Accessibility links

logo-print

30 აგვისტოს პრაღაში გარდაიცვალა ვერა ჩასლავსკა, გამოჩენილი სპორტული ტანმოვარჯიშე, ჩეხოსლოვაკიისა და ჩეხეთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ოლიმპიელი - 11 მედლის, მათგან შვიდი ოლიმპიური ოქროს მფლობელი, რაც, თავისთავად, გამორჩეულს ხდის ვერა ჩასლავსკას, მის დამსახურებებს. თუმცა ეს უჩვეულოდ ძლიერი ქალი მეტი იყო, ვიდრე წარმატებული სპორტსმენი: თავისი კარიერის მწვერვალზე, 1968 წელს, ვერა ჩასლავსკამ პროტესტი გამოთქვა ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა კავშირისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის გამო. პროტესტი ძვირად დაუჯდა:კომუნისტურმა რეჟიმმა წერტილი დაუსვა მის სპორტულ კარიერას, წლების მანძილზე აღარ აძლევდა არც მუშაობის და არც უცხოეთში გამგზავრების უფლებას. ვერა ჩასლავსკას რეპრესიებისა და გაჭირვების ატანა უხდებოდა. ჩეხებისათვის ის ეროვნული გმირია.

ვერა ჩასლავსკა 18 წლის იყო, როცა პირველი ოლიმპიური მედალი მოიპოვა - ვერცხლის - 1960 წლის რომის ოლიმპიადაზე. ოქროსმედლები უკვე მომდევნო ოლიმპიურ თამაშებში ერგო. ტოკიოში 1964 წელს და მეხიკოში 1968 წელს მან შვიდი ოქრო მოიპოვა.

„და ფეხზე დგას! დგას! დიდებულია! ოქრო ჩეხოსლოვაკიას ერგო, მეგობრებო! ფანტასტიკურია! უმაღლეს საფეხურზე, გამარჯვებულის საფეხურზე ჩეხოსლოვაკიაა, მეგობრებო, ვერა ჩასლავსკას დამსახურებით!“ - ჩეხოსლოვაკიის ტელევიზიაში ასეთი კომენტარი ახლდა 1968 წელს მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებას.

მთლიანობაში, 11 ოლიმპიური მედლის მფლობელი ვერა ჩასლავსკა ჩეხოსლოვაკიის - შემდეგ ჩეხეთის - ისტორიაშიც ყველაზე წარმატებული ოლიმპიელია.

ჩვენ ცნობილ ქართველ სპორტულ ტანმოვარჯიშეს, მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, რუსუდან სიხარულიძეს ვთხოვეთ გაეხსენებინა სპორტული ტანვარჯიშის 60-იანი წლების ვარსკვლავი:

„მართალია, ვერა ჩასლავსკა იყო ჩემზე უფროსი თაობის ტანმოვარჯიშე, მე ისტორიიდან ვიცი მისი გამოსვლები, მისი კადრებიც მაქვს ნანახი და, ნამდვილად, ეს იყო ერთ-ერთი როგორც უძლიერესი ტანმოვარჯიშე ჩეხოსლოვაკიიდან, ასევე იყო ერთ-ერთი ულამაზესი ტანმოვარჯიშე“.

„ერთ-ერთი უძლიერესი“ და „ერთ-ერთი ულამაზესი ტანმოვარჯიშე“, - ასე იხსენებს ვერა ჩასლავსკას ქართველი სპორტსმენი, რუსუდან სიხარულიძე.

კომუნისტური ქვეყნების მმართველი რეჟიმები, ზოგადად, ძალიანაც აფასებდნენ ძლიერ სპორტსმენებს. როგორც, თუნდაც, საბჭოთა ან აღმოსავლეთ გერმანიის ისტორიიდან ვიცით, დოპინგის ნამდვილი სახელმწიფო სისტემა მუშაობდა სპორტული წარმატებების მისაღწევად, რათა მთელ მსოფლიოს სცოდნოდა, რომ კომუნისტური სისტემა სპორტშიც სჯობნიდა კაპიტალისტურ დასავლეთს. მაგრამ ვერა ჩასლავსკას შემთხვევაში საკმარისი არ აღმოჩნდა სპორტული წარმატებები და სილამაზე... მას არ აპატიეს 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში დემოკრატიული რეფორმებისმხარდაჭერა, ცნობილი პოლიტიკური მანიფესტის, „ორი ათასი სიტყვის“, ხელმოწერა და პროტესტი იმავე 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური ბლოკის ჯარების შეჭრის წინააღმდეგ.

„ჩუმი პროტესტი“ - ასე უწოდებენ ჩასლავსკას ჟესტს, რომლითაც მან მეხიკოს ოლიმპიადაზე ორჯერ გააპროტესტა საბჭოთა პოლიტიკა. არქივში შემონახულია სპორტული ტანმოვარჯიშეების - მათ შორის, ჩასლავსკას -დაჯილდოების ცერემონიის ვიდეოჩანაწერი, ინგლისურენოვანი კომენტარით. გამარჯვებულის საფეხურზე დგანან ჩასლავსკა და საბჭოთა სპორტული ტანმოვარჯიშე ლარისა პეტრიკი.

„მამაკაცის ხმა: ახლა კი საბჭოთა ჰიმნი... და ისევ: ჩასლავსკა მარჯვნივ იყურება, თან თავი დახარა, როგორც დაჯილდოების წინა ცერემონიის დროს. ეს, როგორც ჩანს, შემთხვევით არ ხდება!

ქალის ხმა: თქვენ ხედავთ ქალს, რომელიც ჩემი გმირი იყო 1968 წელს. ჩვენ ახლა მეგობრები ვართ და ვიცი, მაშინ რა ტკივილსაც განიცდიდა. ვფიქრობ, ეს მთელმა მსოფლიო იცის!

მეხიკოს ოლიმპიადის დროს ჩასლავსკას „ჩუმი პროტესტი“ შინ, ჩეხოსლოვაკიაში, ბევრისათვის იყო გასაგები და ძვირფასი, თუმცა, ამავე დროს, მან კომუნისტი ლიდერები განარისხა.

ისევ ქართველ სპორტულ ტანმოვარჯიშეს, რუსუდან სიხარულიძეს, მოვუსმინოთ:

„რასაკვირველია, მე მესმის მისი! როდესაც შენს ქვეყანას ოკუპირებას უკეთებენ, შენ ვალდებული ხარ რეაგირება გააკეთო. ეს იყო დიდი სპორტსმენი. ამდენად, მასში იყო ძალიან დიდი პატრიოტული გრძნობა თავისი ქვეყნის წინაშე და ამიტომ გამოთქვა მან პროტესტი. მას რაღაც პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა მისი ქვეყნის წინაშე, ხომ? მისი წარმატებებით, მისი ჩემპიონობით, მისი მოტანილი მედლებით ქვეყნისათვის - ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისათვის! ამიტომ მე ვთვლი, რომ ის მოიქცა, რასაკვირველია, თავისი სულიდან და გულიდან გამომდინარე და შეხედულებებიდან გამომდინარე!“

პრინციპების ერთგულება, როგორც უკვე ითქვა, ძვირად დაუჯდა ოლიმპიურ ჩემპიონს: მეხიკოს ოლიმპიადის შემდეგ შინ, ჩეხოსლოვაკიაში, დაბრუნებულ ვერა ჩასლავსკას მუშაობის, სპორტულ ასპარეზობებში მონაწილეობის, საზღვარგარეთ წასვლის უფლება წაართვეს. როგორ გაჰქონდა თავი, ამას ჰყვება დოკუმენტურ ფილმში „ვერა 68“.

„ხალხი, ვისაც ვიცნობდი, სამუშაოს შოვნაში მეხმარებოდა. მაგალითად, დამლაგებლად ვმუშაობდი, რაღაც პერიოდი ბინებს ვალაგებდი. იყო მძიმე, დრამატული მომენტები ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ აქ ვარ და ასეთი რამის კეთება აღარ მიწევს“...

რა გასაკვირია, რომ 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ვერა ჩასლავსკას პატივისცემა და აღიარება აღარ მოჰკლებია. პოსტკომუნისტური ჩეხოსლოვაკიისა და შემდეგ ჩეხეთის პირველმა პრეზიდენტმა, ყოფილმა დისიდენტმა ვაცლავ ჰაველმა ის თავის მრჩევლად დანიშნა, ჩასლავსკა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს. 1989 წელს მას მიანიჭეს გაეროს პიერ დე კუბერტენის სახელობის პრემია.

ყველაზე შთამბეჭდავი კი, ალბათ, მაინც ის საჩუქარია, რომელიც ჩეხ სპორტსმენს იაპონიაში გადასცეს: სამურაის ხმალი ბრძოლისუნარიანობისა და სიმამაცისათვის.ეს ჯერ კიდევ 1964 წელს მოხდა, ტოკიოს ოლიმპიადის დროს.

მას შემდეგ ვერა ჩასლავსკამ ბევრჯერ გამოავლინა ბრძოლისუნარიანობა და სიმამაცე. ის 30 აგვიტოს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა მძიმე ავადმყოფობის შედეგად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG