარს ავრცელებს. მისი განცხადებით, კანონს ის ვერც პოზიტიურად და ვერც ნეგატიურად ვერ შეაფასებს. თომას მერკერტის დამატებით განმარტებებში ნათქვამია, რომ მიღებული კანონის ტექსტი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რომელსაც ვენეციის კომისია გაეცნო. თომას მერკერტი კანონის შეფასებისაგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ამისათვის საჭიროა ტექსტის საფუძვლიანი შესწავლა. რატომ წაიკითხა ვენეციის კომისიამ კანონპროექტის განსხვავებული ვარიანტი და აპირებს თუ არა ქართული მხარე ვენეციის კომისიას გაუგზავნოს დამტკიცებული კანონი და მათგან ახალი რეკომენდაციები მიიღოს?

კითხვა, რომელიც 27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართველმა ჟურნალისტებმა ვენეციის კომისიის მდივანს თომას მერკერტს დაუსვეს, ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონს ეხებოდა, უფრო ზუსტად კი, ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვნად იზღუდება პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. როგორ შეაფასებთ აღნიშნულ ცვლილებას და შეუშლის თუ არა ის ხელს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პარტიებისათვის კონკურენტული გარემოს შექმნას? ასეთი იყო კითხვის შინაარსი, რაზედაც ვენეციის კომისიის მდივანი თომას მერკერტი პასუხობს:
თომას მერკერტი
თომას მერკერტი

”ეს ჩემთვის რთული შეკითხვაა, რადგან ვენეციის კომისია თავდაპირველად გაეცნო კანონპროექტის მონახაზს და საკუთარი მოსაზრებები მონახაზთან დაკავშიებით დეკემბერში წარადგინა. მაგრამ კანონს, რომელსაც შემდეგ კენჭი უყარეს, არსებითად სხვა ფორმა ჰქონდა. არსებული კანონის მიხედვით, გაჩნდა დამატებითი შეზღუდვები. აქედან ზოგი გამართლებულია, რადგან ჭარბი ფული ასევე შეიძლება პრობლემა იყოს პოლიტიკაში, მაგრამ თავად ამ მიღებულ კანონზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, რადგან ის ძალიან განსხვავდება იმ დოკუმენტისგან, რომელიც ვნახეთ”, - აცხადებს თომას მერკერტი.

ცვლილებები, რომელიც ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შევიდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შესრულებული, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი. მისი მტკიცებით, საქართველოს პარლამენტი მოქმედებდა როგორც ვენეციის კომისიის ზოგადი რეკომენდაციების მეექვსე მუხლის თანახმად, ასევე ვენეციის კომისიის კონკრეტული რეკომენდაციით, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას შეეხებოდა.

აკაკი მინაშვილი: ”ძალიან პოზიტიურად აფასებენ ისინი იურიდიულ პირთან დაკავშირებულ აკრძალვას, რომ მას არ შეუძლია პოლიტიკური პარტიის დაფინანსება, თუმცა მათ ისიც გვითხრეს, რომ არსებობს ისეთი შესაძლებლობა, რომ მესამე პირის მეშვეობით, პირდაპირ და არაპირდაპირ მოხდეს პარტიების დაფინანსებაო.”

რადიო თავისუფლება: ანუ ეს ვენეციის კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო?

აკაკი მინაშვილი: „კი, ეს მონაკვეთი ზოგად რეკომენდაციებშიც არის გაწერილი და ჩვენს რეკომენდაციებშიც. მუხლი, რომელიც ეხება პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ იურიდიულ პირებს, გაგზავნილი იყო ვენეციის კომისიაში. მართალია, რომ დაემატა რაღაც მუხლები, მაგალითად, იურიდიულ პირს დაემატა ფიზიკური პირიც, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან. მერწმუნეთ, ის, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის შემდეგ ტექსტი იცვლება, ლოგიკური და ბუნებრივია.”

ტექსტის ცვლილების ლოგიკურობას კი აკაკი მინაშვილი შემდეგნაირად ხსნის:
ეს ინიციატივა წამოვიდა ქართული მხარისგან და, შესაბამისად, ის ვერსია უნდა გაგვეგზავნა, რაც საბოლოოდ მივიღეთ...

”ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა რეკომენდაციები. ბუნებრივია, რომ ამის მერე იმართება პარლამენტში დისკუსია და კანონპროექტში ცვლილებები შედის. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, რომ შენ რეკომენდაციას გაძლევენ და შენ მერე ამ რეკომენდაციებზე უნდა იმუშაო. კიდევ ერთი: ვენეციის კომისიიდან დასკვნის შემდეგ, კანონპროექტში შევიდა რამდენიმე დამაზუსტებელი პოზიტიური ცვლილება, რაც გვთხოვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა. მაგალითად, საუბარია დაკავშირებულ პირებზე. ჩვენ დავაზუსტეთ, რომ მესამე პირები არიან ისინი, რომლებიც ცხადად გამოხატავენ პოლიტიკურ მიზნებს.”

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, მითითებულია, რომ ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შესატანი დამატებითი ცვლილებების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიას დამატებითი დოკუმენტაცია მიაწოდეს, თუმცა ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნაში მათი ასახვა დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა.

”ის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ პარლამენტში განხილვები იქნებოდა და კანონში მცირედი ცვლილებები შევიდოდა, ცხადია”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ეკა გიგაური, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, თუმცა, მისი თქმით, ტექსტებს შორის პრინციპული განსხვავება არ უნდა ყოფილიყო და ვენეციის კომისიას საბოლოოდ დამტკიცებულ კანონთან მაქსიმალურად მიახლოებული ვერსია უნდა ენახა და განეხილა.
ეკა გიგაური
ეკა გიგაური

”აუცილებელი არ იყო, რომ ჩვენ ვენეციის კომისიისათვის გაგვეგზავნა კანონი და მათი მოსაზრებები გაგვეგო. ეს ინიციატივა წამოვიდა ქართული მხარისგან და, შესაბამისად, ის ვერსია უნდა გაგვეგზავნა, რაც საბოლოოდ მივიღეთ”, - ამბობს ეკა გიგაური.

ეკა გიგაურის თქმით, კარგი იქნება, თუკი ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ დეტალურად გაეცნობა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და წარმოადგენს თავის დასკვნებს, მაგრამ, მისი ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული მოთხოვნით ვენეციის კომისიას აღარ მიმართავს. მის ვარაუდს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს აკაკი მინაშვილი და აცხადებს, რომ ვენეციის კომისიისგან აღნიშნულ კანონზე რეკომენდაციების მიღება დასრულებულია. მისი თქმით, ერთადერთი, რაც აღნიშნულ კანონს კვლავ აკავშირებს ვენეციის კომისიასთან, ეს არის კომისიის მომდევნო პლენარული სხდომა, რომელიც მარტში გაიმართება და სადაც კომისიას "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება.
XS
SM
MD
LG