Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა


ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის 90-ე პლენარული სხდომის დღის წესრიგში საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსზე დასკვნის განხილვაც შევიდა. პლენარული სხდომა 16-17 მარტს იმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც ღებულობს. ვენეციის კომისიის პლენარული სხდომისადმი განსაკუთრებულია საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესი, ვინც პოლიტიკური პარტიების კანონის ზოგიერთ რეგულაციას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

საზოგადოების სწორედ იმ აქტიური ნაწილის სახელით, რომელიც ფიქრობს, რომ ”მოქალაქეთა პოლიტიკური პარტიების შესახებ” კანონი დასჯისა და ტოტალური კონტროლის გარემოს ქმნის, არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონპროექტის ტექსტი შინაარსით განსხვავდებოდა ვენეციის კომისიაში გაგზავნილი კანონპროექტის ტექსტისგან

იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სესიის შემაჯამებელი ოქმი ერთ კვირაში გამოქვეყნდება და, შესაბამისად, დეტალებზე საუბარიც ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი. თავისთავად კი, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია არა ზემოხსენებულ კანონპროექტებზე ვენეციის კომისიის დასკვნის პლენარულ სესიაზე გასვლის პროცესუალური საკითხი, არამედ ფაქტი, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების კანონპროექტის ტექსტი, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს კანონად იქცა, შინაარსით განსხვავდებოდა ვენეციის კომისიაში გაგზავნილი კანონპროექტის ტექსტისგან. შესაბამისად, თამარ ჩუგოშვილს სწორედ ის აინტერესებს, ითქვა თუ არა რამე ამ განსხვავებაზე, რომელმაც, თავის მხრივ, კანონის გაუარესება განაპირობა:

”რეკომენდაცია, სავარაუდოდ, არ იქნება. უბრალოდ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის, რომ, ვენეციის კომისიის სახელის გამოყენებით, რეალურად გაუარესება მოხდა პროექტის. ჩვენ რეალობა მივიღეთ, რომ დაერქვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება პოლიტიკურ გაერთიანებათა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, მაგრამ, სინამდვილეში, გაუარესდა ვერსია და, სინამდვილეში, ისე არ მოხდა იმ ყველაფრის ასახვა, რაც რეკომენდაციაში იყო მითითებული. მე იმედი მაქვს, რომ ვენეციის კომისია ამაზე აუცილებლად გაამახვილებდა ყურადღებას დისკუსიის დროს.”

ვენეციის კომისიის 90-ე პლენარულ სხდომას, როგორც უკვე აღინიშნა, ესწრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. იგი ვენეციის კომისიის წევრად 2007 წელს აირჩიეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრესმდივანი ნათია სირაბიძე ამბობს, რომ საკითხი საქართველოს კანონმდებლობის შესახებ 16 მარტს განიხილებოდა, თუმცა დეტალები ჯერ უცნობია:

”ბატონი გიორგი ვენეციაში გაემგზავრა 15 მარტს. ვენეციის სხდომა დაიწყო 16 მარტს და ამჟამადაც მიმდინარეობს. გუშინ უნდა განხილულიყო საქართველოს კანონმდებლობა და, ალბათ, სხდომა საბოლოო დასკვნებს გააკეთებს მომავალი კვირის დასაწყისში.”

ვენეციის კომისიის 90-ე პლენარული სხდომა ასევე განიხილავს რუსეთის ფედერალურ კანონს დუმის დეპუტატების არჩევნების შესახებ, რუსეთის ფედერალურ კანონს შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, ბელორუსიის მასობრივი ღონისძიებების შესახებ კანონის შესაბამისობას ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და ასე შემდეგ.

არჩევნების თემაზე მომუშავე სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ახალგაზრდა იურისტებმა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ - ვენეციის კომისიას პლენარულ სხდომამდე მიმართა საქართველოს პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში შესული ცალკეული ცვლილებების შეფასების თხოვნით. ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, განმარტავს:

”ჩვენ ახალი კანონიც გავუგზავნეთ, ინგლისური ვერსია, თვითონ ის ცვლილებებიც, რაც შევიდა, ისიც ინგლისური ვერსია, რათა მათ სცოდნოდათ, რას დაემსგავსა საერთოდ ის დებულებები, რომლებიც არეგულირებს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ პირებს. იმედია, რომ კრიტიკა გაისმის თვითონ პროცესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ რაც საბოლოოდ პარლამენტში იქნა გატანილი, ის კანონი და მათ მიერ შესწავლილი კანონი ცოტა განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.”

თავად ამ მიღებულ კანონზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, რადგან ის ძალიან განსხვავდება იმ დოკუმენტისაგან, რომელიც ვნახეთ
თომას მარკერტი

ამ განსხვავებაზე მიმდინარე წლის 27 იანვარს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ვენეციის კომისიის მდივანმა თომას მარკერტმაც მიუთითა, როდესაც გაუჭირდა პასუხი გაეცა კითხვაზე, როგორ აფასებს ცვლილებას, რომელიც პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას ზღუდავს.

”ჩემთვის ეს რთული შეკითხვაა, რადგან ვენეციის კომისია თავდაპირველად გაეცნო კანონპროექტის მონახაზს და საკუთარი მოსაზრებები მონახაზთან დაკავშირებით დეკემბერშიც წარმოადგინა. მაგრამ შემდეგ კანონს, რომელსაც კენჭი უყარეს, არსებითად სხვა ფორმა ჰქონდა. არსებული კანონის მიხედვით, გაჩნდა დამატებითი შეზღუდვები. აქედან ზოგი გამართლებულია, რადგან ჭარბი ფული ასევე შეიძლება პრობლემა იყოს პოლიტიკაში, მაგრამ თავად ამ მიღებულ კანონზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, რადგან ის ძალიან განსხვავდება იმ დოკუმენტისაგან, რომელიც ვნახეთ”, განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა.

მოგვიანებით კი, 1 თებერვალს, ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვენეციის კომისია ამ საკითხზე იმსჯელებდა პლენარულ სხდომაზე, მარტში.
XS
SM
MD
LG