Accessibility links

logo-print

ვენის შეთანხმება - ამერიკელი და ირანელი კანონმდებლების „სამსჯავროზე“


აიათოლა ალი ხამენეი

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ, მიუხედავად ბირთვული პროგრამის გარშემო მიღწეული შეთანხმებისა, ირანი კვლავაც რჩება „ქედმაღალი აშშ-ის ოპონენტად“. ხამენეიმ მოუწოდა პოლიტიკოსებს კარგად შეისწავლონ, რამდენად შეესაბამება ირანის ეროვნულ ინტერესებს ვენაში მიღწეული შეთანხმება. თავის მხრივ, იოლი მხარდაჭერა ამ შეთანხმებას არც აშშ-ის კონგრესში ელოდება, სადაც კანონმდებლებს 60 დღე აქვთ დოკუმენტის განსახილველად.

ეიდალ ფითრის დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებასთან დაკავშირებული ხამენეის მიმართვა სახელმწიფო ტელევიზიებმა გადასცეს. 18 ივლისს აიათოლა ალი ხამენეიმ მოუწოდა პოლიტიკოსებს კარგად შეისწავლონ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ირანსა და ექვსეულს შორის მიღწეული შეთანხმება, რათა დარწმუნდნენ, რომ დოკუმენტი ირანის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. „ირანი არავის მისცემს უფლებას შელახოს რევოლუციური პრინციპებიო“, აღნიშნა ხამენეიმ და დასძინა, რომ თეირანი არც თავისი რეგიონალური პარტნიორების მხარდაჭერაზე იტყვის უარს:

„დაამტკიცებენ თუ არა ბირთვული შეთანხმების ტექსტს, ჩვენ უარს არ ვიტყვით რეგიონში ჩვენი მეგობრების მხარდაჭერაზე. ჩაგრულ პალესტინელ, იემენელ, სირიელ, ერაყელ და ბაჰრეინელ ხალხს, ლიბანისა და პალესტინის წინააღმდეგობის მებრძოლ მართალ მოჯაჰედინებს აუცილებლად ექნებათ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა“.

ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის მიმართვას კვლავინდებურად ახლდა მრავალათასიანი ბრბოს მტრული შეძახილები: „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“.

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, 14 ივლისს ვენაში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ირანი შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას და ნებას დართავს საერთაშორისო ინსპექტორებს შევიდნენ მის ბირთვულ ობიექტებზე, სანაცვლოდ კი უნდა გაუქმდეს ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია ამ შეთანხმების ბედი. გაურკვეველია, რა დრო დასჭირდებათ ირანელ კანონმდებლებს ვენაში მიღწეული შეთანხმების სარატიფიკაციოდ. პარლამენტის შემდეგ შეთანხმების ტექსქტი ქვეყნის უმაღლესმა უსაფრთხოების სტრუქტურამ - ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ - უნდა განიხილოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა ირანი იმ მოსალოდნელი შედეგების შესახებ, თუ თეირანი არ შეასრულებს შეთანხმების პირობებს:

„თუ ირანი დაარღვევს შეთანხმებას, მაშინ ძალიან სწრაფად აღვადგენთ და უკან დავაბრუნებთ ჩვენ მიერ შემოღებულ სანქციებს, რისი მეშვეობითაც შესუსტდა ირანის ეკონომიკა და რამაც შესაძლებელი გახადა ამ შეთანხმების მიღწევა“.

თუმცა ისიც უნდა ითქვა, რომ ვენაში მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას იოლი მხარდაჭერა არც აშშ-ის კონგრესში ელის. გასული კვირის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ხელშეკრულების ტექსტი განსახილველად გაუგზავნა კონგრესს, რომელსაც 60 დღე აქვს დოკუმენტის შესასწავლად. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ კონგრესმა არ დაუჭიროს მხარი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. „თუ კონგრესი მოკლავს ამ შეთანხმებას, მაშინ ირანთან მოლაპარაკების პროცესი შეწყდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 19 ივლისს ტელეკომპანია „სი-ენ-ენისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG