Accessibility links

logo-print

მტაცებელი ქალაქში - ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა


ზოოპარკის ტერიტორია, 2015 წლის 15 ივლისი

ზოოპარკის ტერიტორია, 2015 წლის 15 ივლისი

თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულებს, რომელთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 18 იყო, კიდევ ერთი დაემატა: 43 წლის მამაკაცი ზოოპარკიდან წყალდიდობის დროს დაკარგულმა ვეფხვმა დაგლიჯა. ვეფხვი, 17 ივნისს, ნაშუადღევს, ლაგუნა-ვერეს მახლობლად, მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში დაესხა თავს მუშებს. სპეცოპერაციის შედეგად, ვეფხვი ლიკვიდირებულია.

თვითმხილველთა განცხადებით, საწყობში, სადაც, თურმე, ვეფხვი იმალებოდა, 8 ადამიანი აღრიცხავდა სტიქიას გადარჩენილ საქონელს. ვეფხვმა თავდასხმისას საწყობის მუშას, ოთარ ცუხიშვილს, ჭრილობა ყელის არეში მიაყენა. იგი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი ტერიტორიიდან გაქცევა შეძლეს. როგორც ერთ-ერთმა მუშამ მოგვიანებით მედიას განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ თავდამსხმელი ის ვეფხვი ყოფილიყო, რომელიც ლაგუნა-ვერეს ტერიტორიაზე მკვდარი ეგონათ:

„ათი კაცი შევიდა გუშინ ხუთი საათისთვის. მკვდარი იყო, ხმა არ გამოუღია. დილით რომ მოვედი, ვნახე ყუთები, პადონები გადმოთრეული და ვიფიქრეთ, ყველამ დავასკვენით, რომ წაიღეს უკვე საღამოთი, როცა ხალხი აქ არ იყო. ამასობაში ისევ ისე გამოცოცხლდა, ალბათ, თუ მეორე არ არის, გამოძვრა იქიდან და შეძვრა, დიდი ალაყაფის კარები რომ აქვს საწყობს“.

ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. ერთი პატარა ვეფხვი კიდევ დაკარგულია და ერთი აფთარი...

ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. პროკურატურამ დაკითხა თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა ქალაქში გარეული ცხოველებისგან საფრთხის არარსებობის შესახებ:

“ჩემი შეტყობინების შედეგად ჩაითვალა, რომ საფრთხე აღარ არსებობდა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემი ბრალია. თუმცა გარწმუნებთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. ერთი პატარა ვეფხვი კიდევ დაკარგულია და ერთი აფთარი. აფთარი საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანისთვის. ეს გახლავთ ზოლებიანი აფთარი, არის პატარა ზომის ცხოველი. ეს საფრთხეს არ წარმოადგენს. უბრალოდ, ერთიც და მეორეც, გაურკვეველია, ცოცხალია, გაქცეულია თუ ჯერ კიდევ შლამში იმყოფება, რომელიც ჯერ კიდევ ბლომად არის ზოოპარკის ტერიტორიაზე“.

ზურაბ გურიელიძის თანახმად, ყველა ინფორმაციით, რაც 16 ივნისის საღამოსთვის არსებობდა, ვეფხვი, რომელიც 17 ივნისს დაესხა თავს ადამიანს, დაღუპულად ითვლებოდა, თუმცა ცოცხალი აღმოჩნდა და მოხდა ის, რაც მოხდა. ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად დღის ბოლოს აქცია გაიმართა - აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, არ დაისვას მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. მოთხოვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ზურაბ გურიელიძის უპირველესი დამცველი თავად იქნება. მანვე ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების საფრთხის არარსებობის გამო ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის მთავრობის სახელით, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ზოოპარკის დირექტორი ხელისუფლება არ არის და უნდა გაირკვეს, ვის რა პასუხისმგებლობა ჰქონდა მომხდარში. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განმარტებით, კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი ცხოველების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვას აწარმოებდა იმ წუთიდანვე, რაც ცნობილი გახდა, რომ ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცეულნი იყვნენ მტაცებელი ცხოველები.:

„რა თქმა უნდა, ეს აღრიცხული ინფორმაცია იყო, თუმცა მე არ ვიცი, მე არა ვარ კომპეტენტური იმაში, ვინ რას როგორ აღრიცხავს. შესაბამისად, მე ვიღებ ინფორმაციას კომპეტენტური სახელმწიფო უწყებებისგან და ზოოპარკი არის სახელმწიფო შპს. თუმცა, როგორც ზოოპარკის დირექტორმა დღეს აღნიშნა თავის განმარტებაში, მისთვის არ იყო იმ მომენტისთვის ცნობილი. სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაციის მოწოდება მოხდა, შემდეგ ამის დადასტურება მოხდა, რასაც ეს ტრაგედია მოჰყვა“.

მინდია ჯანელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს ფხიზლად იყვნენ და გაქცეული ცხოველის დანახვისთანავე აუცილებლად შეატყობინონ 112-ის სამსახურს. ამგვარი შეტყობინება ტრადეგიის შემდეგ 17 ივნისსაც შევიდა სამსახურში, თუმცა ვეფხვი სპეცსამსახურმა ვერ აღმოაჩინა.

„გამოძახება იყო. მოქალაქემ დარეკა, რომ შეამჩნია ვეფხვი. ტერიტორია შემოწმებულია, ფაქტი არ დადასტურდა და არ დასტურდება და არის ცრუ ინფორმაცია. ყველა ტერიტორია გადამოწმებულია, სადაც შეტყობინება შემოვიდა მოქალაქეებისგან, რომ არის ცხოველი. ყველა ტერიტორია გადამოწმებულია და არ დასტურდება და ტყუილად პანიკას ნუ ქმნით, ძალიან გთხოვთ“. განუცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მედიას.

სამძებრო სამუშაოები კი თბილისში 17 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა, კერძოდ: თაქთაქიშვილის ქუჩაზე, რიგის ქუჩაზე, საბურთალოს ძველი ბაზრისა და საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიებზე.

რაც შეეხება ვეფხვის ლიკვიდაციის სპეცოპერაციას, რომელიც ადამიანზე თავდასხმის შემდეგ განხორციელდა, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, ოპერაცია ცხოველის ცოცხლად დაჭერას, დაძინებას ითვალისწინებდა, მაგრამ მტაცებლის აგრესიულობის გამო აუცილებელი გახდა მოეკლათ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG