Accessibility links

უთვალავი ფერით დახატული „ვეფხისტყაოსანი“ ბავშვებისთვის


გამოფენა მწერალთა სახლში

გამოფენა მწერალთა სახლში

„ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ და ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს“ - ასე ჰქვია სტუდია „ტელევეზირის“ პროექტს, რომლის პრეზენტაცია 17 თებერვალს გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლში. იქვე გამოიფინა პროექტის ფარგლებში ბავშვების მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე შექმნილი ნახატები. მეორე დღეს კი პატარები ისევ შეიკრიბნენ, რათა ერთად წაეკითხათ, ესწავლათ და დაესურათებინათ რუსთაველის პოემა.

როსტევანი, თინათინი, ავთანდილი, ტარიელი და ფურცლებზე ფერადი ფანქრებით გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსნის“ სხვა გმირები ხის სარჭებით სარეცხივით არის გამოფენილი თოკებზე. ასეთი მარტივი ფორმით გადაწყვიტეს ორგანიზატორებმა იმ ნამუშევრების გამოფენა, რომლებიც 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებმა დახატეს. დახატეს მარტივი და გულწრფელი ნახატები - ისე, როგორც თავად ხედავენ და აღიქვამენ გმირებს, რომლებიც „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებიდან დაუჯერებელ ამბებს უამბობენ სიყვარულზე, მეგობრობასა და თავდადებაზე.

თავად „ტელევეზირი“ პირველად 1994 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. პატარა ბიჭის დახატულმა და „ტელევეზირად“ წოდებულმა კაცუნამ სხვა ბავშვებს სთხოვა მისთვის თავიანთი ნახატები გაეგზავნათ. ასე ცოცხლდებოდნენ ფერადი გოგო-ბიჭები და მათი თავგადასავლები სხვადასხვა ანიმაციურ ფილმებში. 2003 წელს კი სტუდიის ხელმძღვანელმა ნოდარ ბეგიაშვილმა გადაწყვიტა ბავშვებისთვის „ვეფხისტყაოსნის“ დასურათება და გახმოვანება ეთხოვა, შემდეგ კი ამ ნახატებით ანიმაციური ფილმი გააკეთა. ნაწყვეტები ფილმიდან გამოფენაზეც აჩვენეს. აჩვენეს ასევე დოკუმენტური მასალა, თუ როგორ სწავლობენ და ამბობენ პოემიდან სტროფებს ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ნოდარ ბეგიაშვილმა თბილისის გარდა საქართველოს რამდენიმე ქალაქისა და სოფლის სკოლა შემოიარა და ჩაიწერა, როგორ გამოთქმით, ჩურჩულით, ლირიკულად ან ომახიანად კითხულობენ ბავშვები ზეპირად თავისივე არჩეულ სტროფებს. ნოდარი ამბობს, ტექსტის აღქმა და გამოთქმა ამა თუ იმ კუთხის ხასიათის მიხედვით შესამჩნევად იცვლებაო:

ნოდარ ბეგიაშვილი

ნოდარ ბეგიაშვილი

„აი, მაგალითად, სამეგრელოში ყველაფერი განფენილი და ხელმისაწვდომია, ამიტომ ძალიან სირბილეა. ხევსურეთში როგორი ხეობა და კლდეებიც არის, ისეთივე გამიზნული და ზუსტია ყველაფერი: მჭექარეა, ძლიერი, ომახიანი, სულ სხვანაირები არიან. გურულები კიდევ უფრო განსხვავებულები არიან. ძალიან ლამაზია ჩვენი ქვეყანა, მართლაც „გვაქვს უთვალავი ფერითა“.

ძნელია ბავშვებს საზეპიროებსა და უცხო სიტყვებს მიღმა დამალული ნამდვილი ამბები აპოვნინო. ამიტომ ისინი ხშირად სტროფებს ისე კითხულობენ, როგორც საკლასო ოთახის დაფასთან, გაკვეთილის ჩასაბარებლად გამოსულები. ნოდარი კი ასწავლის, „ ეს მძივებივით აკინძული სტროფები უნდა იგრძნოთ და გემო უნდა ჩაატანოთო“.

„გვაქვს სვეტიცხოველი, ალავერდი. ამათ ხედავ და ეს ნაწარმოები თუ არ წაიკითხე, თუ არ თქვი, ისე არ გამოჩნდება და გამოვლინდება. ეს ჩვენი საგანძურია. ამიტომ მინდა, რომ მათ ეს იგრძნონ, გაითავისონ, რომ ეს მათია. რთულია ბავშვებს ის გრძნობათა ბუნება გააგებინო, რაც „ვეფხისტყაოსანს“ აქვს. მათ შეიძლება, უბრალოდ, მოჰყვნენ, თუმცა ეს “ვეფხისტყაოსანი“ არ იქნება, ეს რუსთაველი არ იქნება“.

ასე თამაშით, ხატვით და სხვანაირი „გემოს ჩატანებით“ პროექტის ფარგლებში უამრავმა ბავშვმა დაასურათა და ისწავლა ნაწარმოების ათობით სტროფი. მათ შორის 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, 13 წლის რეზი კვერენჩხილაძეც არის. მისი თქმით, ისე, „ძილშიც რომ ჰკითხო“, უკვე ოცდაათზე მეტი სტროფი იცის ზეპირად.

„პირველად რომ მივედით, ნოდარ მასწავლებელმა მაგიდაზე ბევრი ფანქარი და საწერი მასალა დაგვახვედრა. ამან ბავშვები ძალიან გაგვახალისა. მერე მონიტორზე ერთ სტროფს გვაჩვენებდა. ვინც უფრო მალე ისწავლიდა, გამოკითხავდა და ჩასაწერად გაჰყავდა. ეს სახალისო კონკურსივით იყო. მე, მაგალითად, ორ წუთში ვსწავლობდი, იმიტომ რომ ჩავწვდი ნაწარმოებს. ვიცოდი, რთული იყო, მაგრამ ძალიან მომწონდა“.

„ვეფხისტყაოსანი“ ძალიან რთული თემაა, ამავე დროს საჭირო და აუცილებელი. თუმცა პატარების თაობას უჭირს მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ასეთი საქმიანობა ბავშვებისა და ამ ტექსტის ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს...

„ვეფხისტყაოსნის“ წასაკითხად და დასასურათებლად მწერალთა სახლში, სხვების მსგავსად, მოსწავლეები „მწვანე სკოლის“ მასწავლებელმა თიკო დვალმაც მოიყვანა. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ მსგავსი პროექტები არა მარტო ბავშვების განათლებას, არამედ სხვა უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს მაშინაა, როცა საქმე „ვეფხისტყაოსანთან“ ურთიერთობას ეხება:

„ვეფხისტყაოსანი“ ძალიან რთული თემაა, ამავე დროს საჭირო და აუცილებელი. თუმცა პატარების თაობას უჭირს მასთან ურთიერთობა. ვფიქრობ, ასეთი საქმიანობა ბავშვებისა და ამ ტექსტის ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს. ამიტომ ვცდილობ, ჩემი მოსწავლეები ყოველთვის კონტაქტში ვამყოფო ასეთ წამოწყებებთან“.

პროექტის ფარგლებში წლების მანძილზე უკვე უამრავი ნახატი, ვიდეო თუ აუდიოჩანაწერი შეგროვდა. მწერალთა სახლში ამჯერად მათი მცირე ნაწილი გამოიფინა. სანამ ამ ნამუშევრებს ერთად საცხოვრებლად ნამდვილი და საკუთარი სახლი ექნებათ, ისინი ვირტუალურ სივრცეში, ვებსაიტზე „უთვალავი.ჯი“, არიან შეკრებილნი. აქ ყველას შეუძლია თავისი ნახატი ან საყვარელი სტროფის აუიდოჩანაწერი გაგზავნოს და ასე შეუერთდეს „ტელევეზირის“ მიერ გამოგონილ თამაშს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG