Accessibility links

logo-print

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

„ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ასეთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტი კი მოამზადეს სააგენტოს თანამშრომლებმა, ახალციხის უნივერსიტეტისა და რამდენიმე ენათმეცნიერის დახმარებით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აპირებს ასევე გამოაცხადოს კონკურსი იმის დასადგენად, თუ რამდენმა ადამიანმა იცის ზეპირად „ვეფხისტყაოსანი“.

„იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა!
პირსა იხოკს, ვარდსა აზრობს, ხელი მისი გაამხოკლა;
სისხლსა, მისგან დადენილსა, მხეცი ყოვლი გაამლოკლა;
მისმან ფიცხლა სიარულმან შარა გრძელი შეამოკლა“
, თემურ ხუციშვილი, ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, რადიო თავისუფლების თხოვნით, ზეპირად კითხულობს ვეფხისტყაოსნის 30-ე თავს - „ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა“. თემურ ხუციშვილმა, როგორც თავად ამბობს, „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი ზეპირად ისწავლა სამი ათეული წლის წინ, 22-23 წლის ასაკში, როცა საჭიროდ მიიჩნია შეეცვალა „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნე არჩილ ჯვარიძე, რომელიც ასპინძაში შოთაობის დღესასწაულებზე კითხულობდა ხოლმე რუსთაველის უკვდავ ქმნილებას:

„მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად და მოკლე დროში მესწავლა, რადგანაც ბატონი არჩილ ჯვარიძე გარდაიცვალა და მინდოდა მისი შეცვლა შოთაობისთვის. ახლა მიჭირს იმის გახსენება, თუ რამდენი თვე დამჭირდა ზუსტად. ცხადია, ტრადიციაა და ამის გამოც გადავწყვიტე მესწავლა ზეპირად „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ისეთი წიგნია, რომელიც შედგება კარგი და ძალიან კარგი სტროფებისაგან, იქ საშუალო და სუსტი სტროფი არ არსებობს. თუ რომელიღაცა გამორეულია, ისიც ვიღაცის ჩამატებული. ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა როგორც კითხვა, ასევე ზეპირად დეკლამირება“.

როგორც ჩანს, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად კითხვით ბედნიერებას საქართველოში საუკუნეების განმავლობაში გრძნობდნენ. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ნესტან სულავას თქმით, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიცია ძალიან ძველი დროიდან იღებს სათავეს. ამის მტკიცების საფუძველს იძლევა თუნდაც წარწერები, რომლებიც გაკეთებულია ქალების მიერ ვარძიის მახლობლად მდებარე ვანის ქვაბთა ერთ-ერთი პატარა მონასტრის კედელზე:

ეს არის ჩვენი ტრადიციების პოპულარიზაცია და მისი შენარჩუნების ძალიხმევა, რაც მიიღწევა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებით ნებისმიერი იმ ტრადიციისათვის, რომელიც ისტორიული ფესვებიდან იღებს სათავეს და დღევანდლობამდეა შემორჩენილი...

„ვერ ვიტყვი, ისინი შემონაზვნებულები იყვნენ თუ არა, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, იყო მამათა მონასტერი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც პრობლემების გამო, ეს ქალები იმყოფებოდნენ ამ მონასტერში და ერთ-ერთ მათგანს, ანა რჩეულაშვილს, კედელზე წარწერილი აქვს „ვეფხისტყაოსნიდან“ ორი სტროფი. ეს გახლავთ ორი სტროფი ნესტან-დარეჯანის წერილიდან, რომელიც ქაჯეთის ციხიდან მისწერა ტარიელს:

„ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან“ და ასე შემდეგ. მაგრამ ორი სტროფი თავისთავად გულისხმობს რვა ტაეპს, მაგრამ აქ, კედელზე, რვა ტაეპის ნაცვლად შვიდი ტაეპია. ესე იგი, გამოდის, რომ, როგორც ახსოვდა ზეპირად, ისე წააწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზეპირად ცოდნის ტრადიცია მეთხუთმეტე საუკუნის ბოლოს დადასტურებული ფაქტია“.

ნესტან სულავას ეჭვი არ ეპარება, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნას კიდევ უფრო ღრმა ფესვები აქვს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის გაფრთხილებადა შენარჩუნება, რისთვისაც ნესტან სულავამ და მაკა თაქთაქიშვილმა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იზრუნეს იმისათვის, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას მინიჭებოდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რასაც ხორცი შეასხასაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 30 სექტემბრის ბრძანებამ:

„2003 წელს, როცა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო კონვენცია მიიღეს, მასში პირდაპირ გაწერეს კონვენციის მთავარი მიზნები. ეს არის ჩვენი ტრადიციების პოპულარიზაცია და მისი შენარჩუნების ძალიხმევა, რაც მიიღწევა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებით ნებისმიერი იმ ტრადიციისათვის, რომელიც ისტორიული ფესვებიდან იღებს სათავეს და დღევანდლობამდეა შემორჩენილი. ასე რომ, ესაა მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისგან განსხვავებული საკითხი. რაც შეეხება „ვეფხისტყაოსანს“, იმიტომ მივანიჭეთ ეს სტატუსი, რომ, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, მისი ზეპირად გადმოცემის ტრადიცია გახდეს უფრო ღირებული და პოპულარული“, უთხრა რადიო თავისუფლებას

ნიკოლოზ ანთიძემ. მისივე თქმით, იმისათვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭოს,აუცილებელია, რომ ტრადიციას ჰყავდეს მიმდევრები, ანუეს იყოს ცოცხალი ტრადიცია. სხვადასხვა დროს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებული იქნა შემდეგი ტრადიციები:

„ქართულ ჭიდაობას მიეცა ძეგლის სტატუსი, იაკობ გოგებაშვილის დედაენის მეთოდს მიეცა ძეგლის სტატუსი. ასევე ცნობილია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია შევიდა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში, ქართული მრავალხმიანობა ჯერ კიდევ 2001 წელს, ანუ საერთაშორისო კონვენციის მიღებამდე, შევიდა ამ ნუსხაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მსოფლიო საგანძურის ნამდვილი მშვენებაა. ასევე წარდგენილი გვაქვს სამი ქართული ანბანის თანაცხოვრების ტრადიცია, რომლის განხილვას გაისისთვის ველოდებით. ასეთია იმ „ობიქტების“ ჩამონათვალი, რომლებიც საჭიროებენ მეტ ყურადღებასა და პოპულარიზაციას, ვიდრე დღეს არის“.

ნიკოლოზ ანთიძე

ნიკოლოზ ანთიძე

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი აპირებენ ჩაატარონ კონკურსი იმ ადამიანთა ვინაობისა და რაოდენობის დასადგენად, რომლებმაც მართლა იციან „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად. მკვლევართა ერთი ნაწილის ვარაუდით, ტრადიცია ეფუძნება საფრთხეს, რომელსაც გარკვეულ ეპოქებში „ვეფხისტყაოსნის“ ფლობა უქმნიდა წიგნის პატრონს, მაგალითად კი სახელდება მეთვრამეტე საუკუნე და ანტონ კათალიკოსისა და ეკლესიის ნეგატიური დამოკიდებულება რუსთაველისა და მისი ქმნილებისადმი. ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი თავის წიგნში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ ამბობს, რომ „კათალიკოზ ანტონ პირველმავერ ჰსცნო ღირსება შოთასი, რადგანაც დღესა ერთსა 80 დაბეჭდილი წიგნი ვახტანგ მეფისვე დროსა შთააყრევინა მტკვარსა, ვითარცა წიგნი მავნებელი მკითხველთათვის, მომწამვლელი ქრისტიანეთა გონებისა და გრძნობისა“.

ანტონ კათალიკოსი თავის „წყობილსიტყვაობაში“ მართლაც დასცინის შოთა რუსთაველს ტყუილუბრალოდ დროის დაკარგვისათვის, „პიიტიკოს-მესტიხე, ამაოდ დაჰშურა, საწუხ-არს ესე“-ო, თუმცა ცნობილი მკვლევარი პროფესორი გაიოზ იმედაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს „ვეფხისტყაოსნის“ ფიზიკური განადგურების ვერსიას: „რუსთაველის დევნა საქართველოში ატარებდა უფრო მწიგნობრულ, კლერიკალური თვალსაზრისით პოეტის შემოქმედების კრიტიკის ხასიათს და თუ მას ფიზიკური გამოვლინებაც ჰქონდა, ეს არ მტკიცდება დოკუმენტალურად“, წერს იმედაშვილი და მის ამ მოსაზრებას სავსებით იზიარებს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემების მრავალფეროვან კოლექციას ფლობს.

ზეპირად გადადიოდა ეს „ვეფხისტყაოსნები“. იყო ერთი მეცნიერი, მიხეილ ჩიქოვანი, რომელმაც გამოსცა ხალხური „ვეფხისტყაოსანი“ და ამ წიგნზე მუშაობის დროს დაადგინა, რომ ქართლში, იმერეთში, მესხეთში და სხვაგან იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ზეპირად იცოდნენ „ვეფხისტყაოსანი“ და თავიანთ შვილებსაც აზეპირებდნენ...

„ეს იყო აქტი, როდესაც ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, ეკლესიის მეთაურმა, მოინდომა საზოგადოებისთვის დაენახვებინა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მათთვის არის მიუღებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეკლესია „ვეფხისტყაოსანს“ ებრძოდა პერმანენტულად. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ 1712 წლის „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ვახტანგ მეექვსემ დააბეჭდვინა, დღეს თითებზე ჩამოსათვლელი იქნებოდა დარჩენილი, მაგრამ სინამდვილეში 20-ზე მეტია დარჩენილი, მაშინ როცა ვახტანგის სტამბის სახარება ოციც არ არის შემორჩენილი. საზოგადოება განწყობილი რომ ყოფილიყო ცუდად, მაშინ „ვეფხისტყაოსანი“ დაიკარგებოდა. ეს წიგნი ყოველთვის ქართველი ხალხის ნაწილი იყო და რუსთაველმა ხშირ შემთხვევაში მეფეებზე მეტი საქმე გააკეთა: იყო პერიოდი, როცა საქართველო იყო დაშლილი, მაგრამ ამ დაშლილ ნაწილებში ყველა კითხულობდა „ვეფხისტყაოსანს““, უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან თაქთაქიშვილმა, რომლის თქმითაც, საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ე.წ. ხალხური „ვეფხისტყაოსანი“, ანუ ტარიელიანი, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში, ერთი თაობიდან მეორეს სწორედაც რომ ზეპირად გადაეცემოდა:

„ზეპირად გადადიოდა ეს „ვეფხისტყაოსნები“. იყო ერთი მეცნიერი, მიხეილ ჩიქოვანი, რომელმაც გამოსცა ხალხური „ვეფხისტყაოსანი“ და ამ წიგნზე მუშაობის დროს დაადგინა, რომ ქართლში, იმერეთში, მესხეთში და სხვაგან იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ზეპირად იცოდნენ „ვეფხისტყაოსანი“ და თავიანთ შვილებსაც აზეპირებდნენ. ქართველ ხალს არ აკმაყოფილებდა მხოლოდ ხელით გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“, იმიტომ რომ ფული და შესაძლებლობა არ ჰქონდათ, გაღატაკებულები იყვნენ და ერთადერთი, რაც დარჩენოდათ, იყო ის, რომ ზეპირად ესწავლათ. თუმცა ზეპირად ცოდნის ტრადიცია არა მარტო საქართველოში, არამედ რომის იმპერიაშიც არსებობდა. იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა ავტორის ტექსტები - მათ შორის, ჰომეროსისა - იცოდნენ ზეპირად. ეს ჩვეუოლებრივი რამ იყო. მაშინდელი გამრავლების ტექნიკა, ანუ გადამწერთა რაოდენობა, ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნას ‘ვეფხისტყაოსანზე’“.

ამჟამად „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემებისა და ტირაჟების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მიწოდება ბევრად აჭარბებს მოთხოვნას, თუმცა საქართველოში მაინც არ ღალატობენრუსთაველის გენიალური პოემის ზეპირად ცოდნის ტრადიციას, რომლის ერთგული მიმდევარი ახალციხის მეხუთე საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი თემურ ხუციშვილი თავის გამოცდილებას უზიარებს იმათ, ვისაც სურვილი აქვს „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციის მიმდევარი გახდეს.

„დაწყება იყო ცოტა ძნელი, სანამ სწორ გზას დავადგენდი, მერე სწავლა აღარ გამჭირვებია. თავიდან შიშიც დასაძლევი მქონდა და სწორი მეთოდიც უნდა შემერჩია. ეს ყველაფერი რომ დავძლიე, გავაგრძელე... ძირითადი საიდუმლო ზეპირად სწავლების მეთოდიკაში ის არის, რომ ძალიან უნდა გიყვარდეს პოეზია და კიდევ - შრომის მოყვარეობა! ვეფხისტყაოსნის ერთ წაკითხვას უნდა 4-6 საათი, დაახლოებით. დღეში ორჯერ რომ წაიკითხავ, ესე იგი ძალიან გიყვარს. ასე ბევრი წაკითხვით ისწავლება. ამასთან, თავებად უნდა იკითხო და ისწავლო და არა ჯერ ერთი სტროფი, მერე მეორე, მესამე და ა.შ. ასე შეუძლებელია და ვერ ისწავლი. თავებად უნდა იკითხო, კარგად დაუკვირდე, გაერკვე შინაარსში, გაიაზრო და თვითონვე მიხვდები, როდის გადახვალ დაზეპირებაზე“, უთხრა თემურ ხუციშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG